გურამ კაშია: ჰოლანდიის თასმა, შესაძლოა, ჩვენი სეზონი იხსნას

AutoSharing Option
28 იანვარს, ჰოლანდიის თასის მეოთხედფინალში არნემის "ვიტესი" "გრონინგენს" სტუმრობს. სათასო დაპირისპირებები ამ ეტაპზე ერთრაუნდიანია.

ჰოლანდიის თასის ნახევარფინალში უკვე გავიდნენ "ზვოლე" და "ტვენტე", მეოთხე გუნდი კი "როდა"-"ექსელსიორის" დაპირისპირებაში გაირკვევა.

როგორც ხედავთ, ჰოლანდიური გრანდები ტურნირს უკვე გამოეთიშნენ, "აიაქსი" თავად "ვიტესმა" გამოთიშა, როცა "ამსტერდამ არენაზე" 4:0 გაანადგურა და ერთი გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.

"გრონინგენთან" თამაშის წინ ოპტიმისტურად არის განწყობილი გუნდის კაპიტანი გურამ კაშია:

"კლუბს აქვს მკვეთრად განსაზღვრული შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთის სტრატეგია. კლუბში მწვრთნელის მუშაობით ყველა კმაყოფილია და უშედეგობა მისი ბრალი სულაც არ
არის. მე კარგად მესმის ფანების იმედგაცრუების. მათთვის ძნელად მისაღებია დღევანდელი სიტუაცია.

ძალიან საინტერესო მატჩი გველის. სათასო წარმატებამ, შესაძლოა, იხსნას ჩვენი სეზონი. არც ის არის გამორიცხული, რომ ამ ტურნირში წარმატებით ევროსაგზური მოვიპოვოთ, თუმცა ამის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება.

უნდა ვეცადოთ და მოვიგოთ ჰოლანდიის თასი. თუკი შარშან თასზე წარმატების მიღწევა "ზვოლემ" შეძლო, რატომ არ შეიძლება, წელს ეს ჩვენ მოვახერხოთ?!

რაღაც ვერ არის კარგად ჩვენს თამაშში, აუცილებლად უფრო შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. როცა ბურთს ფლობს, "ვიტესი" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ჰოლანდიაში.

მაგრამ უბურთოდ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს და ამ შემთხვევაში, თუ შედეგის მიღწევა გვინდა, დაცვითი თამაშიც უნდა გამოვასწოროთ", - განაცხადა კაშიამ telegraaf.nl-თან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული