კახა ცხადაძე: "ინტერმა" ორი ქულა დაკარგა

AutoSharing Option
აზერბაიჯანის 21-ე ტურში ბაქოური დერბის შემდეგ, რომელიც "ნეფთჩისა" და "ინტერს" შორის 1:1 დასრულდა, კახა ცხადაძის გუნდი მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა 37 ქულით. თუმცა "ინტერი" მეორეადგილოსან "გაბალას" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება; აი, ლიდერ "ყარაბაღთან" სხვაობა უკვე 8 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში "ინტერის" რიგებში თავისი პირველი გოლი გაიტანა ლაშა სალუქვაძემ.

თამაშის შემდეგ კახა ცხადაძემ განაცხადა: "თამაში სწრაფი და საინტერესო გამოვიდა, გულშემატკივრებმა სიამოვნება მიიღეს მისგან. ჩვენ ტაქტიკურად ძალიან კარგად ვიყავით მომზადებულნი "ნეფთჩისთან" დაპირისპირებისათვის. ბურთს ვფლობდით, მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს ვუზღუდავდით, მაგრამ "ნეფთჩი" ყოველი გაშვებული
ბურთის მერე ახერხებდა გათანაბრებას, ეს კი მის ძალაზე მიუთითებს. თამაშიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ "ინტერმა" დღეს ორი ქულა დაკარგა".

ცხადაძეს არ დაეთანხმა "ნეფთჩის" თავკაცი ბეიუქაღა გაჯიევი: "ცხადაძემ თქვა, რომ "ინტერმა" 2 ქულა დაკარგა? უფრო მოიპოვა ქულა! ნახეთ ჩვენი გაშვებული ბურთები. სტამენკოვიჩს ორივეჯერ შეეძლო გუნდის გადარჩენა. თამაშიდან "ინტერმა" ვერაფერი სახიფათო ვერ შექმნა ჩვენს კართან. ორი ჩაწოდება სტანდარტული მდგომარეობიდან, ორი დარტყმა და ორი გოლი. ეს არის "ინტერის" უკეთესი თამაში? მე უფრო ჩემს მცველებს ვადანაშაულებ".

შეგახსენებთ, რომ ამ თამაშში ცხადაძემ ალექსანდრე იაშვილი და ბაჩანა ცხადაძეც ათამაშა, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული