ლევან ყენია: რუსეთი ევროპა არაა და ამით ყველაფერი ნათქვამია

AutoSharing Option
ლევან ყენიამ უკვე პრაღის "სლავიას" ფეხბურთელის რანგში მისცა ინტერვიუ "ევროსპორტის" რუსულ გამოცემას.

შალკე
- 17 წლის ასაკში "შალკეში" მოხვდით. როგორ შეიძლება ეს მოხდეს?
- კარგად ვითამაშე 19-წლამდელთა მატჩში გერმანიის წინააღმდეგ, რომელსაც მესუთ იოზილი ჰყავდა. დამირეკა ლევან კობიაშვილმა და მითხრა, რომ ჩემით "შალკე" დაინტერესდა. იმ თამაშზე კლუბის მენეჯერი ანდრეას მიულერი იმყოფებოდა. ჯერ შემომთავაზეს, ახალგაზრდულ გუნდში ორი კვირით მევარჯიშა. მწვრთნელს ძალიან მოვეწონე. შემდეგ ეროვნულ ნაკრებშიც ვითამაშე და თბილისის "ლოკომოტივმა" გამყიდა.

- რა გაიფიქრეთ, როცა გითხრეს "შალკეს" შესახებ?
- არ მჯეროდა. თუმცა კობიაშვილმა დამარწმუნა,
რომელიც ბიძაჩემის მეგობარია, ერთად თამაშობდნენ. ძალიან სასიამოვნო იყო ამის მოსმენა კობიაშვილისგან.

- მაშინ აგენტი გყავდათ?
- არა, მიულერმა კლუბში დარეკა და თანხაზეც შეუთანხმდა.

- "შალკე" ერთადერთი იყო, რომელიც თქვენით დაინტერესდა?
- "ლევანტე" მეპატიჟებოდა, მაგრამ ესპანეთში სამუშაო ვიზის აღება ძალიან ძნელია. 18 წლის ჯერ არ ვიყავი, "შალკემ" კი ვიზაც ამიღო, რომლის წყალობით ვარჯიში და ცხოვრება გერმანიაში შემეძლო და 19-წლამდელთა გუნდში თამაშიც.

- ალბათ, გერმანულმა მოედნებმა, სტადიონებმა, ტექნოლოგიებმა თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა...

- რა თქმა უნდა, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ბუნდესლიგა საუკეთესოა და მას კონკურენციას ვერ უწევენ. გერმანიაში საუკეთესო ფეხბურთელები მაღალ ტემპში თამაშობენ და ფიზიკურადაც ძლიერები არიან. ისეთი ვარჯიშებია, რომ სულ მუდამ პრობლემები მქონდა კუნთებთან დაკავშირებით, ვიღებდი ტრავმებს. სად აღარ მითამაშია, მაგრამ გერმანიაში სულ სხვა დატვირთვებია.

- იმდროინდელი "შალკედან" ყველაზე მეტად ვინ გაგაოცათ?
- ჯეფერსონ ფარფანმა. ჩემთვის ის საუკეთესო იყო. შემდეგ მოვიდა რაული. მე მასთან ერთად სულ რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე, რადგან ფეხი უკვე ძალიან მტკიოდა. ძალიან ტექნიკურია და ბურთთან პირველი შეხება აქვს ფანტასტიკური.

- როგორ შეხვდა ესპანელ ვარსკვლავს გუნდი?
- ის ძალიან სადა ადამიანია. რაულთან ლაპარაკში ვერც კი მიხვდები, რომ შენ წინ მსოფლიო კლასის ვარსკვლავი დგას. წყნარი და მშვიდია. სხვათა შორის, "შალკეში" ჩემი კონკურენტი ივან რაკიტიჩი იყო. ყოველი თამაშის წინ ფელიქს მაგათი მე და რაკიტიჩს ერთ ნომერში გვასახლებდა. მაგათი განსაკუთრებული მწვრთნელია, შემდეგ ასეთი არავინ შემხვედრია.

- რაკიტიჩთან ურთიერთობა გაქვთ?
- მაშინ გვქონდა და ვმეგობრობდით კიდევაც, ახლა - არა.

- რას გრძნობთ, როცა მას "ბარსელონას" მაისურით ხედავთ?
- მიხარია, რომ წარმატებულია, მაგრამ მერე ვგრძნობ, რომ მეც შემეძლო ეს. ვინ იცის, იქნებ კიდევ შემიძლია კიდეც. შურით ივანის ნამდვილად არ მშურს.

- ნოიერის ბოლო ფინტი ნახეთ?
- დიახ, ფეხით ძალიან კარგად თამაშობს. როცა "შალკეში" ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელები "კვადრატს" ვთამაშობდით, ნოიერი მუდამ ჩვენთან იყო.

- მაგათი მკაცრი მწვრთნელი იყო. როგორ პოულობდით მასთან საერთოს?
- ტრავმამდე ყველაფერი კარგად იყო. მას მოსწონს ახალგაზრდა, შეუპოვარი ფეხბურთელები. მეც მომცა შანსი. 18 წლისას არაფრის მეშინოდა, ვარჯიშებზე ყველა დავალებას ვასრულებდი. ჩვენი ურთიერთობა ტრავმის მიღების შემდეგ გაფუჭდა. მაგათს სურდა, ოპერაციის მერე მალე გამოვჯანმრთელებულიყავი, მაგრამ ასე არ მოხდა. ფეხი ძალიან ცუდ დღეში მქონდა, მაგათი კი მაძალებდა ვარჯიშს. მეორე ოპერაცია ნაწილობრივ ამის გამო დამჭირდა.

- როგორი იყო თქვენი ცხოვრება გერმანიაში წასვლამდე?
- ეს იყო საუკეთესო დრო. 15 წლის ასაკში უმაღლეს ლიგაში ვითამაშე "ლოკომოტივის" რიგებში. ძალიან კარგად მახსოვს ეს დრო: ვთამაშობდი ასაკობრივ გუნდებში, არანაირი ტრავმა, ვიყავი ოჯახში...

- თქვენი ტრანსფერი ნახევარი მილიონი ევრო იყო. რამდენად გაგეზარდათ ხელფასი "შალკეში" გადასვლით?
- კონტრაქტის მიხედვით, ჩემი ხელფასი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენ თამაშს ვითამაშებდი. კონკრეტული რიცხვის დასახელება არ მსურს, მაგრამ "ლოკომოტივთან" შედარებით 10-ჯერ მეტი ხელფასი მქონდა. რომ არა ტრავმები - 20-ჯერ მეტი იქნებოდა.

- რა იყიდეთ პირველი ხელფასით?
- ლეპტოპი, მობილური ტელეფონი. მანქანას მაინც ვერ ვიყიდიდი, მართვის მოწმობა არ მქონდა, მამა მატარებდა. საქართველოში ავიღე მოწმობა, სამშობლოში სულ BMW მყავდა.

ტრავმა
- სამი წელიწადი ვერ თამაშობდით. რეაბილიტაციის გარდა, რას აკეთებდით?
- ეს იყო ძალიან რთული დრო, საგიჟეთი - იმ დღეების გახსენებაც კი არ მინდა. "შალკე" თასს იგებდა, გადიოდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მე კი ამას ან ტელევიზორში ვუყურებდი, ან ტრიბუნებიდან. როგორც ფეხბურთელი, მაშინ კინაღამ მოვკვდი. ბევრი ვიცი, ვინც ასეთი ტრავმის მერე ფეხბურთი ვეღარ ითამაშა.

- თქვენც ფიქრობდით ამაზე?
- რა თქმა უნდა. მშობლები, ახლო მეგობარი და მეუღლე მეხმარებოდნენ.

ნაკრები
- გახსოვთ პირველად ნაკრებში გამოძახება?
- რა თქმა უნდა. 16 წლის ვიყავი და 21-წლამდელთა გუნდში ვთამაშობდი. თამაშის მერე ეგრევე წამიყვანეს ეროვნული გუნდის შეკრებაზე. მეორე დღეს კი უკვე ვთამაშობდი, მაგარი იყო.

- ღამე გეძინათ?
- არა, თამაშის მერე ისედაც არ ვიძინებ დილის 4-5 საათამდე. ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ და ვერ ვიძინებ.

- ამბობენ, მაშინ აგენტები წყვეტდნენ ამას, რომ მერე ფეხბურთელები სარფიანად გაეყიდათ. თითქოს, თემურ ქეცბაიამ ასეთი რამ თქვენზეც თქვა. რას უპასუხებთ?
- თემურ ქეცბაია ძალიან ბევრს ლაპარაკობს. პირველი თამაში ფრედ ვითამაშეთ, მერე მოვუგეთ შოტლანდიას. ნაკრებში ნაცნობი არ მყავდა, ჩემით მივაღწიე ამას.

- რატომ აღარ გიძახებენ ნაკრებში?
- როცა ტრავმირებული ვიყავი, ქეცბაიამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს და ელოდება, როდის გამოვჯანმრთელდები. ასეც მოხდა. "შალკესთან" კონტრაქტი მისრულდებოდა, სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა. ქეცბაიამ მითხრა, რომ დამეხმარებოდა. თურქეთთან 15-20-წუთიან შანსს ველოდი, რომ ყველას დაენახა, ჯანმრთელად ვარ, მაგრამ არ მათამაშა.

მისი ნათქვამი არ მომეწონა და საერთოდ, უარი ვთქვი ნაკრებზე. ახლა ვხვდები, რომ არასწორად მოვიქეცი. ჩემი შეცდომა ვაღიარე, მაგრამ არც ქეცბაია იყო მართალი. არც კი მინდა იმის თქმა, თუ რას მეუბნებოდა.

- დიდი იმედი მქონდა, რომ პოლონეთის ნაკრებთან მატჩისთვის დაუძახებდნენ - საუბარში ჩაერთო ყენიას აგენტი სერგო ქუთათელაძე - მაგრამ ასე არ მოხდა, გაკვირვებული ვარ.

მესმის, რომ ქეცბაიას შეიძლება ჰქონდეს კონფლიქტი 2-3 ფეხბურთელთან, მაგრამ 18-თან? აი, ვინ ჩამოწერა მან: რევიშვილი, სალუქვაძე, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კობიაშვილი, გოგუა, მარცვალაძე, იაშვილი, სირაძე, ყენია, მაკარიძე. მას კომუნიკაციის პრობლემა აქვს.

უნდა წავიდეს, მისთვისაც უკეთესია და ნაკრებისთვისაც. ის ახლაც ამაყობს ხორვატიასთან მოგებით, ერთადერთი გამარჯვებით ძლიერ გუნდთან, მაგრამ იმ გუნდიდან 9 ფეხბურთელი გააგდო.
ზენიტი
Sportall.Ge
ინტერვიუ ისევ ყენიასთან გაგრძელდა:

- როგორ მოხვდით სამი წლის უთამაშებელი ყველაზე ძლიერ რუსულ კლუბში?

- "ზენიტიდან" ერთმა ადამიანმა დამირეკა და მითხრა, რომ ვაინტერესებდი გუნდს. "ზენიტი" ადრეც ინტერესდებოდა, როცა "შალკეში" ვიყავი. მათ ახალგაზრდული ნაკრების მატჩში მნახეს ესტონეთთან, სადაც გოლი გავიტანე. მოვაწერე წინასწარ კონტრაქტს ხელი, გავეშურე "ზენიტის" შეკრებაზე, გავიცანი მწვრთნელი... მერე არ ვიცი, რა მოხდა. გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, ფორმის აკრეფა მჭირდებოდა. შემდეგ მოხდა ინციდენტები და განვაცხადე, რომ არ მინდოდა მათთან და დავემშვიდობე.

- ამბობდით, რომ "ზენიტის" ფეხბურთელები შეურაცხყოფას გაყენებდნენ...
- ასე არ მითქვამს. გავიგე, რომ ფეხბურთელებმა - არ ვიცი, ვინ - პრეზიდენტს მისწერეს წერილი, რომ ყენია "ზენიტს" ვერ მოერგება. ეს გავიგე, თავად წერილი არ მინახავს. პირადი წყენები არ ყოფილა, თორემ პასუხის გაცემაც არ გამიჭირდებოდა. მწვრთნელიც ვერ მოიქცა კარგად.

ისევ ქუთათელაძე:

- ეს გუნდის ლიდერები იყვნენ, კერჟაკოვი და დენისოვი მათ შორის. თუ ტყუილია, თქვან და საჯაროდ მოვუბოდიშებ მათ.

- კონკრეტულად, რა არ მოგწონდათ?
- პატარ-პატარა ნიუანსები, არც კი მახსოვს კარგად. ეს ყველაფერი დაგროვდა. ახლა ეს თემა აღარც კი მაინტერესებს. ჩხუბი არავისთან მქონია, არც მწვრთნელთან და არც ფეხბურთელებთან. არც ისე იყო, თითქოს, ვარჯიშებზე პასს არ მაძლევდნენ. ეს საერთოდ, რას ნიშნავს?

- რა ბედი ეწია კონტრაქტს?
- მივიღე, რაც მსურდა და დავშორდით. "ზენიტთან" პრობლემა არ მქონია, უბრალოდ, ვერ შევეწყვე გუნდს და ვერც გუნდი შემეწყო.

ზენიტის მერე
- ამის მერე "კარპატიში" მოხვდით, რომელიც მე-14 ადგილზე გავიდა...
- "ზენიტის" და "შალკეს" მერე ძნელი იყო "კარპატიში" თამაში, მაგრამ ასეთი ტრავმის მერე ისეთი გუნდი მჭირდებოდა, რომელიც შანსს მომცემდა. შევხვდი კარგ მწვრთნელს, ნიკოლაი კოსტოვს. უბრალოდ, მერე გაჩნდა ფინანსური პრობლემები.

- რატომ იცვლით გუნდებს ხშირად?
- ტრავმის მერე კარიერა ამერია. უკრაინის მერე "ფორტუნამ" შემიძინა და თავიდან ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ ისევ ტრავმა - სიარულიც კი არ შემეძლო. ერთი თვე გამოვტოვე და გუნდში ყველაფერი შეიცვალა. მეორე წრეში შანსი აღარ მოუციათ. უგუნდოდ დავრჩი, ბულგარეთიდან და ყაზახეთიდან მიწვევდნენ, მაგრამ უარი ვთქვი, გერმანიაში მსურდა დარჩენა. მაგრამ კლუბებს აშინებდათ ჩემი ტრავმები.

- ახლა რა გსურთ?
- "სლავიაში" ავთამაშდე და მოვიპოვო ევროპალიგის საგზური. იქნებ ჩეხეთიდან ჰოლანდიაში ან ესპანეთშიც კი მოვხვდე. რაღაც ახალი მსურს.

- ზაფხულში "ტორპედოში" იყავით. რატომ არ გამოვიდა ტრანსფერი?
- რუსეთში მუდამ პრობლემებია. "ტორპედოში" უამრავი პრობლემა ჰქონდათ, ერთს ამბობდნენ და მეორე ხდებოდა. მე კი, ფაქტობრივად, გერმანიაში გავიზარდე და ასე არ მომწონს. მესამე დღეს დავემშვიდობე გუნდს. რუსეთში რამდენჯერაც ვიყავი, მუდამ ცუდი მოგონება დამრჩა.

- თუ თქვენით რუსული კლუბი დაინტერესდება...
- არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ მე რუსეთში გადავიდე. რუსეთი ევროპა არაა და ამით ყველაფერი ნათქვამია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
დევდარიანი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა
ბერდია ჯანელიძე
14:41 14-11-2014
0
ამბობ რუსეთის ფეხბურთი არ გაიშვაო და პირველ დაძახებაზე წასულხარ.ძნელია ქართველისთვის დისციპლინაზე მორგება და ეს ხომ არაა მიზეზი შენი ამბიციების?კიდევ გაქვს რაღაც შანსი,რომ ითამაშო ნორმალური ფეხბურთი,მაგრამ თუ ასე ილაპარაკე და იზარმაცე ვერავინ გიშველის.მე შენსკენ ვარ,ბავშვობიდან გიყურებდი.
hooooodaa
14:09 14-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული