...აი, ამის მერე აშენდება სტადიონი ბათუმში

AutoSharing Option
"ლელოში" გამოქვეყნებულ წერილს ("როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?") საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბათუმში აუშენებელი სტადიონის მშენებლობის თემა კვლავ აქტუალური გახდა...

- როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავარი ქალაქი 2006 წლის შემდეგ საფეხბურთო არენის გარეშეა დარჩენილი. ამ თემაზე არაერთხელ დაგვიწერია და ბევრს აღარ გავაგრძელებთ. თავიდან "დინამო" ბათუმის სხვა სტადიონზე თამაშობდა, მაგრამ როდესაც ეგრეთ წოდებული "ბეენზესა" და ადელის სტადიონებიც დაანგრიეს, "დინამო" ქობულეთის "ჩელე არენას" შეეხიზნა, ხოლო კლუბს, ხარჯებთან ერთად, პრობლემებიც
მოუმრავლდა.

ამის მიუხედავად, ევროპის ლიგაზე ჯერ შოთა ჭეიშვილის გაწვრთნილები გავიდნენ, ახლა კი ეს რთული ამოცანა ლევან ხომერიკის გუნდმაც გადაჭრა. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ გუნდს აუზში წყალს არ უსხამდნენ, მაგრამ ბათუმელებმა "ცურვა" მაინც ისწავლეს. ახლა წარმოიდგინეთ, გუნდი საკუთარ ქალაქსა და არენაზე რომ ითამაშებს, როგორ გაუმჯობესდება შედეგები?!

კიდევ ერთხელ დავინტერესდეთ - როდის ექნება ზღვისპირა ქალაქს სპორტული კომპლექსი?

ცნობილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა და შპს "სტადიონს" 38 მილიონი ლარი გამოეყო - კომპანიამ ამ თანხით სტადიონი და საავადმყოფო უნდა ააშენოს. "აჭარა TV-სთან" ინტერვიუში ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ სტადიონის მშენებლობის დაწყების ვადა მალე გაირკვევა.

"სტადიონის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკვე გაეგზავნა. ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი, მშენებლობაზე ტენდერი როდის გამოცხადდება", - ამბობს ბოლქვაძე.

ბოლო ცნობების თანახმად, ჩანაფიქრი ასეთია: სტადიონი მანქანათმშენებელი ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე (ფართობი - 8 ჰექტარი) აშენდება და წმინდა საფეხბურთო არენა იქნება. ის 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას IV კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

მანამდე კი ბათუმის "დინამო" ისევ უსტადიონოდ და უბაზოდ არის და ისღა დაგვრჩენია, ერთ-ერთი უძველესი კლუბის პრობლემების მოგვარების იმედი დავიტოვოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
იმედია სტადიონი ეღირსება ბათუმს!ტევადობაც ოპტიმალურია. გასათვალისწინებელი უნდა იყოს, რომ სტადიონზე საერთაშორისო მატჩების ჩატარების ყველა მოთხოვნა იქნება დაცული. ამასთან, სხვა ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობაც უნდა იყოს - ზაფხულის პერიოდში კონცერტების ჩასატარებლად.
მერაბი
09:35 22-11-2017
0
თუ ამ სტადიონს აშენება ეღირსება,კარგი იქნებოდა აკუსტიკაც გაითვალისწინონ.ბათუმში ბევრი კონცერტი იმართება და ტოპ მომღერლებმა შეიძლება მანდ იმღერონ,ასევე ფესტივალებიც.
სოსო
11:16 07-02-2017
0

სიახლეები პოპულარული