ქართველი ფეხბურთელი ამერიკის ასაკობრივ ნაკრებში მიიწვიეს

AutoSharing Option
ფოტოზე: ნიკა კევლიშვილი
"გუნდში ვინც კარგად ვერ მცნობს, ყველას ფეხბურთელი ვგონივარ. იმიტომ, რომ "რედ ბულის" მწვრთნელებში ყველაზე ახალგაზრდა ვარ - 24 წლის. საერთოდ, ყველაზე ახალგაზრდა გახლავართ იმათ შორისაც, ვისაც ნიუიორკელთა გუნდში მუშაობა დაუწყია. "რედ ბულში" 22 წლისა ამიყვანეს და ჩემზე უმცროსი ახლაც არავინ ჰყავთ", - ამაყობს ნიკა კევლიშვილი, რომელიც ამ ცნობილი ამერიკული კლუბის საფეხბურთო სკოლაში მუშაობს.

ახალგაზრდა ქართველი ამერიკაში 6 წლის წინათ წავიდა და გარდა იმისა, რომ საოცნებო ქვეყანაში მოხვდა, სასურველ საქმესაც მოჰკიდა ხელი.

"ლელო" ნიკა კევლიშვილს გაესაუბრა...

- დავიწყოთ
საქართველოს პერიოდით. სად ვარჯიშობდით და თამაშობდით?

- თბილისელი ვარ, ბავშვობაში გელა სანაია თბილისის "თბილისში" მავარჯიშობდა. ხომ გახსოვთ, ავლაბარში მაგარი სტადიონი და გუნდი რომ იყო? მერე "ვიტ ჯორჯიაში" ზაზა დიდებაშვილთან გადავედი და დაახლოებით 5 წელი მასთან ვიყავი.

- დიდების ფეხბურთი თუ გითამაშიათ?
- სერიოზულ დონეზე გამოცდილება არ მაქვს, მხოლოდ ჭაბუკთა ლიგაში ვთამაშობდი და რამდენიმე შეხვედრა დუბლების ჩემპიონატშიც ჩავატარე. შემდეგ ამერიკაში წამოვედი და სწავლაზე გადავერთე.

- მწვრთნელობა როდის გადაწყვიტეთ?
- სურვილი საქართველოში გამიჩნდა. ვარჯიშის მერე ხშირად ვრჩებოდი ზაზა დიდებაშვილთან და 9-10 წლის ბავშვების გაწვრთნაში ვეხმარებოდი. იმიტომ, რომ ეს საქმე პატარა ასაკიდანვე მიზიდავდა და ვიცოდი, ფეხბურთს თავს რომ დავანებებდი, ადრე თუ გვიან მწვრთნელობას მოვკიდებდი ხელს.

- ამერიკაში როგორღა დაიწყეთ ეს საქმე?
- 20 წლის ვიყავი, როცა საქართველოში დროებით დაბრუნებულმა C ლიცენზია ავიღე. ამერიკაში რომ დავბრუნდი, სწავლის პარალელურად სამსახურსაც აქტიურად ვეძებდი, რაც სამწვრთნელო ლიცენზიით მოხერხდა და პირველი პროფესიული კონტრაქტიც გავაფორმე.

- როგორ?
- "რედ ბული" ჩემთვის ოცნება იყო - ასეთი დონის გუნდში მუშაობაზე არც ვფიქრობდი, რადგან იქ მოსახვედრად არც გამოცდილება მიწყობდა ხელს და არც ცოდნა მქონდა შესაფერისი... მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, ინტერნეტში ვნახე განცხადება, რომ "რედ ბულმა" მწვრთნელების მიღება გამოაცხადა და ყოველი შემთხვევისთვის, ჩემზე ინფორმაცია გავაგზავნე... და მართლა არ მიმიწვიეს?!

შემდეგ დაიწყო გასაუბრებები და "რედ ბულში" მოსახვედრად არაერთი რთული ეტაპის გავლამ მომიწია. დიდი კონკურენცია იყო, 200-მდე მწვრთნელიდან 8 უნდა აერჩიათ და ამ ბედნიერებში მეც მოვხვდი.

- ახლა "რედ ბულის" რომელ გუნდში მუშაობთ?
- რვაწლამდელებიდან 13-წლამდე რაც გუნდებია, ყველას მთავარი მწვრთნელი ვარ. ახლა 17-წლამდელებში მუშაობა შემომთავაზეს და საკითხიც გადაწყვეტილი იყო, რაც ჩემი განვითარებისთვის კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნებოდა... მაგრამ პრობლემა ლიცენზიის არქონის გამო შემექმნა.

- აბა, ლიცენზია ავიღეო?
- შარშან, დეკემბერში, თბილისში B ლიცენზიაზეც წარმატებით ჩავაბარე. ამერიკელები მენდობიან და ამიტომაც მამუშავებენ. მაგრამ კონტრაქტის გასაფორმებლად ეს B ლიცენზია უნდა წარვადგინო. არადა, საბუთი ფიზიკურად არ მაქვს, რომ გადავცე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მალე გამომიგზავნიან და საკითხიც მოგვარდება. C ლიცენზიით კი 13 წლის ზევით მუშაობის უფლება არ მაქვს.

- ამერიკაში მწვრთნელს განვითარების რა პერსპექტივა აქვს?
- ძალიან კარგი პერსპექტივაა. მოგიყვებით და თავად განსაჯეთ: "რედ ბულის" აკადემია ამერიკაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ბავშვთა ფეხბურთს დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგან იციან, რომ მომავალზე ზრუნვა კლუბის უკეთესი შედეგების წინაპირობა იქნება. გარდა ამისა, აკადემიაში საუკეთესო სამუშაო პირობებია.

მაგრამ ელიტარულ საფეხბურთო სკოლად არა მხოლოდ ამიტომ ასახელებენ - დიდი ყურადღება ექცევა მწვრთნელთა განათლებასაც. კვირაში ორჯერ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა გვიტარდება და ჩვენს განათლებაში დიდ ფულსაც დებენ. ბავშვები სწორად რომ გავზარდოთ, მწვრთნელებმა ხომ შესაბამისი განათლება უნდა მივიღოთ. ყოველ კვირას გვაცნობენ თანამედროვე ფეხბურთის სიახლეებს, ახალ-ახალ ტენდენციებსა თუ ამბებს, კვირაში ორჯერ ვსწავლობთ და ვხვდები, რომ ყოველდღე ვიზრდები.

- აკადემიაში ქართველი ბავშვები თუ გყავთ?
- სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს, მაგრამ ერთი ძალიან კარგი ქართველი ბიჭია NYCFC-ს ("ნიუ იორკ სიტი ფუტბალ ქლაბ") აკადემიაშია - ნიკა კაპანაძე.

ეს კლუბი სულ რაღაც ერთი წლისაა, მაგრამ ძალიან სოლიდურ გუნდს აყალიბებენ. ამ კლუბსა და "მანჩესტერ სიტის" ერთი მეპატრონე ჰყავთ. სამი ცნობილი ვარსკვლავი იყიდეს - დავიდ ვილია, ანდრეა პირლო და ფრენკ ლამპარდი. დარწმუნებული ვარ, ამაზე არ გაჩერდებიან და ამერიკული ფეხბურთის ელიტაში დამკვიდრდებიან.

კაპანაძე ამერიკაშია დაბადებული და აქაური პასპორტი აქვს. ნიკა 14 წლის თავდამსხმელია და იმდენად ნიჭიერი და პერსპექტიული მოთამაშეა, ამერიკის ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახეს. არ არის პატარა ამბავი, მაგრამ მენანება - მინდა, საქართველოს გამოადგეს. ამიტომ, კარგი იქნება, ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები თუ დაინტერესდებიან.

რა დასამალია და, მინდოდა ეს ბავშვი "რედ ბულში" გადამეყვანა. ჩვენი აკადემია და მისი სისტემა ბევრად მაგარია, ვიდრე "ნიუ იორკ სიტიში". მაგრამ ჩვენი სპორტული კომპლექსი ნიკას სახლიდან შორსაა, ვარჯიშებზე კი მარტო ვერ ივლის და ვერ დავიმატეთ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ "ნიუ იორკ სიტიში" კონტრაქტის გაფორმებას და კარგი პირობების შექმნას ჰპირდებიან და ადვილად არც გამოუშვებდნენ.

- საქართველოში მუშაობა რომ შემოგთავაზონ, არ ჩამოხვალთ?
- სიამოვნებით ჩამოვალ, თუ საინტერესო წინადადება გამოჩნდება. ქართველი ვარ და საბოლოოდ, ისევ ჩემს ქვეყანას უნდა გამოვადგე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნიკა შენი მჯერავს ,რასაც შენ მიაგწიე ეს ადვილი არ არის,შენ ნიჩიერი კაცი ხარ
zaza
18:11 11-08-2015
0
არ მიჰქარო თუ ღმერთი გწამს:)))
murtalo
15:13 09-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული