თორნიკეს ჰყავს მეუღლე - ლიკა მუზაშვილი და 2 წლის ალექსანდრე.
თორნიკეს მეუღლეს - ლიკას იტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით. მან გაგვიმხილა, რომ მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ძალიან რთული პერიოდი გადაიტანეს, 2 თვე დაშორებულან კიდეც, მაგრამ მერე ურთიერთობა დაულაგებიათ და ახლა ერთად თავს კარგად გრძნობენ.
- 15 წლის ვიყავი, თოკო რომ გავიცანი. იმ პერიოდში ანსამბლ "მერანში" ვცეკვავდი. ჩემს კონცერტზე იყო მოსული, მეგობარს
- დიდი ხანი იყავით შეყვარებულები?
- საკმაოდ დიდხანს, 6 წელი ვიყავით შეყვარებულები. ერთმანეთი რომ გავიცანით, ძალიან პატარები ვიყავით, 15 წლის ასაკში ხომ არ დავქორწინდებოდით?
- თორნიკე შენზე უფროსია?
- არა, ასაკით თითქმის ტოლები ვარ, ერთი თვით მასზე უფროსი გახლავართ (იცინის).
- პირველი თორნიკე გამოგიტყდა სიყვარულში?
- სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ მახსოვს, ეს როგორ მოხდა. რომ არ მოგატყუოთ, თორნიკე მეც ძალიან მომწონდა და ამიტომ ჩემი გულის მოსაგებად დიდი აქტიურობა არ დასჭირვებია. იმდენად გახსნილი ურთიერთობა გვქონდა, რომ ერთმანეთისთვის რაღაცების დეტალურად ახსნა არ გვჭირდებოდა...
შეყვარებულები ვიყავით, როცა თოკო სათამაშოდ უკრაინის გუნდში მიიწვიეს და აქედან გამომდინარე, საქართველოში ჩამოსვლას იშვიათად ახერხებდა. მოგეხსენებათ, შეყვარებული წყვილისთვის ასეთი ურთიერთობა ძალიან მტანჯველია. ამიტომ დაოჯახება გადავწყვიტეთ.
- გაიპარეთ?
- არ გავპარულვართ, ოფიციალურად დავინიშნეთ.
- მშობლებს მოსწონდათ სასიძო?
- 17 წლის ვიყავი, როცა დედამ გაიგო, ვისაც ვხვდებოდი. ძალიან მინდოდა, ერთმანეთი გაეცნოთ. დედის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მათი შეხვედრა ვერ მოხერხდა. დარწმუნებული ვარ, თოკო რომ გაეცნო, მოეწონებოდა. ის ყველასთვის მოულოდნელად გარდაიცვალა. გვითხრეს, რომ მენინგიტი ჰქონდა...
რაც შეეხება მამას: სასიძო მოეწონა და კარგად მიიღო. ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ.
- რამდენი წელია, რაც შენ და თოკო ცოლ-ქმარი ხართ?
- უკვე 3 წელია, ერთად ვცხოვრობთ და თავს ბედნიერად ვგრძნობთ. გყავს ერთი შვილი, 2 წლის ალექსანდრე.
- როცა თორნიკე გაიცანი, ის უკვე წარმატებული ფეხბურთელი იყო?
- არა, მაგრამ თავდაუზოგავად შრომობდა წარმატების მისაღწევად. მაშინ საფეხბურთო გუნდ "გაგრაში" თამაშობდა. სიმართლე გითხრათ, ვიდრე თორნიკეს გავიცნობდი, ფეხბურთის აზრზე არ ვიყავი, სპორტის ამ სახეობაში საერთოდ ვერ ვერკვეოდი. ახლაც არ ვარ დიდი ექსპერტი, მაგრამ უკვე შენიშვნებს ვაძლევ და ვარიგებ ხოლმე.
- ითვალისწინებს შენს რჩევებს?
- რა თქმა უნდა, ითვალისწინებს (იცინის).
- რთულია წარმატებული ფეხბურთელის ცოლობა?
- კი, საკმაოდ რთულია, მაგრამ თავდაპირველად ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულად მეჩვენებოდა, ვიდრე სინამდვილეში არის. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ის პერიოდი როგორღაც გადავლახე. ახლა თოკოს დღის რეჟიმის მიხედვით ვცხოვრობ, რაც ჩემთვის სასიამოვნო და ამავე დროს, საინტერესოა.
- ახლა რომელ ქალაქში ცხოვრობთ?
- გენკში ვცხოვრობთ.
- თავის დროზე ქორწილი თუ გქონდათ?
- ქორწილი და თეთრი კაბის ჩაცმა ჩემი ოცნებაა. მინდა, როგორმე მოვახერხოთ და ოდესმე, საქორწინო ცერემონია მოვაწყოთ.
- გენკში მარტო ცხოვრობთ?
- მარტო ვცხოვრობთ, მაგრამ ხშირად გვყავს სტუმრად თოკოს დედა და ძმა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ჩამოსვლას ვერ ვახერხებთ, თავად გვსტუმრობენ ხოლმე.
- თოკოს ძმაც ფეხბურთელია?
- არა, ის 5 წელი დადიოდა ფეხბურთზე, მაგრამ თავი დაანება.
- მეორე შვილის გაჩენას არ გეგმავთ?
- დიახ, ვგეგმავთ, მაგრამ ჯერ უნდა "დავლაგდე". დიდი ხანი არ არის, რაც გენკში გადმოვბარგდით.
- მეუღლის თამაშებზე თუ დადიხარ?
- დიახ, დავდივარ და ვგულშემატკივრობ კიდეც.
- პატარა ალექსანდრეს თავად ზრდი თუ გყავს დამხმარე ქალი?
- არა, ძიძა არ მყავს. ალექსანდრეს მარტო ვზრდი. ძალიან ცელქი ბავშვია, ერთი წუთით ვერ მოადუნებ ყურადღებას.
- საოჯახო საქმეებში მეუღლე არ გეხმარება?
- არა, თორნიკე ამას ვერ ახერხებს, ისედაც ძალიან დატვირთულია, ყოველდღე ვარჯიში აქვს, შემდეგ თამაშები და შინ დაბრუნებულს განტვირთვა, დასვენება სჭირდება.
- თავისუფალ დროს როგორ ერთობით?
- გენკი ძალიან ლამაზი ქალაქია. როცა თოკოს თავისუფალი დრო აქვს და ძალიან დაღლილი არ არის, სასეირნოდ მივდივართ. ეს ქალაქი, ჯერჯერობით, ჩვენთვის უცხო ადგილია და გვინდა, კარგად გავიცნოთ. სხვა ქალაქებშიც მივდივართ ხოლმე.
- როგორც ვიცი, ერთი პერიოდი დაშორებულები იყავით...
- ეს სიმართლეა. რთული პერიოდი გვქონდა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მტერი გვყავს თოკოსაც და მეც. ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი... საბედნიეროდ, ყველაფერი მალევე დალაგდა. ბოროტსა სძლია კეთილმა და სიმართლემ გაიმარჯვა.
- თოკოს, როგორც წარმატებულ ფეხბურთელს, ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს...
- კი, მაგრამ ჩვენი დაშორების მიზეზი ეჭვიანობა ნამდვილად არ იყო. უფრო მეტსაც გეტყვით, საერთოდ არ ვარ ეჭვიანი, ამის გამო პანიკაში არ ჩავვარდები.
- რამდენი ხანი იყავით ცალ-ცალკე?
- 2 თვე გავძელით ერთმანეთის გარეშე.
- შერიგების ინიციატორი ვინ იყო?
- ჩვენ შორის რაც მოხდა, ის არც ჩემი ბრალი იყო და არც - თოკოსი. არავის უცდია, შევერიგებინეთ. ზოგადად, წყვილის ურთიერთობაში მესამე პირის ჩარევის წინააღმდეგი ვარ.
ისევ თოკო შეეცადა ურთიერთობის აღდგენას და მეც დავთანხმდი. ჩვენი დაშორება იმ ადამიანების ბრალი გახლდათ, ვისაც ჩვენთვის ცუდი უნდოდა.
- გარდა იმისა, რომ მოცეკვავე ხარ, კიდევ რა პროფესია გაქვს?
- საერთაშორისო ურთიერთობასა და დიპლომატიაზე ვსწავლობდი, მაგრამ ამ ეტაპზე პაუზა მაქვს. მომავალში სწავლას აუცილებლად გავაგრძელებ და მერე იმედია, კარგ სამსახურსაც ვიშოვი.
სოფო ჭონიშვილი
ყოველკვირეული ჟურნალი "გზა"