თვითმხილველის ნაამბობი: იდგნენ და ჩუმად უხაროდათ...

AutoSharing Option
..."რიზესფორი". სრული სახელწოდება - "ჩაიქურ რიზესფორი". "ჩაიქური" თურქული ჩაის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც კლუბს 1990 წლიდან პატრონობს. "რიზესფორი" თურქულ ფეხბურთში დაახლოებით იგივეა, რაც ქუთაისის "ტორპედო" იყო საბჭოთა ფეხბურთში.

ტიტულებზე პრეტენზიას ვერასდროს აცხადებს, ხშირად უმაღლესსა და პირველ ლიგას შორის მოგზაურობს, თავის რეგიონშიც კი მხოლოდ მეორეა და ძირითადი სიხარული პერიოდულად რომელიმე ბობოლა გუნდის გამწარებაა.

ცოტა დააკლდა მორიგ ასეთ გამწარებამდე "რიზესფორს" კვირას, "ფენერბაჰჩესთან" მატჩში. მასპინძლებმა უფრო მეტი მომენტი შექმნეს და პენალტიც დაარტყეს, რომელიც 63-ე ნომრით მოთამაშე კადაჰმა ისე ცუდად შეასრულა, მეკარე საითაც უნდა გადამხტარიყო,
მაინც აიღებდა.

საქართველოში ასე რომ ვინმეს დაერტყა პენალტი, პროკურატურა, სავარაუდოდ, ახალ მოკვლევას დაიწყებდა ფეხბურთელებსა და ტოტალიზატორებს შორის ახალი დანაშაულებრივი კავშირის ნიშნების გამო...

გუნდს 15 000-იანი სტადიონი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ "ჩაიქურმა" პირველ ტურში სტუმრად მოიგო და მეორე ტურში თვით ვან პერსი, დიეგო და ნანი მოდიოდნენ, ტრიბუნები სანახევროდაც ძლივს შეივსო. მიზეზი - ბილეთის შეძენის ახალი, წყეული წესია.

აუცილებელია კონკრეტულ საიტზე რეგისტრაცია და იქიდან მოსული SMS-კოდით ვერიფიკაცია, რაც ჯერჯერობით ხარვეზებით მუშაობს და ისიც - მხოლოდ თურქულ მობილურ ოპერატორებზე. უცხოეთიდან რეგისტრირების მცდელობისას საბოლოო შედეგი ჯერჯერობით ყოველთვის - error-ია.

Sportall.Ge
ფოტოზე: რიზე-ფენერბაჰჩე 1:1
სანახევროდ შევსებული სტადიონიც მშვენივრად გუგუნებდა. პირველი ტრიბუნა - "ფენერის" ფანები; მეორე, უფრო დიდი ტრიბუნა - მასპინძლები და მესამე ტრიბუნის ქვეშ უზარმაზარი გენერატორი, რომელიც შიგნით ფეხბურთის მოყვარეს აყრუებს და გარეთ მთელ ქუჩას ათბობს.

ნიკა ძალამიძე არც ამჯერად შეუშვა მწვრთნელმა, თუმცა ფეხბურთელს 10 ნომერს ტყუილად არცერთ გუნდში არ აძლევენ და მალე აუცილებლად გამოჩნდება. ჯერჯერობით კი, "რიზესფორი" იმ ხალხითაც მშვენივრად გამოიყურება, ვინც მინდორზე იყო. გუნდი აშკარად შეთამაშებულია. ზედმეტს და უადგილოს არავინ არაფერს ცდილობს...

პირველ ტაიმში სტუმრებს მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდათ და ისიც გოლით დამთავრდა. როგორც ჩანს, წინა სეზონებიდან დიეგოს თამაშს მასპინძლებმა ალღო უკვე აუღეს და ბრაზილიელს ზედმეტს არაფერს აბედვინებდნენ. აი, ნანისა და ვან პერსის წინააღმდეგ თამაშის სწავლას კი ახლა იწყებენ და ძირიც ძალიან მწარე გამოდგა.

