ლუკა ზარანდია გაოცებულია, თორნიკე ოქრიაშვილის აგენტი "ვიტესს" გამორიცხავს

AutoSharing Option
ბელგიური ვებგვერდები "გენკში" დატრიალებულ მოვლენებზე ლამის იდენტურ ინფორმაციებს ავრცელებენ: ცხადია, ჩვენთვის საინტერესო ქართველების ამბავია. ამ წყაროთა მტკიცებით, "გენკმა" ევროპალიგის საგზური რომ ვერ მოიპოვა, კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის მასობრივი წმენდა, ერთბაშად 8 ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა.

"შავ სიაში" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილიც მოხვდა და თუ მას სხვა კლუბიდან კარგი წინადადება ექნა, ხელს არ შეუშლიან. რაც შეეხება ლუკა ზარანდიას, მასში გარკვეულ პოტენციალს ხედავენ და, შესაძლოა, სხვა კლუბში გაანათხოვრონ.

ეს ამბავი სიახლე აღმოჩნდა თავად ზარანდიასთვის. მისი თქმით, გუნდიდან ისე წამოვიდა, მსგავსი რამ არავის უთქვამს.

"გუნდი შვებულებაშია. ბელგიიდან 4 დღის წინათ წამოვედი. მანამდე "გენკის" სპორტულ დირექტორს შევხვდი და მსგავსი არაფერი უთქვამს. საერთოდ, ჩემ განათხოვრებაზე ლაპარაკი არც ყოფილა და 19 ივნისს, გუნდის შეკრებაზე უნდა გამოვცხადდე", - გვითხრა ზარანდიამ.

"ლელო" ბელგიაში ოქრიაშვილის მენეჯერ მამუკა ამიროვსაც დაუკავშირდა:

"თორნიკესთან დაკავშირებით, "გენკს" ახლა ველაპარაკე. პირდაპირ გეტყვით, რომ რაღაც ხდება, მაგრამ ბელგიურმა მედიამ მოვლენები არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქა. საქმე ისაა, რომ ოქრიაშვილს არავინ უშვებს და მით უმეტეს, არც არავინ აგდებს. წამოსვლა თავად თორნიკეს სურს. მისით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, მაგრამ ბელგიელები 1,5 მილიონ ევროს ითხოვენ. ასე რომ, ოქრიაშვილი ახალ გუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუ ამ თანხას გადაიხდიან. თუ არა და, შესაძლოა, ისევ "გენკში" დარჩეს".

ამიროვს ოქრიაშვილით დაინტერესებულ კლუბებზეც ვკითხეთ: "პირდაპირ გეტყვით, რომ შესაძლოა, მალე გავრცელდეს ხმები "ვიტესში" მის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ არ დაიჯეროთ - ეს ჭორები იქნება. რეალურად, დაინტერესებულ კლუბებს ჯერ ვერ დავასახელებ. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, რათა მერე მორიგ ინტერპრეტაციებს არ დაუდონ სათავე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამიროვ რატო ხარ მატყუარა. ყველა გიცნობს როგორც მატყუარას, ვის რა ჯანდაბად უნდა ამრევი ოქრიაშვილი
genk
17:48 19-05-2015
0
რა 1.5 ევრო რეებს ბოდიალობთ:D რამდენი ხანია მანდ არის და ელემენტალურად დისციპლინაც კი არ იცის :Dვის უნდა ეხლა მასეთი ფეხბურთელის ყიდვა ! ნეტავ ვცდებოდე.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული