ჯაბა დვალი: სადაც უნდა ვიყო, "ზესტაფონის" გულშემატკივრებისთვისაც ვითამაშებ

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინათ, საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა დვალი მოლდოვურ "დაჩიას" დაუბრუნდა. რომ არა"ზესტაფონში" ბოლო დროს დატრიალებული ცნობილი მოვლენები, დვალი ახლა ისევ იმერელთათვის იჩაუქებდა, თუმცა დღეს ის უკვე მოლდოვაშია და აწი "დაჩიასთვის" გაირჯება.

29 წლის ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, საქართველოში დაბრუნდა და მოლდოვაში სეზონის განახლებას ელოდება. ჩვენც შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვით და ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ დვალს ინტერვიუ ვთხოვეთ...

- პირველ რიგში, ის გვითხარით, საქართველოში როდემდე დაბრუნდით?
- კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე, შევხვდი ხელმძღვანელობას და მომავლის გეგმებზე ველაპარაკე. საქართველოში საახალწლოდ
დავბრუნდი. "დაჩიას" არდადეგების შემდეგ შევუერთდები, გუნდთან ერთად გავივლი მოსამზადებელ პერიოდს და მერე მოლდოვის ჩემპიონატიც განახლდება.

- საინტერესოა, რა მიზნები აქვს "დაჩიას"?
- მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - მოლდოვის ჩემპიონობა. სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ეს შესაძლებელია. მეტიც - საჩემპიონო ბრძოლაში ფავორიტები სწორედ ჩვენ ვართ. უახლოეს მდევარ "მილსამის" 5 ქულით ვუსწრებთ.

- კლუბის ხელმძღვანელობა როგორ დაგხვდათ?
- ძალიან კარგად. ჩემთვის ეს არ არის უცხო გუნდი. თავის დროზე ვიყავი აქ და რა ვიცი, მგონი, არ დამიტოვებია ცუდი სახელი. ხელმძღვანელობაშიც იგივე ხალხია. კლუბის პრეზიდენტი ადლან შიშხანოვია...

- თუ არ ვცდებით, სწორედ შიშხანოვი იყო "დაჩიას" პრეზიდენტი მაშინ, როცა გუნდი ჩემპიონთა ლიგაში "ზესტაფონთან" დამარცხდა...
- დიახ, სწორედ ის იყო.

- კონკრეტულად რომელ პოზიციაზე ხედავენ თქვენს ადგილს "დაჩიაში"?
- ჯერ ზუსტად არ ვიცი. განახლდება სეზონი და გამოჩნდება...

- ცნობილია, რომ ყველაზე კომფორტულად თავს უკანდახეული ფორვარდის ამპლუაში გრძნობთ...
- ასეა, თუმცა სადაც დამაყენებენ, იქ ვითამაშებ. ანუ გუნდს სადაც გამოვადგები, იმ პოზიციაზე ვიქნები.

- როგორ შეატყვეთ, დღეს რა დონის გუნდია "დაჩია"?
- ჩემი წამოსვლის შემდეგ შემადგენლობა თითქმის მთლიანადაა შეცვლილი და, ცხადია, ამაში გასაკვირი არაფერია - მას მერე ბევრი დრო გავიდა. ამ დროისთვის გუნდში არიან კამერუნელი, ტოგოელი, ლატვიელი, ჩერნოგორიელი, მაკედონიელი, უკრაინელი და გვინეელი ლეგიონერები. მაკედონიელი და ჩერნოგორიელი თავიანთი ქვეყნის ნაკრების წევრობის კანდიდატები არიან.

- მოლდოვის ჩემპიონატზე რას იტყვით?
- ფაქტია, რომ ტირასპოლის "შერიფი" ბოლო დროს ევროპალიგის ჯგუფში თამაშობდა. "შერიფს" ახლაც არაერთი ლეგიონერი ჰყავს, მაგრამ "დაჩიას" კი ჩამორჩება. მოკლედ, კონკურენცია არის. დანარჩენს, მოლდოვის ჩემპიონატი რომ დაიწყება და უშუალოდ მინდორზე ვნახავ ყველაფერს, მერე მოგიყვებით.

- რა თქმა უნდა, დეტალებზე არ გკითხავთ, ზოგადად გვითხარით - ფინანსურად და საყოფაცხოვრებო კუთხით ყველაფერი რიგზეა?
- დიახ, ყველაფერი რიგზეა.

- რას ეტყოდით ზესტაფონელ გულშემატკივარს? ცნობილია, რაც მოხდა კლუბში ბოლო დროს...
- თავის დროზე, როცა ხელფასები შეამცირეს, "ზესტაფონში" სწორედ ამ ხალხის სიყვარულმა დამტოვა. რამდენ ხანსაც უნდა ვიცოცხლო, ეს ადამიანები მუდამ ძვირფასნი იქნებიან ჩემთვის. მათგან უამრავი სითბო მახსოვს. ვფიქრობ, ძალიან გაახარებთ ჯაბა დვალის წარმატება "დაჩიაში". სადაც უნდა ვიყო და სანამდეც უნდა გაგრძელდეს ჩემი კარიერა, მე მათთვისაც ვითამაშებ.

რაც შეეხება "ზესტაფონს", დიდი იმედი მაქვს, რომ თუნდაც დროებით, კლუბის არსებობას საფრთხე არ შეექმნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ზესტაფონელი არ ვარ მაგრამ დვალი ზესტაფონთან ასოცირდება და ზესტაფონის გულია
Z.LO
20:18 23-12-2014
0
ჯიგარი ხარ ჯაბა, დიდი მადლობა ზესტას ფანების სახელით, მუდამ დარჩები ჩვენ გულებში.
zesta1
18:29 23-12-2014
0

სიახლეები პოპულარული