ლეგიონის უქმეები: მათეგოლი და ვაკოს ბენეფისი [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ქართველმა ლეგიონერებმა თავი ხუთი გოლით გამოიჩინეს. ამის თითქმის ნახევარი ვაკო ყაზაიშვილზე მოდის. თითო გოლი მათე ვაწაძემ, ირაკლი გეფერიძემ და მამუკა ტორონჯაძემ გაიტანეს...

ყაზაიშვილის ბენეფისი
ჰოლანდიის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში არნემის "ვიტესმა" "დორდრეხტს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა გურამ კაშიამ, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა ბენეფისი მოიწყო - 52-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო 65-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვაკოს ანგარიშზე ჰოლანდიის ჩემპიონატში უკვე 8 გოლია.

ეს ამ სეზონში მეორე შემთხვევაა, როცა ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა. საინტერესოა, რომ
პირველ შემთხვევაშიც (მაშინ სულაც ჰეთ-თრიკს გამოჰკრა ხელი) "ვიტესის" მეტოქე "დორდრეხტი" იყო. 22 წლის ქართველი ნახევარმცველისთვის აქამდე საუკეთესო შარშანდელი სეზონი იყო, როცა ერედივიზიეში 4 გოლის გატანა შეძლო.

"ჩემთვის განსაკუთრებულია, რომ ამ კლუბს უკვე ხუთი გოლი გავუტანე. პირველ ტაიმში მეტოქე აგრესიულად თამაშობდა და გვიჭირდა, მეორეში კი უკვე ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და ეს შედეგშიც აისახა", - განუცხადა მატჩის გმირმა კლუბის ვებსაიტს.

ამ ტურში "პსვ ეინდჰოვენმა" ნაადრევად გაინაღდა ჩემპიონობა, ქართველთა "ვიტესი" კი 54 ქულით მეოთხე ადგილზეა.

მათეგოლი
მართალია, დანიის ელიტაში ლადო დვალიშვილს თამაში თითქმის არ უწევს, მაგრამ რანგით მეორე დივიზიონში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფორვარდი ყოჩაღობს - მათე ვაწაძე 15 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

"ორჰუსის" და "ვიბორგის" დაპირისპირება ლიდერთა ჯახი იყო, რომელიც 1:1 დასრულდა.

"ორჰუსი" 91-ე წუთამდე აგებდა, ბოლოს კი ვაწაძემ გაისროლა და ქულა შეუნარჩუნა. ბოლო ოთხ მატჩში ვაწაძემ სამი გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ქართველები ფარერის კუნძულებზე
ამ სეზონში ფარერის კუნძულების მეისტარადეილდინში ჩვენებურები გამოჩნდნენ. ეს ჩემპიონატი ევროპის 53 ქვეყანას შორის 51-ე ადგილზეა რეიტინგით. პირველობის აუტსაიდერ "სუდუროის" შემადგენლობაში 26 წლის მცველი ვალერი იობაშვილი (2 თ, 1 გ) და 28 წლის ნახევარმცველი მამუკა ტორონჯაძე (4 თ, 2 გ.) გამოდიან.

თუმცა არ იფიქროთ, რომ ქართველმა ფარერებზე ბურთი პირველად გააგორა - ტორონჯაძე "სუდუროიში" (2010 წ.) და ნსი-ში (2011) გამოდიოდა საქართველოში ჩამოსვლამდე. ამ ტურში "სუდუროი", რომელიც 7 თამაშიდან სამი ქულით ბოლო, მეათე ადგილზეა, შინ "ტორსჰავნთან" დამარცხდა - 1:2.

მასპინძელთა ერთადერთი გოლი სწორედ ტორონჯაძის ანგარიშზეა.

მჭედლიძე კვლავ ოფსაიდში
საქართველოს ნაკრების მთავარი ფორვარდი ლევან მჭედლიძე უთამაშებლობას უჩივის - გერმანიის ნაკრებთან საკვალიფიკაციო შეხვედრის შემდეგ ჩვენებურმა მოედანზე სულ 17 წუთი გაატარა!

ეს დრო მას "იუვესთან" შეხვედრაში მისცეს, ხოლო "ლაციოსთან" და 19 აპრილს "პარმასთან" ლევანი მწვრთნელს აღარ დასჭირვებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფარერების ცემპიონატს კი ჯობია ჩვენი ჩემპიონატი და დაგეწერათ ბარემ ეგეც.
levani
14:57 20-04-2015
0
"გაისროლა" ნიშნავს შორი მანძილიდან დარტყმას..ვაწაძის შემთხვევაში არის დასწრება, დამატება..რაც მას სრულებითAც არ აკნინებს.. უბრალოდ გადაეჩვიეთ ჟურნალისტები გაბუქებას, დაწერეთ ისე, როგორც არის...
კახა
13:32 20-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული