ქართველი ფეხბურთელები ბელგიაში: დებიუტი, გოლები, საგოლე პასები...

AutoSharing Option
მარცხნიდან: ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე, ჯიმი ტაბიძე

ივლისში ბელგიის ჩემპიონ "გენტში" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ორი მოთამაშე ჩაირიცხა - "საბურთალოს" ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე და "ზესტაფონის" თავდამსხმელი გიორგი ბერიძე.

"გენტში" უკვე მათი დებიუტიც შედგა. ბელგიის ჩემპიონი გასვლაზე "ანდერლეხტს" შეხვდა და 1:1 ითამაშა, მანამდე კი ერთმანეთს ამ გუნდების დუბლშემადგენლობები დაუპირისპირდნენ. მატჩი "გენტის" გამარჯვებით, 4:3 დასრულდა.

ორივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ტაბიძე ცენტრალური მცველი გახლდათ, ბერიძე კი შეტევის ფლანგზე გაამწესეს და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია, ბერიძემ მეტოქის
დაცვა აიკლო და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. 18 წლის ქართველი შემტევი 75-ე წუთზე შეცვალეს.

ეს "გენტის" ფორმით ქართველი ბიჭების მიერ ჩატარებული პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. მანამდე კი, ხუთი დღით ადრე, მათ არაოფიციალური დებიუტი ჰქონდათ. "გენტი" მეორე ლიგის ერთ-ერთ წარმომადგენელს შეხვდა და 4:0 მოიგო.

დებიუტანტის კვალობაზე, ბერიძეს ჩინებული მონაგარი ჰქონდა: 2 გოლი თავად გაიტანა, ხოლო ერთი გოლი "გენტის" ახალგაზრდებმა მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გაიტანეს.

შენგელია "ტუბიცეში" რჩება
მუსლინმა ქართველი "სტანდარდშიც" არ გაიკარა
ეს ამბავიც ბელგიაში მოთამაშე ქართველს უკავშირდება. ივლისში ვწერდით, რომ ფოთის "კოლხეთის" ყოფილი თავდამსხმელი ლევან შენგელია ბელგიურ "ტუბიცეში" ისინჯებოდა და მისი საკითხი დადებითად გადაწყდა - ბელგიის პირველი დივიზიონის კლუბმა 20 წლის ქართველს კონტრაქტი გაუფორმა.

შენგელიას გამზრდელმა, "იბერია 2010"-ის დამფუძნებელმა და მთავარმა მწვრთნელმა გუბაზ დოლიძემ გვითხრა, რომ ტრანსფერი ოფიციალურად განხორციელდა, მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ... ამბავი დოლიძემ გაგვიმხილა:

"ბელგიელებმა ლევანის დატოვება ფრანგულ "ლანსთან" საკონტროლო შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეს და კონტრაქტი ამ მატჩის შემდეგ გაუფორმეს, მაგრამ მას შემდეგ შენგელიამ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და ერთ-ერთ მატჩზე დამსწრე სხვა კლუბის წარმომადგენელი ლევანის თაობაზე "ტუბიცეს" დაელაპარაკა. მერე გაირკვა, რომ ეს პიროვნება ლიეჟის "სტანდარდში" მუშაობდა და შენგელიას თავის კლუბში მიწვევა სურდა - პირველი ლიგისთვის ცოდვაა, აჯობებს, "პრო ლიგაში" (უმაღლესი ლიგაა) ითამაშოსო. საქმე ადგილიდან დაიძრა, "ტუბიცეც" არ გაჯიუტებულა და ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ... გაუთვალისწინებელი ამბავი მოხდა: "სტანდარდის" მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა რომ გაიგო, ეს ბიჭი ქართველიაო, ვირზე შეჯდა და არ მიიღო.

საქმე ისაა, რომ სადაც კი ამ კაცს უმუშავია, ქართველებთან კარგი ურთიერთობა არსად ჰქონია. ვერ გეტყვით, ასეთი რა სჭირს, მაგრამ ფაქტია, რომ შენგელიას ტრანსფერი სწორედ მან ჩაშალა.

საბოლოოდ, ლევანი ისევ "ტუბიცეში" დარჩა და ზამთრამდე ამ გუნდში ითამაშებს. მერე კი გაირკვევა, კიდევ დარჩება ქვედა დივიზიონში თუ "პრო ლიგის" გუნდში გადავა. ლაშა ჯაკობიასა და როჯერ ანგოტეს მისი დიდი იმედი აქვთ და, სავარაუდოდ, ზამთარში უკეთეს გუნდში წაიყვანენ", - ამბობს დოლიძე.

ზოგადად, რომელიმე ევროპელ მწვრთნელს ქართველი მოთამაშე გულზე რომ არ ეხატებოდეს, ამას გავიგებდით და მივიღებდით. ჩვენი ფეხბურთის დღევანდელმა მდგომარეობამ მოთამაშეების მიმართ ნდობა თავად ქართველებსაც დააკარგვინა და უცხოელი სპეციალისტებისგან ანალოგიური შეხედულება არც გასაკვირი იქნება და არც გაუგებარი...

მაგრამ მუსლინს ქართველებთან მაინც გამორჩეულად მტრული დამოკიდებულება აკავშირებს. სადაც კი ეს სერბი სპეციალისტი მივიდა, ჩვენებურები ყველა გუნდიდან გაუშვა. ფაქტებით ვიმსჯელოთ:

2004-05 წლებში დონეცკის "მეტალურგი" ჩაიბარა და ეს გუნდი ჯერ გოჩა ჯამარაულმა დატოვა (რომელიც გუნდის კაპიტანი გახლდათ), მერე კი - გიორგი დემეტრაძემ;

2009-10 წლებში მუსლინი კვიპროსში, ფამაგუსტას "ანორთოსისში" მიიწვიეს და ამ გუნდის დატოვება უკვე კლიმენტი წიტაიშვილს მოუხდა;

2011-13 წლებში რუსეთში გადაბარგდა და "კრასნოდარში" მისვლის შემდეგ გუნდი დატოვეს მისმა კაპიტანმა ალეკო ამისულაშვილმა, მეკარე ნუკრი რევიშვილმა და ოთარ მარცვალაძემ.

გამონაკლისი მალხაზ ასათიანია, რომელსაც 2006 წელს მოსკოვის "ლოკომოტივში" ავარჯიშებდა.

მართალია, ქართველი ამჯერად გუნდიდან არ გაუშვია, მაგრამ პრობლემები შეუქმნა და ერთი ხანობა, ძირითადშიც არ ათამაშებდა. ეს იმ დროს, როცა ცნობილი რუსი კომენტატორი ვასილ უტკინი მალხაზს რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ცენტრალურ მცველად მიიჩნევდა.

როგორც ამტკიცებენ, ეს ყველაფერი ძველი წყენის შედეგი უნდა იყოს. საქმე ისაა, რომ როცა მუსლინი დონეცკის "მეტალურგში" დანიშნეს, დემეტრაძესთან კონფლიქტი მოუვიდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მისი შეურაცხმყოფელი მიმართვა ვერ მოითმინა და, არც მეტი, არც ნაკლები, პანღური ამოარტყა და კიბეებიდან დააგორა...

ასეთია ლეგენდა. რა არის სიმართლე, ძნელი სათქმელია. ფაქტი კი ისაა, რომ მუსლინი და ქართველები ერთმანეთს ვერ ჰგუობენ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გუბაზ დაანებე ზგაპრებს თავი რა
vova
14:51 12-08-2015
0
რა ქართველი,გეთქვათ მეგრელიაო და შედგებოდა ტრნსფერიც,რა უბედურებაა
Bacho
14:52 12-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული