მშობლიურ კერას მოწყვეტილი "ზორია" უკრაინის ჩემპიონატში მშვენივრად თამაშობს, მეოთხე ადგილზეა და ევროპალიგის საგზურის მოპოვების რეალურ პრეტენდენტადაც ითვლება.
ლიპარტიასთან ჩვენი ინტერვიუ კიევის "დინამოსთან" მატჩის გახსენებით დავიწყეთ.
- კიევის "დინამოსთან" ურთულესი მატჩი გვქონდა, - გვითხრა ლიპარტიამ, - ეს შედეგი საპატიოა, რადგან ახლა "დინამო" კარგ ფორმაშია და ბევრს უჭირს მასთან გამკლავება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და
- რის ხარჯზე მიაღწიეთ ასეთ შედეგს?
- პირველიდან ბოლო წუთამდე გუნდი განუხრელად ასრულებდა მწვრთნელის მითითებებს. წამითაც კი არ დარღვეულა სათამაშო დისციპლინა. ორი გოლი ხომ გავიტანეთ და, მომენტები კიდევ გვქონდა. დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე რომ გამოგვეჩინა, შედეგი, ალბათ, სხვა იქნებოდა.
- პირადად თქვენს თამაშზე რას იტყვით?
- პენალტი, რომლიდანაც გოლი გავიდა კიეველთა კარში, მე მოვიპოვე.
- თქვენ ხშირად ასრულებთ 11-მეტრიანებს. ამჯერად რატომ არ დაარტყით?
- წინასამატჩო დარიგებაზე მწვრთნელმა გვითხრა, რომ თუ მე გამოვიმუშავებდი პენალტს, მას უნდა დაერტყა, ვინც დაარტყა, თუ არა და - მე. საბოლოოდ, მოხდა ის, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, გული არ დამწყვეტია. ჩემთვის მთავარი მუდამ გუნდის წარმატებაა და არა - პირადი სტატისტიკა.
- "ზორიას" უკრაინის ჩემპიონატში ევროპალიგაზე გამსვლელი მეოთხე ადგილი უჭირავს. მიზნად ევროასპარეზზე გასვლა გაქვთ დასახული?
- ასეა, მეოთხე ადგილი უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ მართლა კარგი გუნდი გვყავს და გვაქვს ევროპაზე გასვლის პოტენციალი.
- ამბობენ, "ზორიაში" ფინანსური კრიზისიაო...
- ქვეყანაში ომია და ეს გასაკვირი სულაც არ არის. კლუბის ხელმძღვანელობა მაინც ახერხებს იმას, რომ ფეხბურთელმა მხოლოდ თავისი საქმის კარგად კეთებაზე იფიქროს და ეს დასაფასებელია.
- რა დაღს ასვამს ქვეყანაში მიმდინარე ომი უკრაინულ საკლუბო ფეხბურთს, მათ შორის - "ზორიას"?
- მე ჩვენი გუნდის მაგალითზე გეტყვით და დასკვნები თავად გამოიტანეთ. როცა ლუგანსკში ვთამაშობდით, ისეთ მატჩზეც კი, რომელსაც ინტრიგა აკლდა, 5-6 ათასი მაყურებელი სულ იკრიბებოდა. ახლა ზაპოროჟიეში ვცხოვრობთ და აქვე ვთამაშობთ. ტრიბუნები, ფაქტობრივად, ცარიელია. ჩვენს მატჩებზე კი არა, ადგილობრივი გუნდის თამაშზე არ დადის მაინცდამაინც ბევრი მაყურებელი.
ამას წინათ, არ დაგვეზარა, დავთვალეთ და სულ 136 მაყურებელი იყო ტრიბუნებზე. ამიტომ მიმაჩნია და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, რომ "ზორია" ლუგანსკში მეტს შეძლებდა. სამწუხაროდ, ახლა იქ ისეთი მდგომარეობაა, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლებელია.
- ომმა ლუგანსკი ძალიან დააზიანა?
- არა, უშუალოდ ლუგანსკში არ არის ომი და სროლა, მაგრამ ფრონტისპირა ქალაქია და ხალხი ფეხბურთზე ვერ იფიქრებს... არც ისეთი სიტუაციაა, რომ იქ ვითამაშოთ.
- "ზორიაში" რა პოზიციაზე გიწევთ გარჯა?
- ვთამაშობ როგორც საყრდენის, ისე წინწაწეული ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე.
- კლუბთან კონტრაქტი ხომ არ გეწურებათ?
- არა, ხელშეკრულებით კიდევ ორი წელი მაკავშირებს "ზორიასთან" და, სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობ ჯერ სხვა კლუბზე. თან, გუნდს დიდი მიზნები აქვს. უკვე გითხარით, ევროპალიგაზე გასვლა გვინდა. ჩემთვის განსაკუთრებული გამოწვევაა ევროთასებზე თამაში.
- უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს და მანდ მოთამაშე ჩვენებურ ფეხბურთელებს თუ ეხმიანებით?
- კი, ძალიან ხშირად. რამდენიმე დღის წინათ სანდრო კობახიძის გუნდთან გვქონდა თამაში. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ.
- საქართველოს ნაკრების თემაზეც გადავიდეთ. ნახეთ ეროვნული გუნდის ბოლო ორი მატჩი?
- ვნახე. მალტასთან თამაშში სასიამოვნო ტენდენციები შევნიშნე. ჩემთვის რაც ყველაზე მთავარი და გასახარი იყო, ის არის, რომ გუნდი შეტევას და ფეხბურთის თამაშს ცდილობდა.
რაც შეეხება გერმანიასთან შეხვედრას, უძლიერესი მეტოქე იყო. რაღა შორს წავიდეთ, მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატისა და ბრაზილია-გერმანიის გახსენებაც კმარა... მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები, ჩემი აზრით, არ იჯდა ყრუ დაცვაში და ესეც კარგია.
- საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის თქმით, ეროვნული გუნდის კარი ყველა ფეხბურთელისთვის ღიაა. ზაფხულის შეკრებაზე შანსი ახალ მოთამაშეებსაც მიეცემათ. ცხადია, თქვენც გექნებათ ჯანსაღი სანაკრებო ამბიცია...
- ნაკრებში მოხვედრა ყველა ფეხბურთელის კარიერაში განსაკუთრებული მოვლენაა. ადრე ვიყავი ეროვნულ გუნდში გამოძახებული. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამწვრთნელო შტაბის ყურადღება დავიმსახურო და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დავმკვიდრდე.
საქართველოს ნაკრებს აქვს პოტენციალი. როგორც ყველა ქართველი, მეც ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ჩვენ ყველა ერთად გავიხარებთ ჩვენთვის ძვირფასი გუნდის წარმატებით.
- მიმდინარე სეზონი საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მაინცაა თქვენს კარიერაში. რის ხარჯზე მიაღწიეთ ასეთ პროგრესს?
- ალბათ, მთავარი მაინც ისაა, რომ ბევრი იშრომო, მშვიდად აკეთო საკუთარი საქმე. ფეხბურთელს სჭირდება მწვრთნელის ნდობა და თანაგუნდელების მხარდაჭერა. "ზორიაში" ორივეს ვგრძნობ.
- როგორც ჩანს, ძალიან მეგობრული გუნდია...
- კი, რომ იტყვიან, ერთი ოჯახი ვართ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"