ვაკო გვილია: დაუშვილი ახლა გავიცანი, არაბიძემ კი გამაოცა

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში გათამაშების აუტსაიდერი, ზაპოროჟიეს "მეტალურგი" ლვოვში "კარპატის" ესტუმრა და 0:1 წააგო.

ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მოედანზე ორი ქართველი გავიდა და ორივე - საყრდენი ნახევარმცველი: ლვოველებში მურთაზ (ბუბა) დაუშვილმა შეცვლაზე ითამაშა, მასპინძელთა შორის კი პირველივე წუთებიდან მოედანზე იყო ვალერიან გვილია.

მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო აღსანიშნავი: ზაპოროჟიელები მოედანზე კაპიტნის სამკლავურით სწორედ გვილიამ გაიყვანა, რომელიც შარშან ძირითადში მოხვედრაზე ოცნებობ
და - პროგრესი და გუნდისგან დაფასება აშკარაა.

"ისე მოხდა, რომ გუნდის ვეტერანები არ თამაშობდნენ, არც კაპიტანი ვიტალი ლისიცკი და არც - ვიცე-კაპიტანი მაკსიმ სტარცევი. მოულოდნელად, ზედ თამაშის დაწყებამდე, მწვრთნელმა ანატოლი ჩანცევმა გუნდს გამოუცხადა - მოედანზე "მეტალურგს" გვილია გაიყვანსო.

ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი და სასიამოვნო ამბავი აღმოჩნდა, გაოგნებულმა შევხედე... მანამდე, ვიცე-კაპიტანი მაინც რომ ვყოფილიყავი, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ასე უცებ სამკლავური გაგიკეთონ?! მაგრამ უფრო ის მესიამოვნა, რომ ჩემი კაპიტნობა თანაგუნდელებს არ გაჰკვირვებიათ და ისე მიიღეს, როგორც ჩვეულებრივი ამბავი...

რაც შეეხება თამაშს, ლვოვის "კარპატი" საკმაოდ კარგი გუნდია და მოსაგებად ბოლომდე ვიბრძოლეთ. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე მომენტები მქონდა, ჯარიმიდან ჩამოწოდებულ ბურთს მიმართულება თავით შევუცვალე, მაგრამ ლვოველთა მეკარემ კარის ხაზიდან გამოიტანა", - გვიყვება გვილია.

21 წლის ნახევარმცველმა მატჩისშემდგომი ამბებიც გაგვიმხილა:

"უკვე რამდენჯერმე ვთამაშობდი ლვოველებთან, მაგრამ ბუბა დაუშვილი მხოლოდ ამ მატჩის შემდეგ გავიცანი - ჯერ გამარჯვება მივულოცე, ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ და მერე გამოველაპარაკე...

უკრაინაში ჩამოსვლის შემდეგ აქ ყველა ქართველს ვგულშემატკივრობ და გამიხარდა, ბუბა უბრალო და თბილი ადამიანი რომ აღმოჩნდა.

სხვათა შორის, "კარპატიშია" ჩემი კარგი ნაცნობი ამბროსი ჩაჩუა, რომელიც უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში გავიცანი. ძალიან კარგი ბიჭია. ქართული არ იცის, რადგან აქ არის დაბადებულ-გაზრდილი და, თუ არ მეშლება, უკრაინელი დედა ჰყავს. ვფიქრობ, მას ქართულს მალე ვასწავლით".

გვილიას თქმით, უკრაინაში გიორგი არაბიძის გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა:

"ყველა ამბობს, რომ "შახტარმა" მეორე ქინქლაძე შეიძინა. ძალიან აქებდნენ და "მალმიოსთან" დონეცკელ 19-წლამდელთა მატჩის მიმოხილვას რომ ვუყურე, გაოცებული დავრჩი - ქინქლაძეს მართლაც ჩამოჰგავს. 17 წლისაა და ამის მიუხედავად, ძალიან ტექნიკური და ჭკვიანი მოთამაშეა.

უკრაინელები ამბობენ - უდავოდ დიდი ტალანტია და თუ საკუთარ თავზე იმუშავებს, დიდი ფეხბურთელი გახდებაო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ას პროცენტიანი ხარ. ნაღდად ეგრე იქნებოდა
ალეკსანდრე-ს
21:15 06-11-2015
0
ჩემი აზრით კინკლადზეს რომ ნამდვილი სპორტული რეზიმით ეცხოვრა და ბევრი ევარჯიშა, მესიზე მეტი თუ არა ნაკლებიც არ იკნებოდა
ალეკსანდრე
17:54 06-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული