"კულტურალ ლეონესადან" "სლავიაში" - იაკობ აფხაზავა ბელარუსის ოთხეულს უმიზნებს

AutoSharing Option
23 წლის ქართველი ნახევარმცველი იაკობ აფხაზავა ბელარუსის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარ მოზირის "სლავიაში" აღმოვაჩინეთ. ქართულმა საფეხბურთო საზოგადოებამ ამ მოთამაშის შესახებ ბევრი არაფერი იცის. არადა, იაკობმა ესპანეთში თამაშიც კი მოასწრო...

აფხაზავა "ლელოს" თავის საფეხბურთო თავგადასავალს უყვება...

"ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველი ვარ. თავდამსხმელების უკან ვთამაშობ. შემიძლია, ფლანგზეც დავდგე. გააჩნია, რა ტაქტიკა აქვს არჩეული ჩემს გუნდს", - გაგვეცნო იაკობი.

"ფეხბურთის თამაში "ნორჩ დინამოელში" დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელი გივი ქობელაშვილი იყო. 1998 წელს შევედი ფეხბურთზე და მას შემდეგ ის ჩემი ცხოვრების მთავარ აზრად იქცა", -
გვეუბნება იაკობ აფხაზავა.

როგორც ირკვევა, აფხაზავას ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანა შოთა ჭეიშვილმა, ვინც მაშინ "ოლიმპის" სკოლაში მუშაობდა, ახლა კი ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია.

"ნორჩი დინამოელიდან" გადავედი "შევარდენში". ამ გუნდთან ერთად სამჯერ ვითამაშე "ბენდელას თასზე". ერთხელ მეორე ადგილი დავიკავეთ, ერთხელაც - მესამე. ორივე შემთხვევაში ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი.

ამის პარალელურად, ვთამაშობდით თბილისის პირველობაზე. თუ არ ვცდები, 65 გოლი გავიტანე....

ამის მერე გადავედი საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში". ორ სეზონში 35 გოლი გავიტანე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ შოთა ჭეიშვილთან მომიხდა მუშაობა. ამ სპეციალისტმა უდიდესი წვლილი შეიტანა ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში", - ესეც აფხაზავას სიტყვებია.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში აფხაზავამ სულ ცოტა ხანს ითამაშა ფოთის "კოლხეთში". იმ პერიოდს ის ასე იხსენებს:

"ძალიან კარგი, მეგობრული და შეკრული კოლექტივი დამხვდა ფოთში. უბრალოდ, მე ვერ გამომავლინე ჩემი შესაძლებლობები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ "კოლხეთში" გატარებული ნახევარი სეზონი ყველაზე ცუდი იყო ჩემს კარიერაში", - ამბობს ის.

ამის შემდეგ იაკობ აფხაზავა ესპანეთში, კერძოდ "კულტურალ ლეონესაში" აღმოჩნდა.

"ესპანეთში რა დონეცაა და ფეხბურთი რასაც ნიშნავს ამ ქვეყნისთვის, ეს ყველამ იცის. "კულტურალ ლეონესაში" არ მიწევდა თამაში და გუნდის დატოვება გადავწყვიტე. არ მინდა, ყველაფერი ვთქვა. იყო რაღაც ამბები და მე გავიჭყლიტე... მინდოდა თამაში და შევუდექი ახალი გუნდის ძებნას", - ამბობს აფხაზავა.

როგორ აღმოჩნდა ჩვენებური ბელარუსის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარ მოზირის "სლავიაში"?

" ბელარუსულ კლუბში ჩემმა აგენტმა რომან შონიამ მომაწყო. ასეთი მეგობრული, ერთ მუშტად შეკრული გუნდი საზღვარგარეთ იშვიათობაა. ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის, იური პუნტუსის დამსახურებაა.

პუნტუსზე ცალკე უნდა ვთქვა - ის ყველაზე წარმატებული მწვრთნელია ბელარუსში. უდიდესი ავტორიტეტი აქვს. თავის დროზე სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ბატე-ს წარმატებებს", - ემადლიერება დამრიგებელს იაკობი.

მოზირის "სლავიაში" კიდევ ერთი ჩვენებური თამაშობს - ნახევარმცველი დავით ჩეგოევი. აფხაზავას მასზეც დავეკითხეთ.

"დათო ნიჭიერი ბიჭია, ბევრი შეუძლია. იური პუნტუსი კარგი თვალით უყურებს და ისიც ცდილობს, ძირითადში დამკვიდრდეს.

რაც შეეხება "სლავიას", კლუბს ფინანსურად ცოტა უჭირს და სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის გარეშე დღეს რთულია, დიდი მიზნები დაისახო. ამის მიუხედავად, პუნტუსი მაქსიმალისტია და ის ჩვენგან ოთხეულში დამკვიდრებას ითხოვს.

ბელარუსის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონის ტურნირია. არ არის იოლი ამის გაკეთება, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ მიზნის მისაღწევად.

ჩვენთან ძალიან კარგი კონტინგენტია თავმოყრილი. გვყავს როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა ფეხბურთელები. ერთი სიტყვით, "სლავია" მშვენიერი გუნდია, რომელსაც ბევრი შეუძლია.

ბელარუსის ჩემპიონატს რაც შეეხება, აქ ვერც ერთი გუნდი ვერ მოდუნდება. ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის "გამწარება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული