ლეგიონის უქმეები: მეკვლე უჩა ლობჟანიძეა, მეგოლე - შოთა გრიგალაშვილი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტოზე: შოთა გრიგალაშვილი ახალ გუნდში

ვიდეო: ნეა სალამინა-ახნასი 1:1

2015 წლის ქართული ლეგიონის მეკვლე უჩა ლობჟანიძეა - სწორედ მან ითამაშა პირველად ახალ წელს ოფიციალურ მატჩში, პირველი გოლი კი ამ დღეებამდე მისმა თანაგუნდელმა შოთა გრიგალაშვილმა გაიტანა.

კვიპროსის ჩემპიონატში "ომონია" ლარნაკაში აეკ-ს ეწვია და 3:1 მოუგო. ნიქოზიელთა ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა. ლობჟანიძეზე ერთი რამის თქმა შეგვიძლია, ის უპრობლემოდ დამკვიდრდა კვიპროსულ გუნდში და მუდმივად სასტარტოში თამაშობს.

"ნეა სალამინაში" "ომონიადან" გადასული გრიგალაშვილის დებიუტი წარმატებული გამოდგა - შოთამ პირველ ტაიმში დააწინაურა თავისიანები, როცა 43-ე
წუთზე გაიტანა "ახნასის"კარში (1:1).

"ანორთოსისმა" 2:0 დაამარცხა "ერმისი". გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს გიორგი აბურჯანიამ და ირაკლი მაისურაძემ.

ნიქოზიაში აუტსაიდერთა ჯახი "დოხას" და "ოთელოსს" შორის 0:0 დასრულდა. სტუმართა კარი მშრალად შეინახა როინ კვასხვაძემ, შეუცვლელად ითამაშა ლევან ხმალაძემ, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი 93-ე წუთზე გამოცვალეს.

ქართველთა გუნდებიდან კვიპროსში "ომონია" ყოჩაღობს, რომელსაც 25 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა; "ანორთოსისი" 22 ქულით მეექვსეა, "ნეა სალამინას" 14 ქულა აქვს (მე-9), ხოლო "ოთელოსს" - 12 ქულა (მე-10).

საფრანგეთის თასზე "ბასტიამ" 2:0 დაამარცხა "ლილი". გამარჯვებულთა შორის ლუკა კიკაბიძე არ გამოჩენილა. მის დებიუტს კორსიკულ კლუბში არა და არ დაადგა საშველი.

3 იანვარს უნდა გამართულიყო საბერძნეთის სუპერლიგის მატჩი ოფი-ს და "ვოლოსს" შორის, რომელიც გადაიდო. სხვათა შორის, გიორგი ლორიას და გიორგი მერებაშვილს მწვრთნელი გამოეცვალათ, ჯენარო გატუზო ოფი-დან წავიდა. იტალიელის ნაცვლად კლუბში ნიკოს ანასტოპულოსი დაბრუნდა.

თურქეთში დიდი ანგარიშით იმარჯვა შოთა არველაძის "ქასიმფაშამ", რომელმაც 5:2 დაამარცხა სტუმრად "ერჩიესი".

პორტუგალიის ჩემპიონატის ლამის უიმედო აუტსაიდერი "ჟილ ვისენტე" 1:5 განადგურდა შინ "პორტუსთან". ავთო ებრალიძე მოედანზე 1:3-ზე გამოჩნდა, თუმცა 10-კაციან "ჟილ ვისენტეს" ავთომ ვერაფერი უშველა. პირიქით, ორი გოლი სტუმრებმა ამის მერე გაიტანეს. ებრალიძემ ჩემპიონატში ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა.

სეგუნდა დივიზიონში გიორგი მაკარიძის "ფეირენშემ" 2:1 მოუგო "სანტა კლარას", ქართველ მეკარეს არ უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნელნელა სულ ღაფავს ქართული ფეხბურთი, მალე მალტის და ფარერების ჩემპიონატების სათადარიგოებშიც გამოჩნდებიან საქართველოს ნაკრების წევრები, ....
ბერჯავახი
10:58 05-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული