რას შეეწირა შოთა - თურქული მედია არველაძის გათავისუფლების ნამდვილ მიზეზებზე

AutoSharing Option
შოთა არველაძე აღარ არის "ტრაბზონსფორის" მწვრთნელი. მიზეზი? ცუდ შედეგებზე მეტად ეს - თურქული კლუბის პრეზიდენტმა ის მოხსნა მის მოსისხლე მტერთან ერთად ყოფნის გამო.

ყველაზე საოცარი ამ ისტორიაში ისაა, რომ ეს ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამებოდა და შოთა მოხსნა პერსონამ, რომელსაც ამისი უფლება არ ჰქონდა, რადგან მსაჯების გამოკეტვის გამო თვეებით ჩამოშორებულია ფეხბურთს.

არადა, არცთუ დიდი ხნის წინათ თურქულ სატელევიზიო შოუში შოთა არველაძემ განაცხადა, რომ არასოდეს დათანხმდებოდა "ტრაბზონის" წინადადებას: "მე ეს კლუბი ძალიან მიყვარს, იქ ვუყვარვარ ფანებს. მსურს, ეს ისევ ასე დარჩეს".

შოთა არველაძე
1993-97 წლებში (მცირე პაუზით) შავიზღვისპირა კლუბის ფანების ნამდვილი კერპი გახდა. რაოდენ მართალი იყო შოთა მაშინ, ამ ბოლო ინციდენტმაც გამოაჩინა.

"ტრაბზონში" მუდამ წარმატებას და შემტევ ფეხბურთს ითხოვენ. ზაფხულში პრეზიდენტმა იბრაჰიმ ჰაჯიოსმანოღლუმ მეხუთე მწვრთნელი გაუშვა. მოთხოვნები ძალიან დიდია - წარმატება და შემტევი ფეხბურთიც საკმარისი არაა, მწვრთნელი ფანებსაც უნდა უყვარდეთ.

ვინ ვისთან ჭამს
მას მერე, რაც "ტრაბზონის" პუბლიკის ყველა ფავორიტი ჩაფლავდა, ფანებმა სიხარულით მიიღეს შოთა გუნდის თავკაცის პოსტზე. იყო დაუფიქრებელი დაპირებები, იმედები და ისევ... ჩავარდნა. ისევ ადრიანი იმედგაცრუება.

"ტრაბზონსფორი" ახლა თურქულ სუპერლიგაში მე-12 ადგილზეა, თამაშობს ცუდად, არასანახაობრივ ფეხბურთს. მაგრამ არველაძის გათავისუფლების მიზეზი იმდენად შედეგები არ იყო, რამდენადაც ძალიან უცნაური ინციდენტი, უფრო სწორად, გაუგებრობა.

აი, სწორედ ეს გაუგებრობა მიუთითებს, რამდენად ქაოტურია სიტუაცია კლუბში და რაოდენ მართალი იყო შოთა თავიდან, როცა შორს ეჭირა თავი ამ შეთავაზებისგან.

ამჟამად დისკვალიფიცირებული ჰაჯიოსმანოღლუ ტრაბზონში არ ცხოვრობს, სტამბოლში აქვს რეზიდენცია. მისმა ათასი მოენედან ერთ-ერთმა ამას წინათ უთხრა ჰაჯიოსმანოღლუს, რომ შოთა არველაძე ნახეს რესტორანში ფარუკ ოზაკთან და ჰაირეთინ ჰაჯისალიჰოღლუსთან ერთად.

ოზაკი დიდი ხნით იყო "ტრაბზონის" პრეზიდენტი, ხოლო ჰაჯისალიჰოღლუ - მისი მარჯვენა ხელი. ოზაკი პოლიტიკოსია და თან, "ტრაბზონის" პრეზიდენტობის მომავალ არჩევნებს უმიზნებს. მოკლედ, ის და ჰაჯიოსმანოღლუ მტრები არიან.

მისი კლუბის მწვრთნელი მთავარ მტერთან ერთად რესტორანში?! არადა, სინამდვილეში ინფორმაცია არ იყო მართებული, იმ სუფრაზე შოთა კი არა, მისი ტყუპისცალი არჩილი იყო, რომელსაც ოზაკთან მამაშვილური ურთიერთობა აქვს და ხშირად ხვდება ხოლმე. გეხსომებათ, არჩილიც თამაშობდა "ტრაბზონში" და ეს ურთიერთობაც მაშინ ჩამოყალიბდა. მეტიც, სუფრასთან მესამე კაცი სინამდვილეში არა ჰაჯისალიჰოღლუ, არამედ შოთა და არჩილ არველაძეების მამა გახლდათ.

გაცხარებული პრეზიდენტი მეორე დღესვე ჩავიდა ტრაბზონში. მან დაივიწყა, რომ შოთა და არჩილი ლამის იდენტური ტყუპები არიან.

"დიახ, იყო ასეთი შეხვედრა და მე კი არა, ჩემი ძმა იყო ამ შეხვედრაზე. მაგრამ თუნდაც ვყოფილიყავი, არ შეიძლება მეგობრებთან ერთად სადილობა?" - გაკვირვებული იყო შოთა მედიასთან საუბრისას.

პრეზიდენტი, რომელსაც ამის უფლება არ ჰქონდა
წესით და რიგით, პრეზიდენტ ჰაჯიოსმანოღლუს არავის გათავისუფლება არ შეუძლია, რადგან "გაზიათეფსპორთან" მატჩში მსაჯთა ბრიგადა ოთახში გამოკეტა, რისთვისაც ის რამდენიმე თვით დისკვალიფიცირებულია.

ასე რომ, არველაძეს თავისუფლად შეეძლო, ფედერაციაში გაეპროტესტებინა ეს გადაწყვეტილება, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდება, ოფიციალურად ქართველი მწვრთნელი ურთიერთშეთანხმებით დაშორდა კლუბს. ოფიციალური მიზეზი კი გუნდის ცუდი შედეგებია...
მკითხველის კომენტარები / 3 /
DKW-ს ანუ იგივე .....ს. ცოტა დაოკდი ჯიგარ, ბოღმით არ გასკდე. ასე ჯობია. ცნობისათვის, შოთის არასოდეს უმუშავია ქართულ ფეხბურთში, როგორც ფუნქციონერს. შესაბამისად არანააირი "წვლილი" არ მიუძღვის მის "წინსვლაში". გაიგე!
კაკი
17:42 13-11-2015
0
Gadash
dato
17:20 13-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული