კვიპროსის ჩემპიონატში ორი ქართველის "ანორთოსისი" არათანაბრად თამაშობს - 12 ტურის შემდეგ გუნდი 16 ქულით მე-7 ადგილზეა. ფამაგუსტას კლუბში ჩვენებურთა დუეტი ირჯება - ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია.
მაისურაძეს შევეხმიანეთ და გუნდში არსებულ სიტუაციასთან ერთად საკუთარ მომავალზე ვთხოვეთ კომენტარი.
"ამ დროისთვის, "ანორთოსისის" სატურნირო მდგომარეობა არ არის სახარბიელო, თუმცა მომავალს ყველა მაინც იმედიანად უყურებს.
ჩვენი გუნდი, ფაქტობრივად, სეზონის დაწყების წინ ჩამოყალიბდა. ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და შეთამაშებისთვის დრო გვჭირდება.
დროის გასვლასთან ერთად ეს სირთულეები უნდა დავძლიოთ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ...
მეც და გიორგი აბურჯანიაც აქაურების მხრიდან დიდ ნდობასა და სითბოს ვგრძნობთ.
როგორც იცით, კვიპროსზე კიდევ არიან ქართველი ფეხბურთელები და ისინი თავიანთ გუნდებში გამორჩეულები არიან", - გვეუბნება 26 წლის ნახევარმცველი, ვინც კვიპროსში გადასვლამდე მალტური "ვალეტას" ღირსებას იცავდა, მანამდე კი საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
"სეზონს აქ ჩავამთავრებთ მეც და გიორგი აბურჯანიაც. ყოველ შემთხვევაში, საქმეს ასეთი პირი უჩანს. ჯერჯერობით, რაიმე კონკრტეტული ვარიანტი არ არის", - გვითხრა მაისურაძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"