ლაშა დვალი: სხვა გზა თუ არ არის, "რედინგს" ამაზე უნდა დავთანხმდე...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი ლაშა დვალი ინგლისშია და ჩემპიონშიფის (რანგით მეორე ლიგა) ბინადარ "რედინგში" ვარჯიშობს, მაგრამ მაინც ახალ გუნდს ეძებს. ის ინგლისელებმა რიგის "სკონტოში" გაანათხოვრეს, სადაც შარშან ლატვიის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ვირსლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს.

ინგლისში კი 19 წლის ფეხბურთელი იანვრის დასაწყისში გაემგზავრა. იყო ლაპარაკი, რომ თუ დიდი ბრიტანეთის სამეფოში სამუშაო ვიზას ვერ მიიღებდა, ასეთ შემთხვევაში, დვალი მეორე გერმანული ბუნდესლიგის ერთ-ერთ ლიდერ "კარლსრუეში" გადავიდოდა.

ლაშა დვალს ინგლისში დავუკავშირდით და საინტერესო ამბებიც შევიტყვეთ:

- თითქმის ერთი თვეა, რაც "რედინგში" ვვარჯიშობ,
სადაც კონტრაქტი მაქვს. ხან ახალგაზრდულ გუნდში ვარ და ხანაც - მთავარში. ორი ამხანაგური მატჩიც ჩავატარე.

მაგრამ "რედინგში" ვერ ვრჩები - სამწუხაროდ, სამუშაო ვიზა ვერ კეთდება. არაევროკავშირელს ბოლო ორ წელიწადში ეროვნული ნაკრების მიერ გამართული მატჩების 75 პროცენტში მონაწილეობა მოეთხოვება, მე კი ნაკრებში ერთხელაც არ მითამაშია.

- ასეთ შემთხვევაში ხომ "კარლსრუეში" უნდა წასულიყავით?
- ყველაზე რეალური ვარიანტი პოლონურ "იაგელონიაში" გადასვლა იყო. ეს ტრანსფერი ჩამეშალა, რადგან ჩემი ძველი რუსი აგენტი "კარლსრუეში" გადაყვანას მპირდებოდა. მითხრა, რომ ეს 100-პროცენტიანი ვარიანტი იყო. არადა, პოლონელებთან თითქმის ყველაფერზე მოლაპარაკებული ვიყავი. "იაგელონიამ" კი, სანამ მე "კარლსრუეს" წინადადებას ველოდებოდი, სხვა მცველი იყიდა... მოკლედ, ერთიც უკან დამრჩა და მეორეც.

- იჯარით ისევ ლატვიაში ითამაშებთ?
- "სკონტო" მშვენიერი გუნდია, მისი მწვრთნელი თამაზ პერტია კი ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია იმათ შორის, ვისთანაც მიმუშავია. მაგრამ, ჩემი აზრით, კიდევ ერთი სეზონი ლატვიის ჩემპიონატში რომ ვითამაშო, პროგრესი არ მექნება. არადა, ისეთ ასაკში ვარ, სწორედ ახლა მჭირდება მომატება და მაღალი დონის ტურნირთან ადაპტაცია.

- აბა, რას აპირებთ?
- სხვათა შორის, რუსმა აგენტმა მითხრა, რადგან "კარლსრუე" არ გამოდის, ნორვეგიულ "ტრომსოში" წაგიყვანო, მაგრამ მე სხვა ვარიანტებს ველოდები და ვნახოთ, რა გამოვა.

Sportall.Ge- ლატვიის შემდეგ ნორვეგიის ჩემპიონატში თამაში ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს...
- სად გერმანიის მეორე ბუნდესლიგას რომ ელოდები და სად - "ტრომსო"? ესაა ცუდი, თორემ მეც კარგად ვიცი, ნორვეგიის ჩემპიონატი ლატვიისას რომ სჯობს.

"ტრომსო" მიუღებელი იმიტომაც არის, რომ რუსი მენეჯერი მთავაზობს "რედინგიდან" გამოსყიდვას, მის კომპანიაში 3 წლით გაწევრიანებას და ამის შემდეგ "ტრომსოში" გაშვებას.

მოკლედ, ძალზე გაურკვეველი სიტუაციაა, მაგრამ მჯერა, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. დანებებას ნამდვილად არ ვაპირებ, ეს ჩემს ბუნებაში არ არის...

ისე, "ტრომსო" ცუდი ვარიანტი მართლაც არ იქნებოდა, მარტო ერთწლიანი ან ექვსთვიანი იჯარა რომ შემოეთავაზებინათ, მაგრამ ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი იმიტომ გავწყვიტო, რომ 3 წელი ამ კომპანიის წევრი გავხდე, ეს ნამდვილად არ არის მისაღები ვარიანტი. ეს აგენტს პირდაპირ ვუთხარი კიდეც.

- თავად "რედინგი" რას გთავაზობთ?
- წესით, საინტერესო წინადადება აგენტებისგან უნდა მოდიოდეს, მაგრამ უკვე გითხარით, რომ მათი შემოთავაზება არ მომწონს. ამის ფონზე, "რედინგის" ვარიანტი ყველაზე მისაღებია - ჩვენთან დარჩი, ივარჯიშე და ამხანაგურ მატჩებში ითამაშეო.

სხვა გზა თუ არ არის, ამაზე უნდა დავთანხმდე. თუმცა, სატრანსფერო პერიოდი ჯერ არ დასრულებულა და სასურველ გუნდში მოხვედრის იმედს არ ვკარგავ.

- თქვენი აზრით, "სკონტოსა" და ლატვიის ჩემპიონატში თამაში რეალურად გამოგადგათ?
- რა თქმა უნდა! გამიმართლა, თამაზ პერტიას გუნდში რომ მოვხვდი. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე - არა მხოლოდ საფეხბურთო კუთხით, არამედ ფსიქოლოგიურადაც კარგად მამზადებდა. ამიტომაც ვარ მისი მადლიერი. ბევრი ვისწავლე გამოცდილი ფეხბურთელებისგანაც, რომელთაც საკმაოდ მაღალ დონეზე უთამაშიათ - კლიმიაშვილი, ლაიზანსი და მოროზი ჩემთვის უფროსი ძმებივით იყვნენ.

- "რედინგში" ვარჯიშების შემდეგ საკუთარ შესაძლებლობებზე რეალური წარმოდგენა შეგექმნებოდათ. რას ფიქრობთ, ჩემპიონშიფის დონეზე ითამაშებთ?
- გარკვეული დრო მაინც გჭირდება, რომ ინგლისელების დონეზე თუნდაც ფიზიკური კონდიციები აიმაღლო. მათ კალაპოტში უნდა ჩაჯდე და ბრიტანელთა ცხოვრების წესი გაითავისო. ეს თუ მოახერხე, ჩემპიონშიფში თამაში შეუძლებელი ნამდვილად არ იქნება. აქ ისეთი საფეხბურთო გარემოა, ისეთ პატივისცემას გრძნობ, სხვანაირად არც შეიძლება იყოს.

"რედინგში" ცნობილი რუსი ფეხბურთელი პაველ პოგრებნიაკი თამაშობს. მან მითხრა, ჩემპიონშიფში არანაკლებ ძნელია თამაში, ვიდრე პრემიერლიგაშიო. საქმე ისაა, რომ პრემიერლიგაში კლასი მაღალია და უმაღლესი დონის ფეხბურთი მიდის, ჩემპიონშიფში კი მეტს დარბიან და დიდი ბრძოლებია.

- ნაკრებში თამაში ისედაც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ინგლისში მოსახვედრად კი ეს აუცილებელიც იქნება...
- იმედია, დავლაგდები და იმ დონეზე ვითამაშებ, ნაკრების მწვრთნელი რომ დავაინტერესო. ეს ისევ ჩემზეა დამოკიდებული. ყოველთვის მზად ვარ, რომ მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის თავი დავდო, დანარჩენი კი მწვრთნელის შესაფასებელი იქნება.

ეგ არის, რომ მანამდე გუნდის საკითხი უნდა მოვაგვარო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
Qartuli ena dagvitskebiat merab batono,ikneb agegot tsigni xelshi DA gagaxsendebodat championship=chempionatia DA kidev bevri sxva...
avtors
09:38 31-01-2015
0
ზურა
ლაშა ცენტრალური მცველია. თუმცა დაცვის მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. უთამაშია საყრდენადაც.
Burton
17:35 30-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული