ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და სანამ დროა, ცხადია, პირად მატერიალურ ყოფაზეც უნდა იფიქრონ.
ალბათ, სწორედ ამიტომ მოხვდა ფარერის კუნძულების ჩემპიონატში მარტვილის "მერანის" ორი ყოფილი ფეხბურთელი - ცენტრალური მცველი ვალერი იობაშვილი და თავდამსხმელი მამუკა ტორონჯაძე. ისინი ვაგურის "სუდუროის" ღირსებას იცავენ.
ვფიქრობ,
სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ დავუკავშირდით მამუკა ტორონჯაძეს...
- ჯერ იმით დავიწყოთ, როგორ მოხვდით ფარერის კუნძულებზე?
- ფარერებზე ადრეც ვთამაშობდი, ჩემი მეგობარი იყო სამენეჯერო სააგენტოში. სწორედ ამ სააგენტოდან, 2010 წელს, ამერიკაში მცხოვრები ქართველი აგენტი დამიკავშირდა, რომელსაც ფარერელ მენეჯერთან ჰქონდა ურთიერთობა და ასე მოვხვდი კუნძულზე. ჯერ "სუდუროიში" ვთამაშობდი, მერე "რუნავიკში". მერე საქართველოში ვითამაშე.
მაგრამ ახლა უკვე პირდაპირ კლუბი დამიკავშირდა და ჩამოვედი. ჩემთან ერთად არის "მერანის" და ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი ვალერი იობაშვილიც.
- ადრე კუნძულებზე ისეთი დაბალი დონე იყო, ჩვენი კლუბები და ნაკრებები იოლად უგებდნენ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს, მაგრამ ახლა ფიფასა და უეფას რეიტინგებშიც გაგვასწრეს. ნუთუ ასე კარგად განავითარეს ფეხბურთი ფარერებზე?
- მახსოვს, ადრე რა კლუბები და ნაკრებებიც ჰყავდათ და ახლაც ვუყურებ, რა დონეზე არიან. დონე მართლაც ამაღლდა. ფარერების ნაკრების ბოლო ორი თამაში ვნახე და წინსვლა აშკარად აქვთ. ბოლოს კაცი გაუგდეს, თორემ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მინიმუმ ფრეს მაინც ითამაშებდნენ.
კლუბებიც გაიზარდნენ და დღეს მათთან ძველებურად იოლად ვეღარ ითამაშებ.
- საინტერესოა, ფარერების და ჩვენი კლუბების სავარჯიშო პირობებს თუ შეადარებთ, რა განსხვავებაა?
- კუნძულებზე რა კლიმატიც არის, ალბათ, გეცოდინებათ. აქ ნორმალური ამინდები ზაფხულშიც არ არის. ამის გამო, იძულებულები არიან, ხელოვნურსაფარიანი მოედნები გააკეთონ. ისე, სავარჯიშო პირობებს რაც შეეხება, არანაირი პრობლემა არ არის - არც ინვენტარის, არც ეკიპირების, არც მომზადების და ასე შემდეგ.
"მერანში", "გურიასა" და "მეტალურგში" მითამაშია და დამიჯერეთ, მსგავსი პირობები ძალიან ბევრ ქართულ კლუბს არ აქვს. თავად მეც, აქ უკეთეს პირობებში ვარ, ვიდრე მანდ ვიყავი. აწყობილი, დალაგებული ქვეყანაა. ფარერები ხომ დანიის სამეფოში შედის, რომელიც მდიდარი და ძლიერი სახელმწიფოა და ასეთი საკითხების მოგვარება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ეს ძალიან უბრალო ამბავია.
- ისიც გვაინტერესებს, სახელმწიფო ფეხბურთს, მაგალითად, კლუბებს, თუ ეხმარება?
- ეს საკითხიც მოგვარებულია. სახელმწიფო ფეხბურთს ასე ეხმარება: ყველა ქალაქი კლუბს ურიცხავს თანხას. მაგალითად, მოედნის გამოცვლა რომ სჭირდებათ, სახელმწიფო ფულს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დებს. თუმცა, ფეხბურთში მაინც არ არის იმდენი ფული, რომ მარტო ფეხბურთით იცხოვრო. ამიტომაც არიან კლუბებში მეთევზეები და სხვა პროფესიის ხალხი.
- "სუდუროიში" დარჩენას თუ აპირებთ?
- გუნდში სულ სამი უცხოელი ვართ - მე, ვალერი იობაშვილი და ერთი ამერიკელი. მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში დარჩენაა. წლეულს გადმოვედით ლიგაში და ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ამ დონეზე თამაშს მიჩვეული არ არის.
ბოლო ტური 3 ოქტომბერს გაიმართება და მერე არ ვიცი, რა და როგორ იქნება. შესაძლოა, სკანდინავიის რომელიმე გუნდში გადასვლის ვარიანტი გამოჩნდეს და მეც და იობაშვილმაც ბედი ვცადოთ. ისე, როგორც ვიცი, სკანდინავიაში კონტრაქტის გაფორმება იანვრამდე არ შეგვიძლია, თუ არ ვცდები, საქართველოში შეიძლება თამაში და ვნახოთ, თუ ინტერესი იქნება, გამორიცხული არაა, იანვრამდე საქართველოს ჩემპიონატში ვითამაშოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"