ლადო დვალიშვილი: კახა ცხადაძეს უდიდესი სამუშაოს ჩატარება მოუწევს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის ფორვარდი ლადო დვალიშვილი დანიურ "ოდენსესთან" ერთად სეზონის განახლებისთვის ემზადება.

სეზონის პირველ ნახევარში მან ამ გუნდში 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო. საქართველოს ნაკრებში დვალიშვილის მონაგარი კი 34 შეხვედრაში 5 გოლს მოიცავს. ამ დროისთვის, "ოდენსე" მე-10 ადგილზეა 12-გუნდიან დანიურ სუპერლიგაში.

დვალიშვილს შესანიშნავად იცნობს საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი კახა ცხადაძე და ცხადია, ინტერვიუს დროს სანაკრებო თემასაც შევეხეთ...

- "ოდენსემ" ახალი სეზონისთვის სამზადისი 5 იანვარს დაიწყო. მეც გუნდთან ერთად ვარ და ჩვეულებრივად ვემზადები,
- გვითხრა დვალიშვილმა საუბრის დასაწყისში.

- რა სიახლეებია გუნდში?
- ჯერ მხოლოდ ერთი სიახლეა. ისლანდიელი ცენტრალური მცველი დაიმატეს. კიდევ აპირებენ გაძლიერებას, თუმცა კონკრეტული ჯერ მხოლოდ ესაა.

- ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ სეზონის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად გაგეზრდებათ სათამაშო დრო. თქვენ ხომ უკვე გაიარეთ ადაპტაცია დანიურ ფეხბურთში...
- მექნება თუ არა მეტი სათამაშო პრაქტიკა, ეს მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. დრო ყველაფერს გამოაჩენს. ფაქტია, დღესდღეობით სრული დატვირთვით ვემზადები და ვნახოთ, რა იქნება.

- ბუნებრივია, კლუბის ხელმძღვანელობას სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესება სურს...
- რა თქმა უნდა და ისიც უნდა გითხრათ, რომ ამის რესურსიც არის.

- ამ გადასახედიდან შეცდომად ხომ არ მიგაჩნიათ "ოდენსეში" გადასვლა?
- სულაც არ ვფიქრობ, რომ "ოდენსეში" გადმოსვლით შეცდომა დავუშვი.

- საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ითამაშეთ პირველად თბილისის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში. რას იტყვით ეროვნული გუნდის ახალ თავკაცზე?
- ცხადაძეს ძალიან კარგად ვიცნობ და მასზე დადებითის გარდა ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს უდიდესი სამუშაოს ჩატარება მოუწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და იმ უდიდესი სამუშაოს ჩატარებაში შედის ის, რომ გაიწმინდოს ნაკრები, ამის მსგავსი უპერსპექტივო, და არაფრის მომცემი დაბალი დონის ფეხბურთელებისგან.
SHUKOVANI
02:30 19-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული