ძალიან მინდა მოვიგოთ! - შოთა არველაძე რობერტო კარლოსის წინააღმდეგ

AutoSharing Option
შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" თურქეთის ჩემპიონატში ბოლოს 9 ნოემბერს გაიმარჯვა ("გაზიანთეფთან" 3:0) და მას მერე კრიზისშია...

თუმცა კრიზისიც არის და კრიზისიც: ჩვენებურის გუნდს ჩავარდნა ნამეტანი გაუგრძელდა - უკვე 11 მატჩია არ მოუგია და ახალ წლამდე ჩემპიონობაზეც თუ აცხადებდა პრეტენზიას, ახლა ევროპალიგის საგზურის მოპოვებაც სათუო გაუხდა.

რა არის კრიზისის მიზეზი? ამ კითხვით მივმართეთ შოთა არველაძეს, რომელიც ორიოდ დღით თბილისში იყო ჩამოსული...

- "ქასიმფაშას" კრიზისი გაუგრძელდა. ახალ წელს გუნდმა ერთი თამაშიც ვერ მოიგო. რა არის ამის მიზეზი?
- არ მეგულება გუნდი, რომელიც
მთელ სეზონს ერთნაირად მაღალ დონეზე ჩაატარებს, სხვა საქმეა, რომ კრიზისი მართლაც გაჭიანურდა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

ერთ-ერთი მთავარი კი ფსიქოლოგიური მომენტია, "ბეშიქთაშს" შინ ალალად რომ მოვუგეთ, იჩივლეს, მსაჯმა შეცდომები დაუშვაო. არადა, თუ ნახეთ ის თამაში, მსაჯს უსაშველო არაფერი დაუშავებია. ერთი ეპიზოდი გახდა საკამათო, როცა მეტოქის შეტევისას ჩვენმა მცველმა მოედანზე მეორე ბურთი დააგდო, თუმცა ისიც საკითხავია - ის მეორე ბურთი მოედანზე ვინ შეაგდო?! ისევ და ისევ ბეშიქთაშელებმა! ამას გარდა, ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელს დისკავილიფიკაცია მისცეს, ვადა გაუვიდათ და თამაშებიც გამოტოვეს, მაგრამ ახლა გვეუბნებიან - თითომატჩიანი სასჯელი კიდევ დარჩათო.

კრიზისის ასახსნელად კიდევ შეიძლება რამდენიმე მიზეზის ჩამოთვლა, მაგრამ ეს უკვე კლუბის საშინაო საქმეა.

- ამასობაში, წამყვანი პოზიციებიდან დაქვეითდით...
- კი, მაგრამ არც ქულებშია სხვაობა მაინცდამაინც დიდი. მეოთხეადგილოსან "სივასფორს", რომელსაც კვირას ვმასპინძლობთ, 6 ქულით ჩამოვრჩებით და თუ მოვუგებთ, ისევ დავბრუნდებით ლიდერთა შორის.

- მაინც როდისთვის ვარაუდობთ, რომ გუნდი კრიზისს თავს დააღწევს?
- აქამდეც უნდა დაგვეღწია თავი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ. აი, ჩვენ რომ ქომაგების დიდი არმია გვყავდეს, როგორიც, მაგალითად, სტამბოლის სხვა კლუბებს ჰყავთ, სხვა საქმე იქნებოდა.

ქომაგის ერთი შეძახილიც კი გუნდს სხვანაირად განაწყობდა, ერთი ომახიანი სიტყვაც კი სხვანაირად დამუხტავდა ფეხბურთელებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ამ დონეზე არ ვართ. დიდ კლუბად ჩამოყალიბებას მხოლოდ ახლა ვიწყებთ.

- "სივასფორს" რობერტო კარლოსი წვრთნის. რას უნდა ველოდოთ ამ გუნდთან საკვირაო მატჩისგან?
- ცხადია, ძალიან მინდა, რომ მოვიგოთ. თანაც კონკურენტს ვმასპინძლობთ, რომელიც პირველ წრეში სტუმრად დავამარცხეთ. ვნახოთ, თუ მოვიგეთ, სამომავლოდ ეს 3 ქულა ძალიან წაგვადგება.

- წაგადგებათ იმიტომაც, რომ კონკურენტებზე უკეთესი კალენდარი გაქვთ?
- არც მთლად ეგრეა, "გალათასარაისთან" დაგვრჩა სათამაშო და კიდევ რამდენიმე კონკურენტთან. ჯერ მხოლოდ "ფენერბაჰჩე" და "ბეშიქთაში" მოვითავეთ.

- მაინც რა არის საჭირო იმისთვის, რომ "ქასიმფაშამ" კრიზისი დასძლიოს?
- საკუთარი თავის რწმენა და ერთი მოგება, რომელიც, ვიმედოვნებ, "სივასფორთან" იქნება და კრიზისიც ამით დასრულდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული