უკრაინულმა "სპორტ-ექსპრესმა" სტატია გამოაქვეყნა, სადაც ერთი ქვეთავი უკრაინის მოქალაქეობის მქონე ქართველ ფეხბურთელს, ბექა ვაჩიბერაძეს და მის მომავალს მიეძღვნა.
ბოლო ცნობებით, დონეცკის "შახტარის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა, შესაძლოა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს...
აი, რას წერს გამოცემა:
"პირინეის ნახევარკუნძულზე უკრაინის ჭაბუკთა ნაკრების კიდევ ერთ მოთამაშეს ელიან - ბექა ვაჩიბერაძეს, რომლის კონტრაქტიც "შახტართან" ამოიწურა. თავად ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ მიგვანიშნა, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუკი ესპანეთში თამაშის შანსი მიეცემა. ჭორებმა ნახევარმცველი უმალ "რეალ სოსიედადს" დაუკავშირა,
მაგრამ ესპანეთიდან ჯერჯერობით ჩამიჩუმი არ ისმის...
სადაც არ უნდა წავიდეს ბექა, მთავარია, რომ ის უკრაინის ნაკრებში დარჩეს, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ქუთაისში დაბადებული ვაჩიბერაძე, რომელიც ფეხბურთით სერიოზულად ჯერ ოდესაში დაკავდა, შემდეგ კი "შახტარის" აკადემიაში გააგრძელა წვრთნა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გადაიყვანონ.
საქმე ისაა, რომ უკრაინის 1996 წელს დაბადებულთა ნაკრებმა არსებობა შეწყვიტა, ხოლო იმისთვის, რათა სერგეი კოვალცის გუნდში მოხვდე, სადაც ორი წლით უფროსი ფეხბურთელები ირიცხებიან, რეგულარულად უნდა თამაშობდე. აი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში კი, სავარაუდოდ, სიხარულით მიიწვევენ ვაჩიბერაძეს, თუნდაც სათამაშო პრაქტიკის გარეშე მყოფს...
როგორც ფეხბურთელი კი, ის ნამდვილად მაღალი კლასისაა... აი, არტურ მირანიანი კი ჩვენ უკვე დავკარგეთ..."
sportall.ge-მ უკრაინული მედიის ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე ჩივაძესთან გადაამოწმა.
ჩივაძის თქმით, ჩვენს ნაკრებში ვაჩიბერაძის გამოძახება გამორიცხულია: "ვაჩიბერაძე უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ მას ჩვენ ნაკრებში ვერ გამოვიძახებთ".
ასევე იხილეთ:
ბექა ვაჩიბერაძე: თქვენ გგონიათ, ამაზე არ ვფიქრობ? სულითა და გულით ქართველი ვარ, მაგრამ...