ცოტა ხნის წინათ, ლოგუა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი იყო. 2010 წელს ის მოსკოვის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაშიც გამოჩნდა. რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო, 19-წლამდელებში კი 5 შეხვედრა გამართა და 4 ბურთი გაიტანა. შეუძლია თამაში ორივე ფლანგზე. უთამაშია მეორე ფორვარდადაც.
"ლელო" ირაკლი ლოგუას ესტონეთში დაუკავშირდა. უნდა ითქვას, რომ ოჩამჩირეში დაბადებული
- ირაკლი, თავდაპირველად, გვიამბეთ ფეხბურთში თქვენი პირველი ნაბიჯების შესახებ...
- მთელი ჩვენი ოჯახი საფეხბურთოა. აფხაზეთში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო ოჯახი მოსკოვში დასახლდა. პირველი ნაბიჯები ეზოში გადავდგი - როგორც ყველა ბიჭი, მეც სიამოვნებითა და დიდი აზარტით დავდევდი ბურთს თანატოლებთან ერთად. ჩემს თამაშს განსაკუთრებული ყურადღებით ბიძა აკვირდებოდა. მისი ინიციატივით აღმოვჩნდი საფეხბურთო სკოლაში.
- მოსკოვის "დინამოში" როგორ მოხვდით?
- სკოლაში, ერთ-ერთი თამაშის დროს, მოსკოვის "დინამოს" სელექციონერებმა შემნიშნეს და ასე აღმოვჩნდი ტრადიციებით მდიდარ კლუბში. ამ დროისთვის, უკვე რუსული პასპორტი მქონდა. ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო, რადგან სხვანაირად რუსეთში კარიერას ვერ აიწყობ. სულ ახალგაზრდამ ვითამაშე "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში. სისტემატურად მიწვევდნენ რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში.
ძალიან მინდოდა "დინამოში" დამკვიდრება. არიან ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან, კარიერა სულ ერთ გუნდში გაატარონ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს შემთხვევაში ასე იყო, მაგრამ "დინამოში" დამკვიდრება მართლა ძალიან მინდოდა. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელი...
- რა იყო მიზეზი?
- ფეხბურთელი სკამზე ჯდომით ვერ გაიზრდება. ამიტომ, გადავწყვიტე, არენდით წავსულიყავი სათამაშოდ ჯერ ვორონეჟის "ფაკელში", მერე კი - ნოვოსიბირსკის "სიბირში".
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ დავმკვიდრდი მოსკოვის "დინამოში", მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მეტწილად, მიზეზები არასაფეხბურთოა. ჩემი თხოვნა იქნება, ამაზე მეტს ნუ ვისაუბრებთ...
- "ფლორაში" როგორღა აღმოჩნდით?
- სანამ ესტონეთში წამოვიდოდი, ორი არჩევანი მქონდა. პირველი - ნახევარი სეზონით დავრჩენილიყავი მოსკოვის "დინამოში" და მეორე - მიმეღო "ფლორას" წინადადება. თავიდან ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ იყო ერთ-ერთი ბალტიისპირული კლუბის ინტერესი. მას გუნდი არ დაუკონკრეტებია. თუმცა იცოდა, რომ ევროპაში თამაში მინდოდა. მან მითხრა - წადი ჯერ ბალტიისპირეთში, გამოიჩინე იქ თავი და მერე ევროპული კლუბებისგანაც იქნება ინტერესიო.
"ფლორას" კარგად მოვერგე. რა თქმა უნდა, აქ არ არის ისეთი ფინანსური პირობები, როგორიც "დინამოში", მაგრამ თამაში გამომდის, გუნდში კარგად ჩავეწერე...
ბავშვობაში, "დინამოს" აკადემიაში ყოფნისას, და მერეც, რამდენიმე კარგ მწვრთნელთან მომიხდა მუშაობა. ისინი სულ მეუბნებოდნენ, რომ რუსეთის პირველი დივიზიონის ფეხბურთი საჩემო ფეხბურთი არ არის. პრემიერლიგა სხვა დონეა. აი, პირველ დივიზიონში თამაშს კი ესტონეთში ყოფნა მირჩევნია. აქ ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთ, მე რომ მიყვარს.
- და როგორი ფეხბურთი გიყვართ?
- შემოქმედებითი, კომბინაციური, ტექნიკური... ზუსტად ასეთ ფეხბურთს თამაშობს "ფლორა". სხვათა შორის, ცოტა ხნის წინათ ერთი ძალიან სერიოზული გუნდი მიწვევდა გასინჯვაზე. ტრავმა მივიღე და ეს ვარიანტი ჩაიშალა. "ფლორასთან" ახალი კონტრაქტი გავაფორმე. კლუბის პრეზიდენტი მელაპარაკა. ის ძალიან მაფასებს. მკითხა, მსურდა თუ არა დარჩენა. დადებითად ვუპასუხე. ამ ეტაპზე ასეა. ამასთან ერთად, 23 წლის ასაკში არამც და არამც არ დამიკარგავს სოლიდურ ევროპულ კლუბში მოხვედრის იმედი.
- ქართულ ფეხბურთზე რა იცით?
- ვიცი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელების შესახებ. რუსეთში რომ თამაშობდნენ, ისინი პირადად მინახავს... ისე მოხდა, რომ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ვითამაშე.
- ეს სად მოხდა?
- ლიეპაიაში შედგა ეს შეხვედრა. თუ არ ვცდები, 17-წლამდელთა ტურნირი იყო. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ჯანო ანანიძე. მაშინ, მგონი, ის ერთი წლით უფროსებში თამაშობდა.
- პირდაპირ უნდა გკითხოთ: შანსი რომ იყოს, საქართველოს ნაკრებში ითამაშებდით?
- სიამოვნებით! რატომაც არა?! სათქმელად ადვილია, პრობლემა კი ბევრი იქნება...
- მაგალითად?
- თუნდაც, პასპორტი. ერთიცაა - საქართველო ტალანტების ქვეყანაა, იქ უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელია და დააკმაყოფილებთ კი ირაკლი ლოგუას სათამაშო დონე?
- ძალიან მორიდებული ჩანხართ...
- სხვათა შორის, ბევრი ამბობს ამას. მშობლებმა ასე გამზარდეს. რა ვიცი, მგონი, უმჯობესი იქნება, თუ არ შევიცვლები (იცინის).
- როგორც გავიგეთ, ორივე ფლანგზე თანაბარი წარმატებით შეგიძლიათ თამაში...
- ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, რომელ ფლანგზე ვითამაშებ. ისე, გაგიკვირდებათ და, პირველად მოსკოვის "დინამოში" დამაყენეს ფლანგზე.
- მანამდე?
- მეორე თავდამსხმელი ვიყავი. გამოკვეთილი ცენტრფორვარდის უკან ვთამაშობდი.
- რატომ შეგიცვალეს ამპლუა?
- როგორც იცით, 2010 წელს მოსკოვის "დინამოში" კევინ კურანი ჩაირიცხა. კარგად გახსოვთ, როგორი ავტორიტეტი ჰქონდა მაშინ გერმანელს. ის "დინამოში" ნამდვილი ვარსკვლავის სტატუსით მოვიდა. რა თქმა უნდა, ჩემი და ჩემი მწვრთნელის მიზანი იყო, რომ "დინამოს" ძირითად გუნდში სისტემატურად მეთამაშა. ჩავთვალეთ, რომ ამის გაკეთება უფრო იოლი ფლანგიდან იქნებოდა. მაშინ ცენტრფორვარდის პოზიციაზე დიდი კონკურენცია იყო "დინამოში". ალექსანდრ კოკორინიც კი ვერ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, არადა, ის დღეს რუსეთის ნაკრების ძირითადი ფორვარდია.
- ვიცით, რომ ოჩამჩირიდან ხართ...
- ასეა. მამა აფხაზია, ბებია - ქართველი. ჩვენი ოჯახი ბედნიერად ცხოვრობს. არასოდეს ყოფილა გაუგებრობა ჩვენში. პოლიტიკა ჩემგან შორსაა...
- რას იტყვით "ფლორას" ქართველ ნახევარმცველ ზაქარია ბეგლარიშვილზე?
- ის ძალიან კარგი ადამიანია. მე უზომოდ მომწონს მისი პირადი თვისებები - ადამიანებთან ურთიერთობის კულტურა, იუმორის გრძნობა, ერუდიცია... სხვანაირად რომ ვთქვათ, ზაქარია "კომპანიის გულია". არა, მე მასთან ვერ მივალ (იცინის)...
რაც შეეხება მის სათამაშო თვისებებს, "ფლორაში" რომ მივედი, მაშინ ის გუნდში არ იყო. ხომ გაგისინჯავთ კერძი, რომელსაც მარილი აკლია? ასეთი იყო "ფლორა" ბეგლარიშვილს გარეშე. ის გუნდის "ტვინია". არ ვიცი, ადევნებთ თუ არა თვალს ჩვენი გუნდის თამაშებს. ბეგლარიშვილი "ფლორასთვის" იგივეა, რაც "რეალისათვის" ლუკა მოდრიჩი. მინდორზე ერთმანეთს თვალდახუჭულნი ვუგებთ. ვიცი, ზაქარია მეურვეს მოატყუებს და იუველირული სიზუსტის პასს გამიკეთებს... მასთან თამაში ერთი დიდი სიამოვნებაა.
- გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის...
- პირიქით, მადლობა თქვენ, ჩემით რომ დაინტერესდით. მე გეუბნებით - "ნახვამდის"! ცხოვრება მოულოდნელობითაა სავსე. ვინ იცის, მოხდეს ისეც, რომ ჩვენი ინტერვიუ ტელეფონის საშუალებით კი არა, "ცოცხალ" რეჟიმში შედგეს.
- იმედია, ასეც მოხდება. აბა, ნახვამდის!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"