ეს დღეებია, აღტაცების გამომხატველ მსგავს რეპლიკებს ხშირად წააწყდებით. ბოლო ერთი კვირაა, საქართველოში ბევრმა იხილა უეფას ახალგაზრდულ ლიგაში შვედური "მალმიოსა" და დონეცკის "შახტარის" მატჩში გიორგი არაბიძის თამაშის ვიდეოკოლაჟი, სადაც პარალელს გიორგი ქინქლაძესთან ავლებდნენ...
ნიჭიერი ქართველი ჭაბუკით უკრაინელებიც მოხიბლულები დარჩნენ - არაბიძემ იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა მადრიდის "რეალის" მძლეველ "მალმიოსთან" ისე შთამბეჭდავად ჩაატარა, კომენტატორებმა პირდაპირ ეთერში ლამის მისი ჩამომყვანის სადღეგრძელო შესვეს. ბოლოს კი აღიარეს,
თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილმა 17 წლის შემტევმა ნახევარმცველმა შვედებთან ულამაზესი გოლით გამოიჩინა თავი და არამხოლოდ - კიდევ სამ საგოლე კომბინაციაში უშუალოდ მონაწილეობდა, ერთხელ ბურთი ძელს მოარტყა, ორჯერ მეკარემ მისი უძლიერესი დარტყმა მოიგერია და ასე შემდეგ. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ დონბასელთა 19-წლამდელებში გიორგი ყველაზე პატარა გახლდათ.
სამშაბათს კი გიორგიმ სადებიუტო შეხვედრა "შახტარის" მთავარ გუნდშიც ჩაატარა. დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ის "ტერნოპოლთან", უკრაინის თასის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა და შეუცვლელადაც ათამაშა.
"შახტარმა" ის თამაში 4:0 მოიგო (ორი მატჩის ჯამში - 9:0) და მეოთხედფინალში გავიდა. საინტერესოა, რომ არაბიძე იმ მომენტისთვის 17 წლის, 7 თვისა და 23 დღისა იყო და მეხუთე მცირეწლოვანი შეიქნა, ვისაც ამ ასაკში "შახტარში" დებიუტი ჰქონია.
არაბიძე "შახტარმა" თბილისის "ლოკომოტივიდან" ზაფხულში შეიძინა. მას მირჩა ლუჩესკუ განსაკუთრებულად პატრონობს, რადგან ქართველში ნიჭი დაინახა და მთავარ გუნდთან ერთადაც ავარჯიშებს. რუმინელი სპეციალისტი მოითხოვდა, რომ არაბიძეს 19-წლამდელთა გუნდში რეგულარულად ეთამაშა, შეკრებაზე კი, ამხანაგურ თამაშებში, რამდენჯერმე მთავარ გუნდშიც გამოსცადა.
პარალელურად, სრულიად უსაფუძვლოდ ვრცელდება ჭორები, თითქოს არაბიძის გამოძახება უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებში სურთ. ეს გამორიცხულია, რადგან მან უკვე მოირგო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა გუნდების ფორმა, თან 17 წლისაა და სხვა ქვეყნის ამავე ასაკის ნაკრებში ვეღარ ითამაშებს. რაც მთავარია, ამის სურვილი არც თავად გააჩნია.
ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთი დატვირთვები მექნებოდა
"შახტარის" მთავარ გუნდში დებიუტთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, გიორგი არაბიძეს უკრაინაში დავკავშირებოდით და ინტერვიუ ჩაგვეწერა:- არ ვიცი, უკრაინის ნაკრებში ჩემი შესაძლო "გამოძახების" შესახებ გავრცელებული ჭორი რას მივაწერო, - გვითხრა არაბიძემ საუბრის დასაწყისში. - მაგრამ ის კი ვიცი, რომ მალე საქართველოში დავბრუნდები და შესარჩევ ციკლში ჩვენს 19-წლამდელთა ნაკრებს დავეხმარები. ამაზე სერიოზული ლაპარაკი არც ღირს.
- ორ სადებიუტო შეხვედრაზე უნდა გკითხოთ. უეფას ახალგაზრდულ ლიგაში "მალმიოსთან" მატჩით დავიწყოთ...
- რა თქმა უნდა, დებიუტიც გამიხარდა და ისიც, რომ თამაში წამივიდა, გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემებიც გავაკეთე. ალბათ, ასეთი დებიუტი ყველა ფეხბურთელისთვის სასურველი იქნებოდა.
- რაც შეეხება "ტერნოპოლთან" მატჩს, უკრაინაში 90 წუთის თამაში იოლი არ არის. უპრობლემოდ გაძელით?
- არანაირი პრობლემა არ მქონია და არც გაძლებაზე მისულა საქმე. ფიზიკურადაც არ გამჭირვებია, ჩვეულებრივად ვითამაშე, ერთი-ორჯერ კარშიც დავარტყი და მიმაჩნია, რომ ნორმალური თამაში ჩავატარე.
"შახტარი" უეფას თასის მფლობელია და მის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა პატარა საქმე არ არის.
- აშკარაა, რომ ლუჩესკუ თქვენ მიმართ კეთილგანწყობილია...
- ახლახან წავიკითხე, "ტერნოპოლთან" თამაშის შემდეგ ჩემზე თბილად რომ ილაპარაკა... საერთოდაც, ლუჩესკუსგან ნდობას ვგრძნობ და ეს ძალიან მახარებს. ის სერიოზული დონის მწვრთნელია, ბევრ ცნობილ გუნდში უმუშავია, მისთვის უცხო არაა წარმატებები და ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ასეთი სპეციალისტისგან ნდობას რომ ვგრძნობ. რაც მთავარია, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.
ისე, სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი, რომ ძირითად გუნდში მხოლოდ 19 წლისას მათამაშებდა. და იცით, აქ კარგი რა არის? ფეხბურთელი შრომისა და მონდომების დაფასებას გრძნობს, არაფერს უკარგავენ და შანსს აძლევენ. მთავარი კი ნდობაა და შენც უფრო მოტივირებული ხარ.
- "შახტარში" გადასვლის შემდეგ დიდ დატვირთვებზე მოგიხდათ შეჭიდება...
- რა თქმა უნდა და საქართველოში ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთი დატვირთვები მექნებოდა. რაც ჩვენთან არის, ეს არაფერია. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ საქართველოში რასაც ვაკეთებდი, ამას არც შეიძლება "დიდი დატვირთვა" უწოდო.
- თქვენი აზრით, "შახტარის" ძირითადში დასამკვიდრებლად რა გჭირდებათ?
- ცხადია, უფრო მეტი გამოცდილება და ასაკი. ჯერ მაინც 17 წლის ვარ და სასწავლი ბევრი მაქვს, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შესაძლებელია.
- კომენტატორები ამბობენ, არაბიძეს შეტევაში პრობლემა არ აქვს, მაგრამ დაცვის დახმარება უნდა ისწავლოსო. ამას კი მართლაც სერიოზული გამძლეობა სჭირდება...
- უკრაინაში სწორედ მაგას ასწავლიან და აქ იმიტომაც ჩამოვედი, რომ თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს შევეგუო. ერთბაშად ყველაფერი არ გამოვა, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეს უნდა მოვახერხო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"