გოგა გახოკიძე: "ვიტესში" ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი დიდია

AutoSharing Option
39 წლის გოგა გახოკიძე არნემის "ვიტესის" სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

გახოკიძეს ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. მას უთამაშია რუსთავის "მეტალურგში", თბილისის "დინამოში", ფოთის "კოლხეთში", "ალანიაში", "პსვ ეინდჰოვენში", "ტვენტესა" და დონეცკის "მეტალურგში".

საქართველოს ნაკრებში გახოკიძემ 21 მატჩი და 3 გოლი გაიტანა...

"ვიტესში" ჩვენებურის წინსვლა მთლიანად ქართულ ფეხბურთს უნდა გამოადგეს. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ არნემული კლუბის ღირსებას იცავენ საქართველოს ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები - გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი.

"ლელო" გახოკიძეს ესაუბრა...

- გოგა, გილოცავთ "ვიტესის" სრულუფლებიან წარმომადგენლობას
საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში...

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. 2-წლიანი კონტრაქტი უკვე გავაფორმე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კლუბის ხელმძღვანელობასთან ვისაუბრე.

არის კიდევ ერთი საინტერესო სიახლეც - როგორც კი მორჩება სანაკრებო თამაშები და გურამ კაშია ჰოლანდიაში დაბრუნდება, "ვიტესთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

- თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გვითხარით ამ კონტრაქტის შესახებ...
- კონტრაქტი 5-წლიანია. მასში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კაშია "ვიტესში" დარჩება სამუშაოდ. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან კარგი კონტრაქტია.

- თქვენს უფლებებზე რას გვეტყოდით?
- ჩემს პრიორიტეტს წარმოადგენს "ვიტესისთვის" კადრების შერჩევა, რაც თავისთავად გულისხმობს დიდ პასუხისმგებლობას. "ვიტესის" სპორტული დირექტორი მუჰამედ ალა ჩემი მეგობარია. "ტვენტეში" ერთად ვიყავით. შევხვდი ასევე იოსტ დე ვიტს, ვინც "ვიტესში" ფინანსურ სიტუაციას კურირებს.

"ტვენტეში" დღემდე მაქვს კავშირები. თავის დროზე, სანამ "ვიტესში" გადავიდოდა, გიორგი ჭანტურიას აყვანა ძალიან უნდოდა "ტვენტეს". ეს ტრანსფერი უკანასკნელ წამს ჩაიშალა.

- საინტერესოა ვაკო ყაზაიშვილის მომავალი...
- მე მოკლედ ვუპასუხებ თქვენს კითხვას - ვაკოს მიმართ ინტერესი არის სერიოზული გუნდებიდან... მაგრამ მოდით, ამ თემას მომავალში მივუბრუნდეთ.

- გვინდა, გთხოვოთ "ვიტესის" ორი ქართველის, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის დახასიათება...
- გურამი გუნდის კაპიტანია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ის ყველას ძალიან უყვარს. კაშიას უდიდესი ავტორიტეტი აქვს "ვიტესში" და ის კონტრაქტი, რომელსაც მალე გააფორმებს, სწორედ ამის გამოხატულებაა.

ვაკო ძალიან თავმდაბალი ადამიანია. ის დღესაც დიდ ბავშვად რჩება, ისეთივე მორიდებულია, როგორც წლების წინათ...

ჩვენ დიდი შრომა გავწიეთ, რათა კაშიასა და ყაზაიშვილს თავი დაემკვიდრებინათ "ვიტესში". ორივემ მოახერხა ეს და ძალიანაც კარგია. კარგია თუნდაც იმიტომ, რომ ისინი ფასეული ფეხბურთელები არიან საქართველოს ნაკრებისთვის.

თავის დროზე, მე პირდაპირ ვუთხარი "ვიტესის" ხელმძღვანელებს ყაზაიშვილზე - მთავარია, ეს ბიჭი გაიხსნას ბოლომდე და გუნდში "ჩაჯდეს"-მეთქი. დღეს ყველა ვხედავთ მის პროგრესს...

ბევრი გულისტკენა მქონდა "ვიტესში" ამ ფეხბურთელების გამო, მაგრამ ახლა აღარ მინდა დაკონკრეტება და დეტალებზე ლაპარაკი. რაც მოხდა, მოხდა. ყველაფერი ჩავლილია...

- იქნება მალე "ვიტესი" ჰოლანდიური ფეხბურთის ისეთი გრანდი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს "აიაქსსა" და პსვ-ს?
- ყველაფერს ფინანსები წყვეტს. ცოტა გაჭირდება... რამდენიმე ხნის წინათ "ვიტესმა" პსვ-ში 5 მილიონად გაყიდა ფორვარდი პროპერი. "ვიტესი" აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს. ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეები მოდიან "ჩელსიდან"...

- როგორი მწვრთნელია არნემული კლუბის დამრიგებელი პიტერ ბოში?
- პირადად მე მას ახლოს არ ვიცნობ. გურამ კაშიასგან ვიცი, რომ ძალიან დიდი პროფესიონალია თავისი საქმის, შემტევი ფეხბურთი უყვარს.

- როგორ წარმოგიდგენიათ "ვიტესისა" და ქართული ფეხბურთის თანამშრომლობა?
- პროექტებზე ფიქრი შეიძლება. რა თქმა უნდა, მაქვს გარკვეული მონახაზები...

- უახლოეს მომავალში "ვიტესის" წარმომადგენლები საქართველოში ხომ არ ჩამოვლენ?
- რა თქმა უნდა, მათი ინტერესი ქართველებისა და ქართული ფეხბურთის მიმართ დიდია. ისინი აუცილებლად დაესწრებიან საქართველოს ნაკრების საშინაო თუ საგარეო მატჩებს.

საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე რომ ჩამოვიყვანოთ "ვიტესისა" თუ სხვა კლუბების წარმომადგენლები, ცოტა სარისკო იქნება. ადრე რამდენჯერმე ჩამოვიყვანეთ...

- "ვიტესში" ოფიციალური თანამდებობა მიიღეთ. ეს ხელს ხომ არ შეგიშლით სხვა "ფრონტებზე" მოღვაწეობაში?
- არა, არანაირად. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, პსვ-ში დავინიშნო თანამდებობაზე. ამ კლუბის დირექტორატში სულ ჩემი გუნდელები არიან, ჩემი მეგობრები... მაგალითად, ახლა კლუბის დირექტორატში არიან რუუდ ვან ნისტელროი და მარკ ვან ბომელი.

- გოგა, რით ახსნით ჰოლანდიის ჩემპიონატის დონის დაცემას?
- სწორად შეგინიშნავთ, დონე მართლაც ვეღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. ჩემ დროს მეტი ვარსკვლავი თამაშობდა ჰოლანდიის ჩემპიონატში. გემახსოვრებათ, თვით არიენ რობენმაც ჩემს გვერდით დაიწყო თამაში...

ახლა შედარებით სხვა სიტუაციაა. ნიჭიერი ფეხბურთელები ჩნდებიან, მაგრამ მალევე მიდიან. ავიღოთ თუნდაც მემფის დეპაი. ის ძალიან მაგრად თამაშობდა პსვ-ში და ეგრევე წაიყვანა "მანჩესტერმა".

- საინტერესოა, რა მიზანს უსახავს ხოლმე "ვიტესს" კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის დაწყების წინ?
- მიზანი ევროპის ლიგაზე მოხვედრაა...

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა...
- ვულოცავ ლევანს! ის არის პრინციპული, მიზანდასახული... მჯერა, ტყუილად არაფერს იტყვის. ვფიქრობ, მას შეუძლია, წინ წაიყვანოს ქართული ფეხბურთი და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"კაცი", რომელიც ფეხბურთელს აფასებს არა ნიჭიერების შესაბამისად, არამედ მამამისის ჯიბეში არსებული ფულის რაოდენობით. ამიტომ არის "წარმატებული" აგენტი. წარმომადგენელი არა იხვი, დაწერეს ამათაც ახალი ამბავი. ...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული