რას შეეწირა ოთარ მარცვალაძის კარიერა "ტოსნოში"

AutoSharing Option
ახლახან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, "ტოსნომ" გააუქმა ხელშეკრულება საქართველოს ნაკრების ფორვარდ ოთარ მარცვალაძესთან და მას გათავისუფლების ფურცელი მისცა.

თუ რა იყო ამის მიზეზი, "ტოსნოს" თავკაცმა ევგენი პერევერტაილომ Спорт День за Днем-ს განუცხადა:

- ოთარ მარცვალაძე ლეგიონერია, ასეთი კი გუნდში ექვსი გვყავს. მას სათამაშო დრო არ ეძლეოდა. მარცვალაძე ელაპარაკა გენერალურ დირექტორს, გამესაუბრა მეც და ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება.

- იქნებ მან უკვე მოძებნა ახალი კლუბი? ჩვენი ინფორმაციით, ოთარი უკვე გაფრინდა საქართველოში...
- ეს მე უკვე აღარ ვიცი.

ახლა "ტოსნოს" განაცხადში დარჩა 5 ლეგიონერი:
ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი
(ორივე - საქართველო), მარცინ კოვალჩიკი (პოლონეთი), ევგენი ზუბეიკო და სტანისლავ პრიჩინენკო (ორივე - უკრაინა). ზუბეიკო გუნდში ოდესის "ჩერნომორეციდან" წელს მივიდა.

რუსეთის I დივიზიონის რეგლამენტი ითვალისწინებს მოედანზე ერთდროულად მხოლოდ სამი ლეგიონერის ყოფნას.

სწორედ ეს წესი დაარღვია წინა ტურში "სახალინმა", რომელმაც მოედანზე გიორგი კახელიშვილი გამოიყვანა. აღმოჩნდა, რომ ქართველი მინდორზე მეოთხე ლეგიონერი იყო. ახლა "სახალინს" ტექნიკური წაგება ელის.

თავსატეხი ცხადაძისთვის
Sportall.Geროგორც ჩანს, რუსეთის I დივიზიონში ლეგიონერებზე მკაცრი ლიმიტი საქართველოს ნაკრების თავკაც კახა ცხადაძეს დიდ თავსატეხს უქადის, ვინაიდან ამ ლიგაში ნაკრებისთვის საინტერესო ფეხბურთელები თამაშობენ - ზემოთ ჩამოთვლილი ტრიო (მარცვალაძე, ნავალოვსკი, რევიშვილი), აგრეთვე, "სკა-ენერგიას" ჩვენებურები, გოგიტა გოგუა და კახა ალადაშვილი.

მაშინ, როცა ნაკრების პირველი მეკარე გიორგი ლორია უკლუბოდ დარჩა, რევიშვილს ხელს ლეგიონერებზე ლიმიტი უშლის. ამის გამო მას 2015 წელს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

განსაკუთრებით საშიშია, როცა ეროვნული გუნდის მეკარე უთამაშებელია. არადა, პოლონეთთან მატჩამდე ამის სერიოზული საფრთხე გვემუქრება.

რაც მოქალაქეობა დაიბრუნა, "ტოსნოში" ადგილისთვის ბრძოლა ნავალოვსკისაც უჭირს, არადა, მანამდე ის შეუცვლელ ფიგურად ითვლებოდა გუნდში, ისევე, როგორც რევიშვილი.

გამოდის, რომ გარკვეულწილად, მარცვალაძის უგუნდოდ დარჩენა ნავალოვსკის გალეგიონერობასაც უკავშირდება.

"ტოსნო" 50 ქულით მე-4 ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძვის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტავ საერთოდ აიკრძალოს რუსეთ-უკრაინაში ლეგიონერების თამაში, ცოტათი მაინც გვეშველება...))
Walkabout
12:39 15-04-2015
0
იქნებ "დილაში" გადმოგვეყანა/მისი სურვილის შემთხვევაში/? ევრო ლიგაზე გუნდს ძალიან გამოადგებოდა,ამასთან ფორმაში იქნებოდა და შესაძლოა ნაკრებსაც გამოსდგომოდა.მისთვისაც კარგი იქნებოდა,მას გორის "დილა" ტრამპლინათ გამოადგებოდა. რა თქმა უნდა სოსიაშვილის გადასაწყვეტია.
მერაბი
22:43 14-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული