არც დავფიქრდები, ისე ჩამოვალ - ვაკო გვილია თბილისის ტრაგედიასა და მოქალაქეობაზე

AutoSharing Option
ზაპოროჟიეს "მეტალურგის" ქართველი ლეგიონერი ვაკო გვილია თბილისში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

"13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ მდგომარეობიდან ვერ გამოვსულვარ. მინდა გულისტკივილი გამოვხატო და გარდაცვლილთა ოჯახებს მივუსამძიმრო.

უკრაინელები ჩვენ მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩეოდნენ. არ გამკვირვებია, მომხდარის შემდეგ ჩემმა თანაგუნდელებმა ტრაგედია გულთან ახლოს რომ მიიტანეს. მათთვის ჩვენ მოძმე ერი ვართ და ყველაფერს ისე განიცდიან, როგორც საკუთარ ტკივილს.

ამ უბედურებამ გამოაჩინა ქართველების ერთსულოვნება და ურთიერთსიყვარულიც. უკრაინელები გაოგნებულები იყვნენ. მსგავსი რამ ბევრგან მომხდარა, მაგრამ ვერ იხსენებენ, ქუჩაში ლამის მთელი ახალგაზრდობა გამოსულიყოს", - ამბობს ვაკო გვილია.

ივნისში მან პირველად მოირგო უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ფორმა. გვილიას კომენტარი ამაზეც ვთხოვეთ:

"კმაყოფილი ვარ, რადგან ყველა მატჩში თითო ტაიმი ჩავატარე. თამაშის წინ მეგობრებს ავყევი და უკრაინის ჰიმნი ვიმღერე. ეს სასირცხვილოდ არ მიმაჩნია, რადგან ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა, ფეხბურთელად აქ ჩამოვყალიბდი და ისედაც, მიმაჩნია, რომ უკრაინა ჩემი მეორე სახლია.

კიდევ ერთხელ ვიტყვი: საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაში ერთდროულად შემომთავაზეს და ახლა უკრაინა ავირჩიე. ეს იმიტომ, რომ აქაურ პასპორტზე უარის თქმის შემთხვევაში, კლუბში ბევრი სიძნელე შემექმნებოდა, ლეგიონერად ჩავითვლებოდი და თამაშს ვეღარ შევძლებდი.

თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ - უპირველეს ყოვლისა, მე ქართველი ვარ და თუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, დაუფიქრებლად ჩამოვალ".

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან გამიხარდა, გისურვებ უფრო დიდ წარმატებებს!
Gia.L.
15:52 19-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული