ლეგიონი: სანდრო კობახიძე, დარტყმა, არის! [VIDEO]

AutoSharing Option
გასული უქმეები ქართული ლეგიონისთვის ვერ იყო მოსავლიანი. გამოსარჩევია სანდრო კობახიძე, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და 16 აგვისტოს პირადად მოაგებინა კიდეც თავის გუნდს...

ჰოლანდია. ერედივიზიე. ვიტესი-როდა 3:0. მთავარი დივიზიონის მეორე ტური პარასკევს ამ მატჩით გაიხსნა. წარუმატებელი ევროკამპანიის შემდეგ "ვიტესმა" შინაურ ფრონტზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. აქვე დავძენთ, რომ სტუმარმა გუნდმა მთელი მეორე ნახევარი 10 კაცით ჩაატარა.

ბელგია. ჟუპილერლიგა. გენკი-ვესტერლო 2:1. "გენკმა" რთული გამარჯვება იზეიმა. მასპინძელთა მწვრთნელმა თორნიკე ოქრიაშვილი 76-ე წუთზე შეუშვა მოედანზე, ლუკა ზ
არანდია კი განაცხადშიც არ ყოფილა.

იტალია. თასი. ემპოლი-ვიჩენცა 0:1. "ემპოლი" თასის გათამაშებას ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშა. 66-ე წუთიდან, ვეტერან მასიმო მაკარონეს ნაცვლად, თამაშში ტრავმამოშუშებული ლევან მჭედლიძე ჩაერთო. ეს იყო "ემპოლის" მწვრთნელ მარკო ჯამპაოლოს პირველი მცდელობა სიტუაციის შემოსატრიალებლად (ამ მომენტისთვის მისი გუნდი უკვე აგებდა), თუმცა ცვლილებებმა საქმეს ვერ უშველა.

გერმანია. II ბუნდესლიგა. ფრაიბურგი-ბოხუმი 1:3. პირველ ორ ტურში გამარჯვების შემდეგ "ფრაიბურგმა" სტარტი "ბოხუმთან" საშინაო მარცხით გააფუჭა. ჩვენებური ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო, როცა ანგარიში უკვე 0:3 იყო.

III ბუნდესლიგა. კილი-ვერდერი II 3:0. "ვერდერის" 23-წლამდელებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს და 3 ტურის შემდეგ მე-16 ადგილზე არიან. თბილისის "დინამოს" ყოფილი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი მხოლოდ თადარიგში ყოფნით დაკმაყოფილდა.

დანია. სუპერლიგა. ორჰუსი-ოლბორგი 2:3. ელიტაში დაბრუნებულმა "ორჰუსმა" ჩემპიონატში პირველი მატჩი წააგო. მასპინძელთა მწვრთნელმა მორტენ ვიგჰორსტმა ქართველი ნახევარმცველის, დავით სხირტლაძის შემოყვანა მხოლოდ 79-ე წუთიდან ჩათვალა საჭიროდ, მათე ვაწაძემ კი, რომელიც გუნდის ბომბარდირია (3 გოლი სუპერლიგის ოთხ მატჩში) და "ბრონდბიუსთან" გუნდს სულაც მარტომ მოაგებინა (2:1, დუბლი), მატჩს სათადარიგოთა სკამიდან უყურა.

ოდენსე-რანდერსი 2:3. მასპინძელთა ფორვარდი ლადო დვალიშვილი, რომელსაც "ოდენსედან" აბარგებას უწინასწამეტყველებენ, თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო, რაც ამ ჩემპიონატში პირველი შემთხვევაა.

რუსეთი. პრემიერლიგა. ყუბანი-რუბინი 0:1. როგორც იქნა, საბა კვირკველიას "რუბინმა" ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა და პირველი გოლიც გაიტანა. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სრულად ითამაშა. championat.com-ისგან მან საკმაოდ მაღალი შეფასება - 7,0 დაიმსახურა.

სპარტაკი-ცსკა 1:2. ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში "სპარტაკს" ვერაფრით შეეწია საქართველოს ნაკრების შემტევი ჯანო ანანიძე, რომელიც მხოლოდ სათადარიგო იყო.

ლოკომოტივი-ტერეკი 0:0. 22 წლის მცველი თედორე გრიგალაშვილი "ტერეკის" განაცხადში იყო.
ნუკრი რევიშვილისა და მამუკა კობახიძის "მორდოვია" დღეს "უფას" უმასპინძლებს.

უკრაინა. პრემიერლიგა. სტალი-ვოლინი 1:2. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე, მიუხედავად იმისა, რომ "დნიპრო" მისი დაბრუნებითაა დაინტერესებული, ჯერაც ლუცკის "ვოლინშია". გასულ ტურში ის ორივე გუნდის მწვრთნელმა საუკეთესოდ დაასახელა და მერე სიმბოლურშიც მოხვდა, გუშინ კი გოლიც გაიტანა, რაც "დნიპროში" მის დაბრუნებას კიდევ უფრო რეალურს ხდის.

"ვოლინმა" სწორედ მისი გოლით აჯობა პრემიერლიგის დებიუტანტ "სტალს" - კობახიძემ პარტნიორის გადაცემა მიიღო და მძლავრი დარტყმით ბურთი შორეულ კუთხეში გაახვია. მიმდინარე სეზონში ეს მისი მე-2 გოლია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დინამო-კარპატი 3:0. ლვოველებმა ვერაფერი გააწყვეს ბრწყინვალე ფორმაში მყოფ კიევის "დინამოსთან". სტუმართა შორის საყრდენ ნახევარმცველად თავიდან ბოლომდე ითამაშა ბუბა დაუშვილმა.

ჩერნომორეცი-ზორია 0:2. ოდესელთა დაცვის ცენტრში 90 წუთი ითამაშა დავით ხოჭოლავამ, ხოლო გიორგი გადრანი განაცხადშიც არ ყოფილა. გამარჯვებულთა შორის კი ჩვენებური შემტევი ჯაბა ლიპარტია 75-ე წუთზე გამოჩნდა.

ინგლისი. ჩემპიონშიფი. ბრისტოლი-ბრენტფორდი 2:4. გერმანიის მოქალაქე აკაკი გოგია, რომელიც, არ არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს ეროვნულ გუნდში ვიხილოთ, "ბრენტფორდის" ჰოლანდიელმა მწვრთნელმა მარინუს დიიკჰუიზენმა კვლავ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.

3-კაციან შეტევის ხაზში გოგია მარცხენა ფლანგზე ირჯებოდა, ხოლო მაშინ, როცა "ბრენტფორდი" უფრო დაცვით მოდელზე გადადიოდა, გოგიას მარჯვენა ფლანგის კონტროლი ევალებოდა.

21-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, მე-60 წუთზე კი დიდი როლი ითამაშა საგოლე კომბინაციაში, რის შემდეგაც მისი გუნდი 3:2 დაწინაურდა.

საფრანგეთი. ლიგა 2. პარიზი-ლე ავრი 3:0. მასპინძელთა გამარჯვებაში წვლილი არ შეუტანია მცველ ამირან სანაიას, რომელიც განაცხადშიც არ ყოფილა.

პორტუგალია. II ლიგა. ბრაგა B-ჟილ ვისენტე 1:0. სტუმართა შორის 90 წუთი ითამაშა შემტევმა ავთო ებრალიძემ.

ფეირენშე-ავეში 2:2. მასპინძელთა კარს საქართველოს ნაკრებში ნათამაშები გიორგი მაკარიძე იცავდა.

თურქეთი. სუპერლიგა. ტრაბზონი-ბურსა 1:0. ძნელია იმის თქმა, საბოლოოდ დამშვიდდა თუ არა სიტუაცია "ტრაბზონში", მაგრამ ფაქტია - შოთა არველაძის გაწვრთნილმა გუნდმა თურქეთის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო. იმედი ვიქონიოთ, რომ 3-ქულიანი სტარტი კარგი გაგრძელების წინაპირობა გახდება.

გაზიანთეფი-ქასიმფაშა 0:3. საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი განაცხადში არ ყოფილა.
ნიკა ძალამიძის "რიზესფორი" ჩემპიონატის პირველ მატჩს დღეს, "გენჩლერთან" სტუმრად გამართავს.

ჩეხეთი. სინოტ ლიგა. სლავია-იჰლავა 4:0. პრაღის "სლავია" ლევან ყენიას გარეშე გაუსწორდა მეტოქეს და მიმდინარე კამპანიაში პირველ სამ ქულას მოუყარა თავი. როგორც ვწერდით, 24 წლის შემტევი ტრავმირებული იყო. ის ახლახან შეუდგა ვარჯიშს და ეტყობა, ჯერ ვერ არის იმ კონდიციებში, რომ განაცხადში მოხვდეს.

ნორვეგია. ტიპელიგა. სტაბეკი-ლილესტრიომი 3:2. "სტაბეკის" ქართველი ნახევარმცველი გიორგი გოროზია მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში, მას მერე, რაც პირველი 45 წუთის შემდეგ მისი გუნდი 0:2-ს აგებდა.

გოროზია, როგორც იტყვიან, კარგ ფეხზე შევიდა - მალე ანგარიში 1:2 გახდა, ხოლო მატჩის მიწურულს, "სტაბეკმა" კიდევ ორი გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი თამაში მოიგო.

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა. აზალ-გაბალა 0:2.
ნახევარმცველ ნუგზარ კვირტიას გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან დამარცხდა და ჯერჯერობით უქულოდაა.

რაც შეეხება ბაქოს "ინტერს", ზაურ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი, რომლის ღირსებასაც 4 ქართველი (ლაშა კასრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ლომაია) იცავს, დღეს დედაქალაქურ დერბიში "ნეფთჩის" უმასპინძლებს.

ესტონეთი. მეისტრილიგა. პიარნუ-ფლორა 1:5. სტუმართა გუნდში 90 წუთი ითამაშა ქართველმა შემტევმა ზაქარია ბეგლარიშვილმა, თუმცა "ფლორას" 5 გოლიდან მისი არც ერთი არ ყოფილა.

ლიტვა. ლიგა A. ტრაკაი-უტენისი 2:1. "ტრაკაის" ქართველი მცველი, 23 წლის ნიკა აფაქიძე მწვრთნელმა არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროს შეუშვა მოედანზე და ამით დაახლოებით ნახევარი წუთი მოიგო.

უზბეკეთი. უმაღლესი ლიგა. ბუხორო-ფახთაქორი 0:2. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა კახა მახარაძემ სრულად ითამაშა მატჩში, რომელშიც "ფახთაქორმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და პირველი პოზიცია გაიმყარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ელოშვილო რას ქვია "მძლავრი დარტყმით"? საერთოდ ნახე კობახიძის გოლი? გაიტანა და თავისთავად ესეც ბევრს ნიშნავს,რათ უნდა ამას გაბუქება?
კახა
12:52 17-08-2015
0
დვალი ქასიმფაშას განაცხადში ვერ იქნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წამოვიდა მაგ გუნდში აღარ არის. ვოლინში პირველი გოლიც კობახიძემ შეაგდო ცნობისათვის, მაგრამ ავტოგოლად გააფორმეს
შაკო
14:01 17-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული