ახლა უკვე "ივერია"... ქართული კლუბი რუსეთშიც დაფუძნდა

AutoSharing Option
ამ ცოტა ხნის წინათ "ლელო" წერდა, რომ კიევში მოქმედი კლუბი - კიევის "ლოკომოტივი", უკრაინულ-ქართულ გუნდად გადაკეთდა, "ლოკომოტივ გრუზია" ეწოდა და ოლეგ მაკაროვის სახელობის მემორიალშიც ითამაშა. მას ახალგაზრდა ქართველი კაცი, 31 წლის გიორგი აბზიანიძე წვრთნის. გუნდს კიევის ცენტრში საკმაოდ კარგი ბაზა აქვს. "ლოკომოტივ გრუზიაში" უკვე 12 ქართველი თამაშობს.

ამ ამბავმა იმხელა რეზონანსი გამოიწვია, რომ "ლოკომოტივ გრუზიას" წარმომადგენლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში უწყების ხელმძღვანელი ლევან ყიფიანი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე შეხვდნენ, სპორტული და სავარჯიშო ფორმები გადასცეს, თან დაჰპირდნენ,
რომ შემდეგშიც დაეხმარებიან.

ცხადია, უკრაინულ-ქართული გუნდის მიზანი ქვეყნებს შორის მეგობრობის განმტკიცება, ქართველი ფეხბურთელების მოძებნა და მათი ხელშეწყობაა. მსგავსი პრეცედენტი გერმანიაშიცაა, სადაც თურქული და სერბული საფეხბურთო კლუბები მოქმედებს.

ახლა კი აღმოვაჩინეთ, რომ ქართულ დიასპორას კიდევ ერთი გუნდი ჰყოლია - როსტოვში ჩვენებურებმა "ივერია" დააფუძნეს. ეს ინფორმაცია საქართველოდან წასულების ვებგვერდზე - "გეომიგრანტზე" წერია:

"საფეხბურთო კლუბი "ივერია" უცხოეთში მცხოვრები ქართველების ერთიანობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია. რუსეთისთვის ორიგინალური სახელის მქონე ეს გუნდი მცირე ხნის წინათ დაფუძნდა და მასში როსტოვში მცხოვრები ქართველები თამაშობენ.

გუნდი მინი-ფეხბურთის ტურნირებში მონაწილეობს, მათ შორის - როსტოვის კორპორატიული ლიგის 14-გუნდიან ტურნირში, სადაც მეოთხე ადგილზეა.

მინი-ფეხბურთის კლუბი ქართული ეროვნულ-კულტურული საზოგადოება "ვარძიის" მხარდაჭერით დაარსდა. მისი დამფუძნებელი კარატეში მსოფლიო ჩემპიონი ჯამბულ ძაძამია გახლავთ. ის როსტოვში არა მხოლოდ სპორტული მიღწევებითაა ცნობილი, არამედ აქტიური საზოგადო მოღვაწეც გახლავთ და რუსეთის სამხრეთში საქართველოს დიასპორას წარმოადგენს.

"რატომ ფეხბურთი? იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე პოპულარული და უბრალო თამაში, რომელსაც დიდი რაოდენობით ახალგაზრდობა მისდევს. გარდა ამისა, ეს გუნდური თამაშია, რომელიც ადამიანებს აერთიანებს. როსტოვში მცხოვრები ქართველებისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის თანადგომა და დახმარება ვიგრძნოთ, გვახსოვდეს ჩვენი ფესვები და შევინარჩუნოთ ტრადიციები".

სხვათა შორის, ჯამბულ ძაძამია, თავის მეგობარ არჩილ აბუაშვილთან ერთად, როსტოვში ნარკოტიკების საწინააღმდეგო სოციალური აქციის ორგანიზატორიც გახლავთ. აქციის ფარგლებში, როსტოველი ვეტერანები სპორტის ვარსკვლავებს ამხანაგურად ეთამაშებიან.

"ივერია" არა მხოლოდ დაარსებითაა ახალგაზრდა გუნდი, არამედ შემადგენლობითაც. მისი წევრების ასაკი 19-დან 24 წლამდეა. მიხო ჯგერენაია, ვახტანგ ყოლბაია, რუსლან ყოლბაია, ვახტანგ ქორთუა, შოთა მებონია, ალეკო ხარჩილავა, საბა ბელქანია, გივი ღუღუნიშვილი, თედო კოპალიანი, თემურ შელია, რევაზ კობიაშვილი, დიმიტრი გაბელია, დავით გვაზავა, გიორგი ჯიქია, ირაკლი ხარჩილავა... სულ ახალგაზრდა ბიჭები არიან. გუნდს მხოლოდ სამი არაქართველი დაემატა - ორი მეკარე და ერთი წინა ხაზის მოთამაშე.

მათთვის მაგალითი გია გრიგალავაა, ადამიანი, რომელიც როსტოვში 11 წლიდან იზრდებოდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვდა".

"მიმდინარე სეზონში ჩვენ საქართველოს ნაკრების ფორმით ვთამაშობთ, რომელიც ჩვენმა სპონსორმა, რესტორანმა "ივერიამ" გადმოგვცა - ამისთვის მისი მადლიერები ვართ.

თითქმის ყველა ჩვენს მოთამაშეს საფეხბურთო სკოლაში უვარჯიშია. ზოგს კი ახლაც აქვს კარგი შანსი, პროფესიულ დონეზე ითამაშოს. მაგალითად, საბა ბელქანია და ირაკლი ხარჩილავა როსტოვის სკა-ში ვარჯიშობდნენ და მჯერა, მათ დიდი მომავალი აქვთ.

ზოგადად, "ივერია" ჩვენთვის არის არა მხოლოდ გუნდი, სადაც ვთამაშობთ, ეს უფრო თანამემამულეთა და თანამოაზრეთა კოლექტივია, სადაც ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება გვეძლევა", - ამბობს გუნდის უფროსი შოთა მებონია, რომელიც "როსტოვის" საფეხბურთო სკოლის გაზრდილია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რასტოვსკი გუნდია კაცო თუ ზუგდიდსკი??????
geronti
01:05 10-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული