ვამაყობ, როცა ნაკრებში მიძახებენ - ჯაბა კანკავას პირველი ინტერვიუ საფრანგეთში

AutoSharing Option
france Bleu-მ პირველი "ფრანგული" ინტერვიუ შემოგვთავაზა საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და "რეიმსის" ახალწვეულ ჯაბა კანკავასთან.

საინტერესოა ის შესავალიც, რაც უშუალოდ ინტერვიუმდე შემოგვთავაზა ფრანგულმა გამოცემამ:

* * *
"ჯაბა კანკავა ის კაცია, რომელსაც მედიაში გამოჩენა არ სიამოვნებს. მას საერთოდ არ უყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მისი პერსონის ირგვლივ აჟიოტაჟი. ის ძალიან სადა და თავმდაბალი ადამიანია. როდესაც კანკავასთან ინტერვიუ გადაწყდა, კლუბში გაგვაფრთხილეს, რომ შეკითხვა არ დაგვესვა მის გმირულ საქციელზე უკრაინაში, როდესაც მან კიევის "დინამოს" ფეხბურთელის სიცოცხლე იხსნა. ჯაბა არ მიიჩნევს თავს გმირად, ის, უბრალოდ, პროფესიონალი
ფეხბურთელია, რომელიც ბევრს შრომობს.

ინტერვიუს დასაწყისში, მთარგმნელის პირით გვითხრა, რომ მწვრთნელის ვიდეოანალიზს ვერაფრით გააცდენდა. კითხვებზე მოკლედ და მკვეთრად ჩამოყალიბებული სტრუქტურით პასუხობდა, ენის უცოდინრობის მიუხედავად, მთარგმნელისგან ზედმიწევნით ზუსტ თარგმანს ითხოვდა, არაფერი გამორჩენია.

ის ძალიან იშვიათად იღიმის, მაგრამ არა უპატივცემულობის გამო. ეს ინტერვიუც მისი პროფესიული ცხოვრების ნაწილია, რომელშიც ის საკუთარ თავს იმავე მოთხოვნებს უყენებს.

კანკავასთან ყველა კითხვა ახალ ცხოვრებას შეეხებოდა რეიმსში, ინტეგრაციის თემას, ყვითელ ბარათებს, უკრაინულ და ქართულ ამბებს.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა კაცი, რომელმაც შესაძლოა, "სტად დე რეიმსის" ისტორიაში დაიდოს ბინა".

- უკვე დაახლოებით ორი თვეა, რაც რეიმსში ხართ, როგორია თქვენი ახალი ცხოვრება?
- ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს პროფესიონალ სპორტსმენს. ვარჯიშები, აღდგენა, კვების კონტროლი და უქმეებისთვის, მატჩებისთვის მზადება. მე სულ ამ განრიგით ვცხოვრობ, ახალ ქალაქს და სიტუაციას ჩემთვის ეს არ შეუცვლია.

- არ იყო ძნელი ახალ ქალაქთან მიჩვევა?
- მე ვამჯობინებ, რომ ეს ინტეგრაცია ფეხბურთის მეშვეობით მოხდეს. ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ მთავარი რჩება - მნიშვნელოვანია, რომ კლუბისთვის ბოლომდე დავიხარჯო და გამოვადგე მას. ამ ცვლილებას მომზადებული შევხვდი. ასე რომ, არ გამჭირვებია. მე ძალიან ბედნიერი ვარ რეიმსში.

- სიძნელე, ალბათ, ენობრივი ბარიერიცაა. დაიწყეთ ფრანგულის სწავლა?
- მსურს მალე შევისწავლო ფრანგული ენა. უკვე დავდივარ მასწავლებელთან. ვცდილობ, გავიგო, რას მეუბნებიან. რაც შეიძლება, მალე მინდა ენა შევისწავლო.

- თქვენ შეგიძლიათ თანაგუნდელები დაიმეგობროთ და ისინი გაგიადვილებენ ენის სწავლას და ქალაქთან ინტეგრაციას...
- ახალი თანაგუნდელები ძალიან კარგად შემხვდნენ და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მალე შევეგუო ჩემთვის ახალ ქვეყანას. კლუბის სხვა თანამშრომლებიც მეხმარებიან; ასევე, ჩემი ფრანგულის მასწავლებელი.

მოკლედ, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.

- სოციალური მედიიდან და ისეც, უკვე იგრძნობა, რომ თქვენ უკვე მოიპოვეთ "რეიმსის" ფანების სიყვარული. გრძნობთ ამას?
- მართლა? არ ვიცოდი და თქვენგან შევიტყვე. ძალიან მიხარია. ეს განსაკუთრებით კარგია ჩემთვის, რადგან ახალწვეული ვარ. ძალიან მიხარია და მადლობა მათ.

- თქვენ "დნიპრო" დატოვეთ, სადაც კარიერის დიდი ნაწილი გაატარეთ. რას იტყოდით უკრაინულ გამოცდილებაზე?
- ძალიან მნიშვნელოვანი დრო იყო ჩემს კარიერაში. ამ წლებში, განსაკუთრებით, "დნიპროში" თამაშისას, გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი. მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის.

- როგორია თქვენი შთაბეჭდილება საფრანგეთის ჩემპიონატზე?
- თუკი უკრაინის ჩემპიონატს შევადარებთ, ვიტყვი, რომ საფრანგეთში მეტი კარგი გუნდია. ასევე, აქ უფრო სწრაფი ტემპია. საერთო ჯამში, ჩემი პირველი შთაბეჭდილება ასეთია - საფრანგეთში ფეხბურთის დონე გაცილებით მაღალია.

- "რეიმსში" ყოველ მატჩში იღებთ ყვითელ ბარათებს...
- მე დაცვითი ტიპის ნახევარმცველი ვარ. ჩემი ფეხბურთი აგრესიულია, ოღონდ არა ცუდი მიზნით, ვთამაშობ მხოლოდ ბურთზე. ამავე დროს, ყვითელი ბარათების ნაწილი არ დავიმსახურე, ნაწილი - კი. ახლა "კაენთან" თამაშის გამოტოვება მიწევს.

- მსაჯები უფრო ლმობიერები არიან უკრაინაში?
- არა, არც მასეა საქმე. დიდი სხვაობა ამ მხრივ არ არის.

- როგორ ტაქტიკურ სქემას ანიჭებთ უპირატესობას, ერთადერთ საყრდენ ნახევარმცველად თუ წყვილში?
- ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს, ვითამაშებ ისე, როგორც მწვრთნელი მეტყვის. საყრდენი ნახევარმცველი ფლექსიბილური უნდა იყოს, უნდა შეეძლოს თამაში, როგორც მარტოს მცველების წინ, ისევე თანაგუნდელთან წყვილში მოედნის ცენტრში. ჩემთვის სულერთია.

- რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში?
- საკუთარი ქვეყნის სახელით თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. მე ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ ამას და ყოველთვის დიდი პატივია ეროვნულ ნაკრებში თამაში. ყოველთვის ვამაყობ, როცა ეროვნული ნაკრების თავკაცისგან გამოძახებას ვიღებ.

- ევროპალიგაში "დნიპროსთან" ერთად ფინალში ითამაშეთ. არის თუ არა ამ ტურნირზე თამაში "რეიმსისთვის მიზანი?
- ახლა ძალიან ადრეა ამის შესახებ ლაპარაკი. სეზონის ბოლომდე მოვიცადოთ. როგორც მითხრეს, გუნდს ასეთი მიზანი არ დაუსახეს, მაგრამ, როგორც ამბიციური გუნდი, ამ შანსს აუცილებლად ჩავეჭიდებით.

- დაბოლოს, ჯაბა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 6 თვეში ინტერვიუს ფრანგულად ჩამოგართმევთ...
- რატომაც არა. თავს არ დავიშურებ, ენა აუცილებლად უნდა ვისწავლო. ექვს თვეში? გპირდებით...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფრანგულიდანაა გადმოთარგმნილი, ჯაბას არ უთქვამს 'ფლექსიბილური' )))))
0
ძაან მაინტერესებს ეს "ფლექსიბილური" ჯაბამ თქვა? =))))))
goga
10:53 07-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული