მეორე შეხვედრაში მაყურებელმა ოდესის "ჩერნომორეცის" ქართველი ლეგიონერი გიორგი გადრანი იხილა. ამ ტანმაღალმა ცენტრალურმა მცველმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. როგორც გაირკვა, შესაძლოა, მან მალე კლუბი შეიცვალოს.
გიორგის უკრაინაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...
- მართლა გადაწყვიტეთ ოდესის "ჩერნომორეცის" დატოვება?
- დიახ, ასეა. კლუბთან კონტრაქტი ორ თვეში მიმთავრდება.
- უკრაინელები ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ გთავაზობენ?
- მთავაზობენ, მაგრამ უარს
- რატომ? გუნდი არ მოგწონთ თუ უკეთესის იმედზე ხართ?
- აღარ მინდა, იმიტომ, რომ უკეთესის იმედზე ვარ და ვარიანტებიც არის. უკეთეს ლიგასა და გუნდში თამაში რომ მსურს, ესეც ბუნებრივია.
მაგალითად, ბელგიის და გერმანული ბუნდესლიგის გუნდებში მოხვედრა ძალიანაც კარგი იქნება, ისევე, როგორც უკრაინის რომელიმე წამყვან გუნდში.
- რადგან მიწვევები გაქვთ, უფრო რეალური და სასურველი რომელ ქვეყანაში თამაშია?
- არის რამდენიმე შემოთავაზება. მაგალითად, ბელგიიდან "გენკი" რეალურია. რა თქმა უნდა, ყველაზე სასურველი ბუნდესლიგაა. ყველა ფეხბურთელის ოცნება ხომ ასეთ კარგ ჩემპიონატში თამაშია?!
- რა შეიძინეთ უკრაინაში ყოფნის პერიოდში? ფიზიკურად მოღონიერდით? ან თეორიულად და ტაქტიკურად თუ გაიზარდეთ?
- მიმაჩნია, რომ აქ ყოფნა ყველანაირად წამადგა. რა თქმა უნდა, ფიზიკურად მოვღონიერდი, რადგან აქ ვარჯიშებზეც დიდი ტემპია და თამაშებშიც. ყველაფერი დინამიკაშია. თეორიულადაც ძალიან დიდია განსხვავება აქაურობასა და საქართველოს შორის.
შესაბამისად, პრაქტიკაც ისეთ გუნდებთან უნდა მიიღო, როგორებიც არიან კიევის "დინამო", "შახტარი", "დნიპრო", "ვორსკლა"... შესაბამისად, ყველანაირად განვითარდები სათამაშო პრაქტიკით, ვარჯიშებით, თეორიებით, ფიზიკურად...
სხვათა შორის, ვარჯიშამდე, ყოველდღე თეორიები გვაქვს და ამით კიდევ უფრო დიდი გამოცდილება მიგროვდება...
- უკრაინელების ფიზიკურ მომზადებაზე ლეგენდები დადის. მათი მომზადების მეთოდი ჩვენებურისგან მართლა ასე ძალიან განსხვავდება?
- ფიზიკურ დატვირთვებში იმდენად დიდი განსხვავებაა, არც უნდა შეადარო. მთავარი კი პირობებია. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ფეხბურთელი სწორად განვითარდეს. ასევე, მაღალ დონეზეა ვიტამინიზაცია და აღდგენითი პროცესები... რომ იცოდეთ, ზოგჯერ ჩემპიონატის დროსაც გვაქვს დღეში ორჯერადი და სამჯერადი ვარჯიშები.
რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ ენერგიას, ძალისხმევასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. კარგი ვიტამინიზაციისა და აღდგენების გარეშე კი ასეთი დატვირთვების ატანა შეუძლებელი იქნებოდა.
- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შანსებზე რას ფიქრობთ? რეალურია ჯგუფიდან გასვლა?
- ჩვენ რომ მოვხვდით, იმას "სიკვდილის ჯგუფს" ეძახიან და რეალურად რომ ვთქვათ, გასვლის მინიმალური შანსია. მაგრამ მიზნად სწორედ ეს გვაქვს დასახული და უნდა გავიდეთ. ბევრი რამ გადაწყდება ესპანეთთან გასვლით შეხვედრაში. შემდეგ შინ შვედებს ვიღებთ. ამ თამაშში მოედანზე მხოლოდ 3 ქულისთვის გავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ მიზანს მივაღწიოთ - მინიმუმიდან მაქსიმუმი გავაკეთოთ. ვთქვი და ვიმეორებ: უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"