ლეგიონის უქმეები: ლევან მჭედლიძისთვის ნახევარი საათიც ცოტაა

AutoSharing Option
სერია A-ში "ემპოლი" გენუაში ესტუმრა "სამპდორიას" და 0:1 დამარცხდა. ლევან მჭედლიძე სტუმართა რიგებში 58-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა თავის გამოჩენა ვერ შეძლო - მან გენუელთა კარში ერთხელ არაზუსტად დაარტყა, ოთხჯერ კი მის წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესი. ქართველის ანგარიშზე 10 პასია.

* * *
"ბასტიამ" ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა პსჟ-ზე (4:2), მაგრამ კორსიკელთა განაცხადში ლუკა კიკაბიძე არ ყოფილა.

* * *
საბერძნეთის ჩემპიონატში ქართველთა ოფი-მ 3:2 დაამარცხა "კერკირა". ოფი-ს მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა ნიკოს ანასტოპულოსს. შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, ხოლო გიორგი მერებაშვილი 65-ე წუთზე შეცვალეს,
როცა ოფი 1:2-ს აგებდა.

* * *
პორტუგალიაში, როგორც იქნა, მოიგო ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ", რომელმაც 2:1 დაამარცხა "პენაფიელი", მაგრამ ქართველი ნახევარმცველი მატჩის განაცხადშიც კი არ ყოფილა.

გიორგი მაკარიძე სათადარიგო იყო, მისი "ფეირენშე" კი სეგუნდა ლიგაში "ორიენტალთან" დამარცხდა - 0:2.

* * *
კვიპროსის ჩემპიონატში მე-16 ტურის მატჩები გაიმართა. ნიქოზიაში "ომონიამ" "ეთნიკოსს" 2:0 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა უჩა ლობჟანიძემ. "ნეა სალამინამ" "დოქსას" 1:0 მოუგო, თუმცა არ უთამაშია მასპინძელთა ახალწვეულ შოთა გრიგალაშვილს, რომელმაც წინა ტურში გოლი გაიტანა.

ქართველთა "ანორთოსისმა" სტუმრად 5:1 გაანადგურა "აია ნაპა". გიორგი აბურჯანია 59-ე წუთზე შეცვალეს (ტრავმა მიიღო), ირაკლი მაისურაძემ ბოლომდე ითამაშა.

ლევან ხმალაძის, როინ კვასხვაძისა და ელგუჯა გრიგალაშვილის "ოთელოსი" კი დღეს მასპინძლობს "აპოლონს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული