რუსულმა საიტმა Chempionat.com-მა თემა განავრცო და ის კლუბები დაასახელა, სადაც ანანიძის ყოფნა მიზანშეწონილი იქნებოდა, როგორც გუნდის, ისე თავად ფეხბურთელისთვის.
ჯანო გზაგასაყარზე - ვის შეიძლება გამოადგეს "სპარტაკის" ჰავბეკი
"სპარტაკი" მზადაა, ნახევარმცველი ჯანო იჯარით გაუშვას. ფეხბურთელს კარიერის გაგრძელების რამდენიმე "როსტოვი"
ბოლო, მე-16 ადგილი პრემიერლიგაში
ყველაზე ნაღდი ვარიანტი "როსტოვია", სადაც ჯანომ თავისი კარიერის ყველაზე პროდუქტიული პერიოდი გაატარა. კლუბშიც გამოთქვეს ქართველი ნახევარმცველის გადაბირების სურვილი და მართლაც, ამ გუნდს ნამდვილად სჭირდება ჯანო.
დღეს "როსტოვს" მარცხენა ფრთაზე პრობლემა აქვს, რომელსაც ანანიძე ავსებდა. თუმცა როსტოველებს, უპირველესად, ყურადღების გამახვილება დაცვის ხაზზე მართებთ, რომელიც ყველაზე ცუდია ლიგაში. შესაბამისად, ჯანო ვერ იქნება ამ კლუბისთვის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე.
"როსტოვში" ანანიძის იჯარის ერთ-ერთ პლუსად ჯანოს ყურბან ბერდიევთან თანამშრომლობის შესაძლებლობაც შეიძლება დავასახელოთ - ჰავბეკი, როგორც ჩანს, არცთუ მარტივი ხასიათით გამოირჩევა, როსტოველთა ახალ თავკაცს კი ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა ეხერხება.
გროზნოს "ტერეკი"
მე-9 ადგილი
გროზნოელებს, რომლებიც უკვე მერამდენე სატრანსფერო ფანჯარას ერთი და იგივე შემადგენლობით ხვდებიან, როტაციისთვის სასიცოცხლოდ სჭირდებათ შემოქმედი მოთამაშე. თავად განსაჯეთ: მაცეი რიბუსმა 16 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ბოლოს კი გადაიწვა. იგორ ლებედენკომ ძირითადში 14-ჯერ ითამაშა და მხოლოდ ერთში არ დაჰყო მოედანზე მე-80 წუთამდე, მაურისიო კი 17-იდან მხოლოდ ერთში შეცვალეს...
ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის ბოლოს "ტერეკის" დაღმასვლა მოსალოდნელი იყო და ჯანოსაც ძალუძს, გუნდს გადაატვირთვონოს ძრავა. თანაც, რახიმოვმა კარგად იცის, როგორ მოარგოს შუა სეზონში ახალი მოთამაშე გუნდს.
ტულის "არსენალი"
მე-15 ადგილი
დმიტრი ალენიჩევმა თავის გუნდში ყოფილი სპარტაკელების უკვე მთელ ჯგუფს მოუყარა თავი და "წითელ-თეთრების" კიდევ ერთი მოთამაშის დამატება გაამყარებს მათ არგუმენტს, ვინც მიიჩნევს, რომ "არსენალი" ჭეშმარიტად სპარტაკული ფეხბურთის ჩვენებას ცდილობს.
მაგრამ, სანამ შემადგენლობას ჯანოს შემატებდეს, ალენიჩევს ჯერ არსებულ მოთამაშეებზე აზრის ჩამოყალიბება მართებს. საქმე ისაა, რომ ცხრაზე მეტი მატჩი ერთსა და იმავე პოზიციაზე მხოლოდ გუნდის სამმა ფეხბურთელმა ჩაატარა. იმ პოზიციაზე კი, სადაც ჯანოს გამწესება შეიძლება, ოთხ სხვადასხვა ფეხბურთელს ვხედავდით.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ქართველ ჰავბეკს შეუძლია, "არსენალის" შეტევებს სიმწვავე შემატოს და თუკი ტულის კლუბს მისი იჯარისთვის სახსრები აღმოაჩნდება, გადარჩენისთვის ბრძოლაში ძალიან გამოადგება.
"ვიტესი"
მე-10 ადგილი ერედივიზიეში
შესაძლოა, ეს ვარიანტი უცნაურად ჩანდეს, მაგრამ არსებობის უფლება მას რამდენიმე მიზეზის გამო ნამდვილად აქვს.
ჯერ ერთი, თუკი "სპარტაკს" ჯანო არ სჭირდება, მისი იჯარით ჰოლანდიის ჩემპიონატში გაშვება საუკეთესო ვარიანტი იქნება ფეხბურთელის ფასის ასაწევად. და თუკი ქართველი "ჩელსის" ფარმ-კლუბში ათამაშდა, მაშინ ხომ უკვე მის სარფიანად გაყიდვაზეც თამამად შეიძლება ლაპარაკი.
მეორეც, შანსი იმისა, რომ ჯანო ერედივიზიეში ათამაშდება, საკმაოდ დიდია: ეს ჩემპიონატი ზედგამოჭრილია მისი კომპლექტაციისა და სტატუსისთვის. "ვიტესისგან" კი, რომელსაც "ჩელსი" ჰოლანდიის ჩემპიონატის მოგების ნებას მაინც არ დართავს, მეტს არც არავინ არაფერს ითხოვს - მხოლოდ ფეხბურთელების გამოზრდას.
და მესამე: "ვიტესში" ჯანოს თანამემამულენი თამაშობენ - ახალგაზრდა ფორვარდი ვაკო ყაზაიშვილი და გამოცდილი მცველი, გუნდის კაპიტანი გურამ კაშია.
რაც შეეხება "სპარტაკის" ნახევარმცველის პოტენციურ კონკურენტს არნემულ გუნდში, ის უკრაინელი დენის ოლეინიკია, რომელმაც მაღალ დონეზე მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა...
და თუკი "სპარტაკი" მომავალში ჯანოს დაბრუნებასა და მის გამოყენებას მაინც უშვებს, ფეხბურთელის მყისიერი პროგრესისთვის უკეთეს ადგილს ნამდვილად ვერ ნახავს.
მოსკოვის "სპარტაკი"
მე-6 ადგილი
რაოდენ ღიმილისმომგვრელიც უნდა იყოს, ჯანო შეიძლება მისი იჯარით გასხვისების მოსურნე "სპარტაკსაც" გამოადგეს. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუკი ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბს შორის უთანხმოება მოისპობა, თავად ჯანო კი, ბოლოს და ბოლოს, გაიზრდება.
ქართველმა ეს სეზონი ოპტიმისტურად დაიწყო, ითამაშა "რუბინთან" და "დინამოსთან" სასტარტო შეხვედრებში, სადაც "წითელ-თეთრებმა" ქულათა მაქსიმუმს მოუყარეს თავი. თუმცა, კრასნოდარში განადგურების შემდეგ (სადაც ჯანო მთავარი დამნაშავე ნამდვილად არ ყოფილა), ქართველი ნახევარმცველი შემადგენლობიდან ამოვარდა.
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ჯანო პასებს უფრო ზუსტად არიგებს, ვიდრე, მაგალითად, კვინსი პრომესი. ამას გარდა, პროცენტული მაჩვენებლის თანახმად, ქართველი ფეხბურთელი უფრო ხშირად აწვდის ბურთს წინ. იმავე სტატისტიკის თანახმად, ჯანომ პრემიერლიგის შვიდ მატჩში ბოძებულ მოკრძალებულ სათამაშო დროში გაცილებით მეტი გადამწყვეტი გადაცემა გააკეთა, ვიდრე დენის გლუშაკოვმა 16 შეხვედრაში (10 სრული) - 11 8-ის წინააღმდეგ.
და კიდევ, ციფრები გვამცნობენ, რომ არ გვღალატობს მხედველობა - "სპარტაკს" ძალიან უჭირს მეტოქის დაცვის ხაზის გარღვევა. საიმისოდ, რომ თამაშში პირველი გოლი გაიტანოს, "წითელ-თეთრებს" საშუალოდ 51 წუთი სჭირდებათ - ეს კი მეცხრე მაჩვენებელია ლიგაში.
ეგებ გამოადგეს მურატ იაკინს კრეატიული ქართველი ფეხბურთელი?..