მახათაძე და სხვები - სხვა ქვეყნის მოქალაქე ქართველების სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
8 ნოემბერს, ჩილეში 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდება და ახალი გამარჯვებული გამოვლინდება. მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) გოლის ავტორი წარმოშობით ქართველი გიორგი მახათაძეა, რომელიც რუსეთის ნაკრების კაპიტანია.

გიორგი მოსკოვის "ლოკომოტივის" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელია და იმედისმომცემ ნახევარმცველად ითვლება. მან ტურნირზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ყველა - შეუცვლელად, ბოლო ორ მატჩში კი გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა.

რუსმა ახალგაზრდებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი მოიგეს - კომუნისტური კორეა და სამხრეთ აფრიკა ერთნაირი ანგარიშით - 2:0 დაამარცხეს, კოსტა რიკასთან კი ფრედ
(1:1) ითამაშეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. მაგრამ 1/8 ფინალში ეკვადორელებთან 1:4 დამარცხდნენ და მუნდიალს დაემშვიდობნენ.

17 წლის მახათაძემ თავი სამხრეთაფრიკელებთან გამოიჩინა: კაპიტნის სამკლავური პირველად სწორედ მათთან შეხვედრაში მოირგო და, ეტყობა, ამან დიდი სტიმულიც მისცა - ჯერ, მე-5 წუთზე პენალტი გამოიყენა, 88-ე წუთზე კი მოედნის ცენტრში იმყოფებოდა, როცა საჯარიმო დაინიშნა - კარიდან წინ გამოსული მეკარე შენიშნა და მოულოდნელად, მინიმუმ 50 მეტრიდან დაურტყა, ბურთი თავზე გადაუგდო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:0.

გოლი ისეთი ლამაზი გამოდგა, რუსული ვებგვერდები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მერე კი ჯგუფურ ეტაპზე გატანილ 5 საუკეთესოს შორის პირველ ადგილზე დაასახელეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საინტერესოა, რომ გიორგი ცენტრიდან გოლის გატანას რუსეთის ახალგაზრდულ ჩემპიონატშიც ცდილობდა. 29 აგვისტოს, მე-7 ტურში, "ლოკომოტივის" ქართველმა ნახევარმცველმა "კრასნოდართან" შეხვედრისას ერთი წუთის შუალედში საკუთარი საჯარიმოდან ორჯერ დაარტყა: პირველი - მეკარემ მოიგერია, მეორე კი ძელს მოარტყა და მატჩის შემდგომ კომენტარისას ემოციას ვერ მალავდა: "ეს ვინ დაარტყა?! კიდევ მახათაძემ? ეს უბრალოდ გენიალურია"!

რუსულ ვებგვერდებზე საინტერესო გამოხმაურებები ვნახეთ:

"ეს ბიჭი ამას უკვე მერამდენედ აკეთებს! უდიდესი ტალანტია, რასაც მხოლოდ ამის გამო არ ვამბობ. ნახეთ "ლოკომოტივის" ახალგაზრდული გუნდის თამაშები და ამაში დარწმუნდებით".

"ქართველებს ყოველთვის კარგი შემტევები ჰყავდათ. გაიხსენეთ სლავა მეტრეველი ან გიორგი დემეტრაძე. კარგია, ჩვენს ნაკრებში ასეთი თვითნაბადი ტალანტი რომ იზრდება".

"მახათაძის დამაჯერებელი და თამამი თამაშის დამსახურებაა, ბიჭებს სამხრეთ აფრიკასთან დაძაბულობა რომ მოეხსნა".

გოლი იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ კომენტარი რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომაც კი გააკეთა:

"ულამაზესი გოლი! თავიდან გულშემატკივრები ჩვენს გუნდს უსტვენდნენ, მაგრამ გოლი მათაც მოეწონათ. ეს გოლი მოთამაშის ჩამოყალიბებულობაზე მეტყველებს. ვითარება გასაოცრად შეაფასა".

რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრი ხომუხამ კი თქვა, რომ 17-წლამდელების მუნდიალს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს და რამდენიმე მოთამაშით დაინტერესდა, სამეულში კი მახათაძეც დაასახელა.

ცხადია, ამ ბიჭის მსოფლიოზე გაბრწყინებამ ჩვენც დიდი იმედი გაგვიჩინა. ზოგი თვლის, რომ რუსეთის სახელით გამოსვლა სამარცხვინოა. მგონი, საკითხს სხვაგვარად უნდა მივუდგეთ - ბიჭი რუსეთშია გაზრდილი და რადგან ნიჭიერია, საქართველოს სამსახურში უნდა ჩავაყენოთ, თუკი მისი სურვილი იქნება.

* * *
თემამ მოიტანა და, მცირე ხნის წინათ პერმის "ამკარში" რუსული პასპორტის მქონე კიდევ ერთმა ქართველმა, გიორგი ჯიქიამ გაიბრწყინა. ის უცხოეთში გადახვეწილი ქართველების კიდევ ერთი უცნობი შთამომავალია. მათ სიას რომ გადავხედოთ, ძალიან სოლიდური და შთამბეჭდავი რამ გამოვა. ჩვენ ამ საინტერესო ფეხბურთელების პოზიციები შევარჩიეთ და სიმბოლური ნაკრები შევადგინეთ:

მეკარეები: ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი დონ, უკრაინა), გიორგი შელია (ენისეი, რუსეთი);
მცველები: ნიკა ნიკურაძე (აიაქსი 2, ჰოლანდია), გიგა ჩხეიძე (კალმარი, შვედეთი), ნიკა ჩხეიძე (ლინდსდალი, შვედეთი), თემურ ფარცვანია (ოლიმპიკი დონ, უკრაინა), ბადრი აქუბარდია (დინამო 2 კიევი, უკრაინა), გიორგი ჯიქია (ამკარი, რუსეთი);
ნახევარმცველები: გიორგი მელქაძე (სპარტაკი, რუსეთი), გიორგი მახათაძე, ნიკა ყიფიანი (ორივე - ლოკომოტივი 2, რუსეთი), ვალერიან გვილია (მეტალურგი ზ, უკრაინა), ბექა ვაჩიბერაძე (ბეტისი B, ესპანეთი), ამბროსი ჩაჩუა (კარპატი, უკრაინა), ჯიჯი დარასელია (მაკაბი U18 ჰაიფა, ისრაელი), აკაკი გოგია (ბრენტფორდი, ინგლისი), ნიკა ფურცელაძე (ჰამბურგი D, გერმანია), ლუკა ჰუფნაგელი (ფრაიბურგი, გერმანია);
თავდამსხმელები: ევგენი ბოხაშვილი (დნიპრო, უკრაინა), ირაკლი მესხია (სტომილი, პოლონეთი).

უცხოური პასპორტის მქონე ქართველებისგან სიმბოლური ნაკრები 4-2-3-1 სისტემით შევადგინეთ:
მახარაძე - ჩხეიძე, ფარცვანია, ჯიქია, ნიკურაძე - გვილია, ჰუფნაგელი (ან ჩაჩუა) - ფურცელაძე, გოგია, ვაჩიბერაძე (ან მელქაძე) - მესხია.

ცხადია, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველებს ყურადღებას შემთხვევით არ ვაქცევთ. არავინ უწყის, ადრე თუ გვიან რომელი მათგანი შეიძლება ჩვენი ქვეყნის სახელით ვიხილოთ. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საიდუმლოდ გაგვიმხილა, რომ ერთ-ერთ მათგანს აკვირდება და, შესაძლოა, მიიწვიოს კიდეც.

ვფიქრობთ, კარგი და საინტერესო იქნება, ტრადიციად რომ დამკვიდრდეს: ეს ხალხი წელიწადში ერთხელ მოვიწვიოთ და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეებისგან შედგენილ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩავატაროთ.

რა თქმა უნდა, რთულად განსახორციელებელი იდეა, ყველას ერთად ვერ შევკრიბავთ, მაგრამ იოლი, როგორც იტყვიან, არც ფაფის ჭამაა. ასეთ მატჩში მონაწილეობას კი, განსხვავებით მოქალაქეობის შეცვლისგან, ბევრი დათანხმდება. რაც მთავარია, უცხოეთში დასახლებული ქართველების ხილვა გულშემატკივრებსაც დააინტერესებს და საფეხბურთო გარემოსაც გამოაცოცხლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს უცხოეთში გადახვეწილი ქართველების სიაა
daTunas
02:33 11-11-2015
0
ჰუფნაგელი Mანდ რა შუაშია? Aსაკობრივ ნაკრებებსიც თამაშOბდა ჩვენტან და Eხა ეროვნულშIა გამოძAხებული
Datuna
14:03 07-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული