ნიკოლოზ გელაშვილი: მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და გატანით კიდევ გავიტან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიკოლოზ გელაშვილმა სეზონის დასაწყისში დატოვა "ზესტაფონი" და ალბანურ "ფლამურტარის" მიაშურა.

მას შემდეგ მან საქართველოს ნაკრებში თამაშიც მოასწრო, "ფლამურტარიში" გოლების გატანაც და ტრავმის მიღებაც.

რა ხდება 29 წლის ფეხბურთელის კარიერაში, როდის დაუბრუნდება მინდორს, რას წარმოადგენს ალბანეთის ჩემპიონატი? ამ და სხვა კითხვებზე "ლელოს" გელაშვილი პასუხობს, ვინც ალბანეთიდან საქართველოში დაბრუნდა და თბილისში აგრძელებს მკურნალობას...

- გეხსომებათ, საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე მივიღე ტრავმა. ჯვარედინი იოგებისა და მენისკის ოპერაცია ერთად გავიკეთე. რთულია, მაგრამ რას ვიზამთ - ფეხბურთელის ცხოვრება ასეთია.

- მაინც, რას ამბობენ
ექიმები, როდის შეიძლება დაუბრუნდეთ მინდორს?

- სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე შევძლებ მინდორზე დაბრუნებას. გამორიცხული არ არის, რამდენიმე მატჩიც ჩავატარო.

- დიდხანს აპირებთ "ფლამურტარიში" დარჩენას?
- მაისის ბოლომდე მაქვს კლუბთან კონტრაქტი. მერე არ ვიცი, რა და როგორ იქნება. ჯერ მხოლოდ დაბრუნებაზე ვფიქრობ.

- მაინც, რა დონის ჩემპიონატი აქვს ალბანეთს?
- ძალიან უხეში, ძალისმიერი, ბევრს დარბიან... რომელი გუნდიც ანგარიშს ხსნის, ძირითადად, ის იგებს ხოლმე.

- თქვენ ტექნიკური ფეხბურთი გიყვართ. უხეშობა დიდ უხერხულობას გიქმნით, ალბათ...
- საერთოდ, რთულია, როცა ახალ ჩემპიონატში გადადიხარ. ადაპტაცია ყველგან საჭიროა.

- თქვენს ანგარიშზე მხოლოდ ორი გოლია. რატომ ვერ გაიტანეთ მეტი?
- ისე აღმოვჩნდი "ფლამურტარიში", თავადაც ვერ წარმოვიდგენდი. სულ სხვა რამეს ველოდი და სხვა რამე მივიღე. ადაპტაციის პროცესიც იყო, ტრავმაც დაემატა... მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და გატანით კიდევ გავიტან.

- ვლორე როგორი ქალაქია?
- ზღვის პირზეა გაშენებული, საკურორტო ქალაქია. სხვა რა ვთქვა... ნამდვილად არ არის ურიგო ქალაქი.

- საქართველოს ჩემპიონატისა და ალბანური პირველობის დონეს როგორ შეადარებთ ერთმანეთთან?
- ბოლო წლებში აღარ მითამაშია საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. ისე, რაც მესმის, ყველა უკუსვლაზე ლაპარაკობს.

- ხალხი თუ დადის ალბანურ სტადიონებზე?
- "ფლამურტარის" საშინაო მატჩებზე სტადიონი სულ სავსეა, 5-6 ათასი კაცი მუდამ მოდის. არის თამაშები, რომლებზეც 30 ათასი მაყურებელი დადის. მაგალითად, სწორედ ამდენი თუ ცოტა მეტი ქომაგი დაესწრო ამასწინანდელ "პარტიზანი"-"ტირანას" დაპირისპირებას.

- ფინანსურად რა მდგომარეობაა "ფლამურტარიში"?
- ნორმალური. ახალი სპონსორი გამოჩნდა - თურქი. კლუბს სტადიონსა და ბაზას უშენებს.

- საცხოვრებელი პირობები როგორია?
- კარგი. პირადად მე სტადიონთან ახლოს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვცხოვრობ.

- ლეგიონერები საიდან ჩამოჰყავთ ალბანურ კლუბებს?
- ჩვენთან ბრაზილიელები არიან. ისე, ალბანეთის ჩემპიონატში თამაშობენ ბალკანელები, არგენტინელები, აფრიკელები...

- საქართველოს ნაკრები უმწვრთნელოდაა. თქვენ ეროვნული გუნდის ფორვარდი ხართ...
- სიამოვნებით ვმუშაობდი და ვიმუშავებ საქართველოს ნაკრების ყველა მწვრთნელთან - ეს არის ჩემი პასუხი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქეცბაიას მარტო ამის გამო უნდა მოსთხოვო პასუხი თავდამსხმელი რომ 25 თამასიდან 1 გოლს გაიტანს რატომ იძახებს ნაკრებში?ისიც გიბრალტრს გაუტანა
დავით
19:59 20-12-2014
0
გვაბოლებს თავის ჭკუით?! პარტიზანის სტადიონზე სულ 20 000-იც არ ეტევა, და 30 ათასზე მეტი როგორ დაესწრო? 11 ათასი დაესწრო მაგ მატჩს. რაც შეეხება ფლამურტარის მატჩებს, 1 500 ესწრება, მაქს 2 000
SHUKOVANI
01:52 21-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული