ჭანტურიასთან დაკავშირებით ორიოდ დღის წინათ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ამ ცნობის თანახმად, 22 წლის შემტევის გადაბირება კლუჟის მეორე გუნდს, "უნივერსიტატიას" სურს.
ჭანტურიას რუმინეთში შევეხმიანეთ და მისი ამჟამინდელი გუნდის ("კლუჟი") მდგომარეობის გარდა, ქულების დაკლების მერე აუტსაიდერად რომაა ქცეული, პერსონალური ამბებიც გამოვკითხეთ. თავდაპირველად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვაინტერესებდა:
"ჯანმრთელობის ამბავი, ცოტა ვერაა
მას იმ პენალტზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა, ამასწინათ რომ შეასრულა და არა მარტო რუმინული მედია თუ ქომაგი მოიყვანა აღტაცებაში.
"ბევრს ვვარჯიშობდი პენალტის ასე შესრულებაზე და მოხარული ვარ, რომ პრაქტიკაში ყველაფერი კარგად გადავიტანე. კიდევ ვაგრძელებ ამ კომპონენტზე ვარჯიშს და მჯერა, უფრო დავხვეწ", - სჯერა ჭანტურიას.
როგორ აფასებს ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორ შეხვედრას?
"ჩვენი ნაკრების მიერ ჩატარებული ბოლო ორი მატჩი მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო. საქართველოს ეროვნული გუნდი კვალიფიციური სამწვრთნელო შტაბის ხელშია და ეს უკეთესი მომავლის წინაპირობად მიმაჩნია.
მალტასთან მატჩში ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში ვჩაგრავდით მოწინააღმდეგეს და დამსახურებულადაც მოვიგეთ.
რაც შეეხება გერმანიასთან შეხვედრას, პირველი ტაიმი ცუდი იყო, მაინც დაძაბულები ვიყავით. მეორე ნახევარში მეტი ავიღეთ საკუთარ თავზე და ყველამ ვირწმუნეთ, რომ თამაში შეგვიძლია".
რაც შეეხება შეთავაზებებს, ამაზე ჭანტურიამ ეს გვითხრა:
"ჯერ მხოლოდ "კლუჟზე" ვარ კონცენტრირებული. არის შემოთავაზებები, თუმცა არჩევანი ჯერ არ გამიკეთებია. ყველაფერს ზაფხულში გადავწყვეტ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"