ნანიმ, ისე, რომ 3 მცველი უშლიდა ხელს, თან საჯარიმოში თანაგუნდელისთვის ბურთის დამიზნებას კი არა, შიგნით შეხედვასაც კი უზღუდავდნენ, ალალბედზე ჩააწოდა დაბალი ბურთი, რომელიც ვან პერსიმ ერთი შეხებით ოდნავ მაღლა აიგდო, მეორე შეხებით კი მეკარესა და ძელს შორის გაიტანა.

ნანიმ რამდენიმე წუთში უკვე მეტოქეთა თავდამსხმელ კვეუკეს გაუკეთა პასი-საჩუქარი, რაც ღონიერმა ფორვარდმა, რომელიც 90 წუთის განმავლობაში ძალიან სასარგებლო იყო, მშვენივრად შეფუთა ეს ყველაფერი და თანაგუნდელს ისე მიართვა, მეკარე დემირელს მისი მოცელვაღა დარჩა პენალტთან ერთად; თან მადლობელიც უნდა იყოს, საერთოდ რომ არ გააგდეს.

ამის შემდეგ "ფენერი" ისე უკან ჩაჯდა, ვან პერსის რამდენჯერმე საკუთარ საჯარიმოში მებრძოლსაც კი შენიშნავდით, თუმცა მასპინძლები 70-ე წუთამდე მხოლოდ სახიფათოდ უტევდნენ და მეტი არაფერი.

ამ დროისთვის კი მწვრთნელმა ვიტორ პერეირამ ჯერ დიეგო გაიყვანა მინდვრიდან, მერე ვან პერსიც და მასპინძლებიც უფრო თამამად ათამაშდნენ. საპირისპიროდ, მათ მწვრთნელს, ჰიკმეთ ყარამანს, შეცვლამაც გაუმართლა - ახლად შესული ფრანგი ლეგიონერის, ლუდოვიკ სილვესტრის დარტყმული ბურთი სტუმართა მცველმა კიაერმა საკუთარ კარში შეაგდო.

ამის შემდეგ წვიმამაც დასცხო და ნალექის რა რაოდენობასაც accuweather.com მთელ დღეზე ანაწილებდა, მხოლოდ იმ 20 წუთში მოვიდა. 1:1 თითქოს არცერთს არ აწყობსო და თამაში გაიხსნა, თუმცა მეკარეებს მეტი ბურთი აღარ გაუშვიათ.

მორჩა თამაში და ხალხს ძალიანაც უნდოდა იმ ოთხ ქულაზე საუბარი, რომელიც "რიზესფორს" ორი თამაშის მერე აქვს, მაგრამ გენერატორის გუგუნში ერთმანეთს ვერაფერს აგებინებდნენ, თავსხმისა და უქოლგობის გამო კი გარეთ გასვლასაც ვერ ბედავდნენ. იდგნენ და ჩუმად უხაროდათ...

აქვე გეტყვით, რომ ამ მატჩის წინა დღეს შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ტრაბზონსფორმა" სტუმრად "ბეშიქთაში" დაამარცხა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამის დასტურია ისიც, რომ რიზეს ქუჩებში რომ გავიარე, ორ ადგილას შევნიშნე ჩართული ტელევიზორი. ერთში ერდოღანი ლაპარაკობდა, მეორეში - შოთას კომენტარი იყო "ბეშიქთაშთან" თამაშის შემდეგ...

გიორგი ჯანელიძე
რიზედან, სპეციალურად "ლელოსთვის"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეეეჰ, მახსოვს თავის დროზე "ლელო" ერთერთი ჩემი საყვარელი გაზეთი იყო. დასანანია, მაგრამ ახლა ის .... და ნახევრად–სპორტულის მაგვარ გაზეთად იქცა.
ლუიჯი რივა
14:15 25-08-2015
0
საბჭოთა კავშირში ტორპედო რომელ ტიტულებზე აცხადებდა პრეტენზიას მაგრად მაინტერესებს :D რეგიონი კი ალბათ საბჭოთა დროს მთლიანად საქართველო იგულისხმებოდა და არა იმერეთი
emre
13:56 25-08-2015
0

სიახლეები პოპულარული