არაბიძე ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, სამომავლოდ ჩვენი ფეხბურთი ამ ღრმა კრიზისიდან რომ უნდა გამოიყვანოს. ამიტომ, მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.
"ლელო" მას ამ არაერთ საინტერესო საკითხზე ესაუბრა...
- უკვე გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დონეცკის "შახტარში" გადახვედით. როგორ მიდის თქვენი საქმეები უკრაინულ გრანდში?
- ძალიან კარგად, თითოეულმა ფეხბურთელმა, კლუბის თანამშრომელმა თუ ხელმძღვანელმა ძალიან კარგად მიმიღო. მოკლედ, ყველაფრით კმაყოფილი
- ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობთ?
- დიახ, ძირითად გუნდთან ერთად. სულ ასეა, რაც აქ ჩამოვედი.
- ...მაგრამ ოფიციალურ მატჩებში ჯერ არ ჩანხართ...
- ჯერ მხოლოდ ორი ამხანაგური მატჩი ვითამაშე. ოფიციალურად თამაშის უფლება არ მაქვს, პასუხს ფიფასგან ველოდები.
- რა ხდება? რა პრობლემაა?
- საქმე ისაა, რომ ქართველი ვარ და თან ჯერაც არ ვარ 18 წლის. მოკლედ, ზუსტად ის პრობლემაა, რაც ევროპაში.
- რას ამბობენ? მალე მოგვარდება ეს პრობლემა?
- წესით, მალე უნდა მოგვარდეს. რომ დავინტერესდი, მითხრეს, 70 პროცენტით მალე ეშველება ამ ყველაფერსო. ვნახოთ, რა იქნება. ახლა მოლოდინის რეჟიმში ვარ, ყოველდღე ველოდები პასუხს.
- გამოდის, რომ ამ უფლების გარეშე ვერაფრით ითამაშებთ?
- ვერა, გამორიცხულია. თუ ფიფასგან ნებართვა არ ჩამოვიდა, ისე ოფიციალურ შეხვედრაში ვერ მივიღებ მონაწილეობას.
- თქვენი აზრით, ეს უფლება რომ გქონდეთ, ძირითად გუნდში დამკვიდრებას შეძლებდით?
- ზუსტად ამის თქმა ცოტა ძნელია ამ ეტაპზე. გეტყვით მხოლოდ ჩემს აზრს - ასე მგონია, სათადარიგოთა შორის ვიქნებოდი. ეს ჩემი ვარაუდია.
- "შახტარში" რას ამბობენ? მათ ხომ იცოდნენ, რომ ეს პრობლემა იქნებოდა?
- კი, იციან ჩემი პრობლემის შესახებ. მე მათზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ძალიან უნდათ "შახტარის" ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს, რომ ვითამაშო.
- როგორი ვარჯიშები აქვს მირჩა ლუჩესკუს?
- ძალიან მრავალფეროვანი, სახალისო ვარჯიშებია.
- საქართველოს შემდეგ უკრაინული დატვირთვების ატანა ხომ არ გაგიჭირდათ?
- არა, საერთოდ არ გამჭირვებია.
- როგორი გუნდია "შახტარი"? განსაკუთრებით ვის დაუმეგობრდით?
- გუნდი შესანიშნავია... არც ვიცი, რა ვთქვა... შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. რაც შეეხება დამეგობრებას, ასე ვერავის გამოვყოფ, ყველასთან ძალიან კარგად ვარ.
- გასულ სეზონში, დონეცკში არსებული ვითარების გამო, "შახტარი" ძალიან ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. ახლა სად ცხოვრობს გუნდი?
- კიევში ვართ. ვისაც უნდა, უმაღლესი კლასის სასტუმროში ცხოვრობს, ვისაც არა და, სახლები აქვთ აღებული და იქ ცხოვრობენ.
- თქვენ სად დაბინავდით?
- სანამ თქვენს კითხვას გავცემდე პასუხს, უნდა ვთქვა, რომ "შახტარში" იმედი აქვთ, რომ ექვს-შვიდ თვეში გუნდი დონეცკში დაბრუნდება. ვნახოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი მოვლენა იქნება. რაც შეეხება ჩემს საცხოვრებელ ადგილს, მეც სახლი მაქვს აღებული და იქ ვცხოვრობ. ერთი შემიძლია ვთქვა - კიევში "შახტარი" შესანიშნავ პირობებში ცხოვრობს და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს.
- რა შეგიძლიათ თქვათ უკრაინის ჩემპიონატის დონეზე?
- მაღალი დონეა. თავადაც იცით, "შახტარი" ფავორიტია, მაგრამ გუნდს ყველა შეხვედრაში ძალების ბოლომდე დახარჯვა სჭირდება საიმისოდ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. უკრაინის ჩემპიონატს ასეთი სპეციფიკა აქვს - ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის და თუ თავი არ დადე, ისე თამაშს ვერ მოიგებ. ერთი წამითაც კი არ უნდა მოდუნდე, თორემ ეს მაშინვე თამაშის შედეგზე აისახება.
- კიევი განსაკუთრებული ქალაქია ბევრი საცდურით. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ბოლომდე ფეხბურთს ეკუთვნით?
- ზომიერების დაცვა ყველგან საჭიროა და ფეხბურთში ეს უმთავრესია. მე ჩემს საქმეს არასდროს არაფერს დავაკლებ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"