ვაკო გვილია: კარგად გამიგეთ, ქართველი ვარ და ჩემს ქვეყანაზე ხელი არ ამიღია

AutoSharing Option
ფოტოზე: ვაკო გვილია ჯაბა კანკავას წინააღმდეგ
როდესაც "ლელო" დაინტერესდა, უცხოეთის პასპორტის მქონე ქართველებიდან ვინ იყო ეროვნული ან ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელთა ინტერესის სფეროში, სამი საყრდენი ნახევარმცველი დაგვისახელეს - გერმანიის II ბუნდესლიგის ბინადარ "უნტერჰახინგის" წევრი ლუკას ჰუფნაგელი (მამით გერმანელი, დედით ქართველი), უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ასაკობრივი გუნდის ლიდერი ბექა ვაჩიბერაძე და ზაპოროჟიეს "მეტალურგის" ფეხბურთელი ვაკო გვილია.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებში მათი მიწვევა დღემდე ვერ ხერხდება.

ამასობაში კი გვილიამ უკრაინის პრემიერლიგის მეათეადგილოსანი ზაპოროჟიეს "მეტალურგის" შემადგენლობაში პოზიცია გაიმყარა და მალე სანაკრებო დებიუტის იმედიც
აქვს.

20 წლის საყრდენ ნახევარმცველს გუნდის მთავარი მწვრთნელი ანატოლი ჩანცევი მეორე წრეში სისტემატურად ათამაშებდა. სწორედ გვილიასა და კიდევ ერთ ქართველს უკავშირდება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია, სადაც ვკითხულობთ, რომ 1-დან 4 ივნისამდე კიევში ვალერი ლობანოვსკის სახელობის ტრადიციული მემორიალი გაიმართება, ხოლო ადგილობრივი ახალგაზრდული ნაკრების გარდა, ტურნირში მოლდოვის, სლოვენიისა და საქართველოს გუნდებიც ითამაშებენ.

საიტზე ასე კი წერია, მაგრამ ეს ინფორმაცია მცდარია - საქმე ისაა, რომ 3 ივნისს ალექსანდრე ჩივაძის გუნდი სან-მარინოსთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩაატარებს. სინამდვილეში, საქართველოს ნაცვლად, კიევში საბერძნეთი ითამაშებს. 6 და 9 ივნისს კი უკრაინელები ზალცბურგში ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ ჩეხებთან. ამ თამაშებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კოვალეცმა ნაკრებში სწორედ ვაკო გვილია და მარიუპოლის "ილიჩევეცის" ფეხბურთელი ზურაბ ოჩიგავა გამოიძახა.

"ბოლო შეხვედრებში ჩანცევი სულ მენდობა. მერე მითხრეს, რომ უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ სიაში ვიყავი. მერე კლუბში წერილი მოვიდა და მითხრეს, რომ გაფილტრულ განაცხადშიც მოვხვდი და 31 მაისს კიევში შეკრებაზე გამომიძახეს", - ამბობს გვილია.

მას კომენტარი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელთა დაინტერესებაზეც ვთხოვეთ:

"ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ საბოლოოდ მაინც საქართველოში თამაში მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ეროვნულ ნაკრებში ჩემი გამოძახება ჯერ ნაადრევია. ახალგაზრდულში რომ ჩამოვიდე, კლუბში თამაშს ვერ შევძლებ. პასპორტის გარეშე კი უკრაინაში ჩემი ასაკის მოთამაშეს პრობლემა შეექმნება.

კარგად გამიგეთ, ჯერ საკლუბო კარიერის აწყობა მსურს და სანამ ამის შანსს მაძლევენ, მინდა გამოვიყენო. მაგრამ ქართველი ვარ და ჩემს ქვეყანაზე ხელი არ ამიღია. გულახდილად ვამბობ - მაინც ყველაფერს გავაკეთებ, რომ საბოლოოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამოვადგე".

რაც შეეხება კოვალეცის სიაში მოხვედრილ მეორე ქართველს, ზურაბ ოჩიგავას, ის 18 მაისს 20 წლის გახდა. ოჩიგავამ "ილიჩევეცის" შემადგენლობაში 6-ჯერ ითამაშა - სამჯერ ძირითადში და ამდენჯერვე - შეცვლაზე. გვილიას მასზეც ვკითხეთ:

"თუ არ მეშლება, ზურა მარცხენა მცველია. "ილიჩევეცის" ძირითად შემადგენლობაში ბოლო დროს გამოჩნდა და ძალიან აქებენ.

მარიუპოლელებს ახლახან ვეთამაშეთ და გაცნობა მინდოდა, მაგრამ იმ დღეს განაცხადში არ იყო. არაფერია, შეკრებაზე გავიცნობ. მიხარია, რომ ნაკრებში ორი ქართველი ვართ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული