თედორე გრიგალაშვილი: "ტერეკში" ყველა პირობაა ფეხბურთელის პროგრესისთვის

AutoSharing Option
რუსულ პრემიერლიგაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი თედორე გრიგალაშვილი ახალი სეზონიდან გროზნოს "ტერეკის" დაცვას გაამაგრებს - კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.

უწესიერესი, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული, რეჟიმის დამცველი - ასე ვიცნობთ 22 წლის გრიგალაშვილს, ვინც ახალი გამოწვევის წინაშე დგას.

"ლელო" თედოს შეეხმიანა და მისგან საინტერესო ამბები მოისმინა.

"ჯერ გეტყვით, რა და როგორ მოხდა. "ტერეკში" რეკომენდაცია დავით მუჯირმა გამიწია. მცველი სჭირდებოდათ და დათომ ჩემი კანდიდატურა შესთავაზა. ამისთვის მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მოხარული ვარ იმის
გამოც, რომ მას მოლოდინი გავუმართლე და კლუბში ჩავირიცხე...

პირველსავე, ავსტრიულ შეკრებაზე შევუერთდი გუნდს. იყო ფიზიკური დატვირთვები და პარალელურად, თამაშები, როგორც ხდება ხოლმე. საკუთარ თავზე არ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ პირველ შეკრებაზეც არ გამჭირვებია, ვარჯიშებსა და თამაშებზე თავი ნორმალურად წარმოვაჩინე...

შემდეგ დასვენება გვქონდა და სამი დღით საქართველოში ჩამოვედი. კვლავ დამიკავშირდნენ და "ტერეკთან" ერთად მეორე შეკრებაზე გავემგზავრე. შეკრების ბოლოს კი კონტრაქტიც დავიმსახურე...

სულ შვიდ საკონტროლო მატჩში მივიღე მონაწილეობა შეკრების მსვლელობისას და ცუდად არ მითამაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტრაქტს არ გამიფორმებდნენ. ყველამ ვიცით, რა მოთხოვნებია რუსული პრემიერლიგის გუნდებში...

რაშიდ რახიმოვი განსწავლული მწვრთნელია. შეკრების მსვლელობისას მიხსნიდა ყველაფერს, მესაუბრებოდა...

რაც შეეხება "ტერეკს", მაღალი დონის გუნდია. აქ ფეხბურთელს ყველანაირი პირობა აქვს პროგრესისთვის...

ახლა თბილისში ვარ სავიზო ამბების გამო. ესეც მალე მოგვარდება და მაშინვე შევუერთდები "ტერეკს". თუ რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურამდე მოესწრო ყველაფერი, ხომ კარგი, თუ არა და, სასტარტო მატჩის გამოტოვება მომიწევს", - გვითხრა გრიგალაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული