მერებაშვილი და ლორია ჩემოდნებზე, მაგრამ... ბერძნულ ოფი-ში კრიზისია

AutoSharing Option
შესაძლოა, ახლო მომავალში გიორგი მერებაშვილმა და გიორგი ლორიამ საბერძნეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარი კრეტის ოფი დატოვონ. ჩვენი ინფორმაციით (და ამას ბერძენი ჟურნალისტებიც ადასტურებენ), ელადურ გუნდში ფინანსური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა.

დანამდვილებით ვიცით, რომ მერებაშვილისა და ლორიას მიმართ რამდენიმე ბერძნულ კლუბს აქვს ინტერესი, თუმცა ცუდი ისაა, რომ ოფი-ს ქართველმა ლეგიონერებმა მიმდინარე სეზონში უკვე ითამაშეს ორ კლუბში და ახლა მესამე გუნდში ვეღარ გაირჯებიან.

ქართველები ბერძნული გუნდის ლიდერები არიან. ოფი-ს ძალიან უნდა მათი შენარჩუნება და კლუბის ხელმძღვანელობა ჩვენებურთა დასატოვებლად ყველა ღონესაც ხმარობს, მაგრამ... ამ
ეტაპზე გაუსაძლისი ფინანსური კრიზისი ბერძნულ გუნდში მათ დარჩენას თითქმის შეუძლებელს ხდის.

გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო და, ყველა უბედურებასთან ერთად, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფი-ს 6 ქულაც დააკლო ფეარ-პლეის პრინციპების დარღვევის გამო. ახლა გუნდს მე-16 ადგილი უჭირავს 18-გუნდიან სუპერლიგაში და გასავარდნ ზონაშია.

საინტერესოა, რომ საბერძნეთის ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში ოფი "პანათოლიკოსთან" სათამაშოდ გასვლას არ აპირებდა, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა ნიკოს მახლასმა 126 ათასი ევრო პირადად გადაიხადა და ბოიკოტი თავიდან აიცილა.

მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კრიზისში ჩაძირულ ბერძნულ გუნდს ორი ჩვენებური მალე გაეცლება. ამ ეტაპზე, შესაძლო გამოსავალი რომელიმე კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება და მაისამდე ფორმის ვარჯიშით შენარჩუნებაა. მოკლედ, ვნახოთ...

შეგახსენებთ, რომ მერებაშვილი და ლორია ოფი-ში თბილისის "დინამოდან" გადავიდნენ. ლორია საბერძნეთის ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიორგი მერებაშვილი - ბედნიერი ვარ, რომ თბილისის "დინამოდან" წამოვედი.

ეხლაც!!!
Football Fun
16:31 20-01-2015
0
ბედნიერი ვარ, რომ თბილისის "დინამოდან" წამოვედი, ეხლაც ბედნიერი ხარ მერებ?
Football_Fun
16:27 20-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული