სტალინი, ჩივაძე და... ირაკლი სირბილაძე! როგორ ძლებს ფინურ ყინვაში ქართველი?

AutoSharing Option
32 წლის ქართველი ფორვარდი ირაკლი სირბილაძე ფინური "კუოპიოს" (KuPS) შემადგენლობაში მეათე ნომრით ითამაშებს. ამის შესახებ მან გუშინ თავად აცნობა "ლელოს".

"ახალი გუნდის შემადგენლობაში მეათე ნომრით ვითამაშებ. იმედია, "ათიანი" ჩემთვის წარმატების მომტანი იქნება. ადრეც გითხარით, ახალ გარემოს კარგად შევეგუე", - გვითხრა სირბილაძემ, რომელმაც "კუოპიოს" ტურკუს "ინტერიდან" მიაშურა. იქ ის გუნდის ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ.

Sportall.Ge

როდის უნდა ველოდოთ სირბილაძის დებიუტს ახალ კლუბში? ამის თაობაზე თავად ფეხბურთელმა გვითხრა:

"აქ ცოტა უცნაური სისტემაა. ფინეთის თასის გათამაშებაში "კუოპიო" ან თებერვალში ჩაერთვება, ან მარტში. ეს
იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს შემორჩება გუნდი ლიგის თასის გათამაშებას, სადაც მხოლოდ უმაღლესი დივიზიონის (ვეიკაუსლიგა) გუნდები თამაშობენ.

რაც შეეხება ლიგის თასს, პარასკევს გვაქვს თამაში კუოპიოში, "ლაჰტისთან". ოღონდ, ჯერ არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა.

ახალი მოსული ვარ გუნდში, ახლა დავიწყე ვარჯიში გუნდთან ერთად და თანდათან შევდივარ ოპტიმალურ ფორმაში. ფინეთის ჩემპიონატი კი 12 აპრილს იწყება. ჩვენი გუნდის მიზანი ვეიკაუსლიგის სამეულში მოხვედრა და თასის მოპოვებაა", - ამბობს სირბილაძე.

Sportall.Ge

იყო დრო, ფინეთში არაერთი ჩვენებური თამაშობდა სხვადასხვა ლიგაში. საინტერესოა, ახლა თუ დარჩა ვინმე ქართველთაგან. სირბილაძეს ამაზეც ვკითხეთ:

"კი, ფინეთში დღესაც თამაშობენ ქართველები. "კოტკაში" გიორგი ოსიტაშვილია, "კაიაანში" - კახა სამსონია. წინა სეზონში ჩვენებური მეკარე, გვარად ლომიძე თამაშობდა ჰელსინკის გუნდში, რომელიც მეორე ლიგაში გამოდიოდა. ახლახან გავიგე, რომ სხვა კლუბში გადასულა.

კარგი ფეხბურთელები და კარგი ბიჭები არიან, ძალიან კარგი სახელიც აქვთ ფინეთში", - გვითხრა მან.

ერთი აქტუალური კითხვაც: როგორ ძლებს ფინურ ყინვაში ქართველი?

" უკვე დიდი ხანია, შევეგუე აქაურ კლიმატს. სიმართლე გითხრათ, იმდენად მალე მოხდა ეს, რომ თავადაც გამიკვირდა. წელს, თითქმის არც მიგრძვნია სიცივე. ჩემს ქალაქში კარგი ამინდია და იმედია, ასევე გაგრძელდება".

საქართველო ფინეთისთვის შორეული ქვეყანაა. ხშირად ისეა, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოში შორეული, პატარა ქვეყნის სახელი ამ ქვეყნის ერთ ან რამდენიმე გამორჩეულ პიროვნებასთან ასოცირდება ხოლმე. ვისით იცნობენ ფინეთში საქართველოს?

Sportall.Ge

"ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, ოღონდ, მანამდე ერთი თხოვნა მექნება - არ ჩამითვალოთ თავის ქებაში არც თქვენ და არც ქართველმა ქომაგმა, ვისთვისაც მე ვთამაშობ აქ. ვინც მიცნობს, იცის, რომ არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი.

უბრალოდ, ფაქტს გეტყვით. 2012 წელს ფინეთის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი და ფეხბურთელი გავხდი. ამასთან ერთად, ბომბარდირობაც არავის დავუთმე. მაშინ ერთ-ერთმა სოლიდურმა ფინურმა გაზეთმა დაბეჭდა პირველ გვერდზე ფოტო - სტალინი, ჩივაძე და მე.

აზრი ასეთი იყო - სტალინმა ომი მოიგო, ჩივაძემ თასების თასი და სირბილაძემ ყველა ნომინაცია ჩემპიონატშიო. ეს გაზეთი მაქვს სახლში და რომ შევხედავ ხოლმე, დღემდე მიხარია.

საქართველოში ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, მე იმათ ვერ შევედარები, ახლოსაც ვერ მივალ...

ფინეთზე მკითხეთ და გითხარით... ისე კი, ამ ქვეყანაში მე ვარ ჩემი სამშობლოს, საქართველოს დესპანი და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ქვეყანა ვასახელო"!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგი და ალალი ხარ წარმატებები
0
ტარმატებები. სეგეწიოს უფალი. გაიხარე.
fati cirbiladze
00:13 22-02-2015
0

სიახლეები პოპულარული