ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის

AutoSharing Option
17 ნოემბერს დასრულდა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები. საქართველოს ნაკრებმა VIII ჯგუფიდან უელსის, ავსტრიისა და ალბანეთის გუნდებთან კონკურენციაში ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.

საერთო აზრია, რომ 19-წლამდელთა ნაკრების ამჟამინდელი ფორმაცია საუკეთესო არ არის იმ გუნდებს შორის, რაც ბოლო წლებში გვყოლია და მას ჰაერივით სჭირდება გაძლიერება. ვასილ მაისურაძის გუნდს ამის რესურსი გააჩნია. ელიტრაუნდში ნაკრებს დაეხმარება ბელგიური "გენტის" თავდამსხმელი გიორგი ბერიძეც, რომელიც ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

შესაძლოა, მაისურაძის კრებულს კიდევ რამდენიმე მოთამაშე
დაემატოს. მაგალითად, საინტერესო ფეხბურთელები არიან თბილისის "ლოკომოტივის" ნახევარმცველები - დავით სამურკასოვი და გიორგი ღვინაშვილი. ერთ-ერთი კანდიდატია ლუკა გადრანიც, რომელიც მაისურაძემ 14 და 16 ივნისს პოლონეთთან "მიხეილ მესხზე" გამართული ორი ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა. 18 წლის მცველმა მონაწილეობა მიიღო მეორე მატჩში, რომელიც ქართველებმა 5:2 მოიგეს...

იმ პერიოდში ლუკა გადრანი ჯერ კიდევ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახლდათ. შემდეგ ის ესპანეთში წავიდა, იქ სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "ალავესთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ კლუბის 19-წლამდელთა გუნდში ვარჯიშობს. ოღონდ გადრანი ოფიციალური მატჩების ჩატარებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

"ვთამაშობ "ალავესის" 19-წლამდელთა გუნდში. მომავალი წლის 30 ივნისამდე მაქვს ხელშეკრულება. ჩემი კლუბი ფიფასგან ნებართვას ელოდება, რომ თამაშის უფლება მომცეს. საბუთები უკვე გაგზავნილია და პასუხს ყოველდღე ველით", - ამბობს გადრანი.

როგორც შევიტყვეთ, მაისურაძემ ის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვისაც გამოიძახა:

"ჩვენი ნაკრების წარმომადგენელი დაუკავშირდა "ალავესს", მაგრამ კოჭი მქონდა გადაბრუნებული და ამის გამო ვერ ჩამოვედი. მქონდა პრობლემა იოგებზეც... ერთი სიტყვით, ვარჯიში ახალი დაწყებული მქონდა, გამიფრთხილდნენ და არ გამომიშვეს - შესაძლოა, გაგიმიზეზდესო. საქმე ისაა, რომ რეაბილიტაციის პროცესი ახლახან დავასრულე", - გვიხსნის 18 წლის ფეხბურთელი.

ის "ვიტ ჯორჯიაში" ზაზა დიდებაშვილთან ვარჯიშობდა, მერე თბილისის "დინამოში" გადავიდა ნიკა ბაშალეიშვილთან ერთად, რომელმაც 19-წლამდელთა შესარჩევ ციკლში ითამაშა.

ლუკა საფეხბურთო ოჯახიდანაა: ოდესის "ჩერნომორეცისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი გიორგი გადრანი მისი ძმა გახლავთ. მათ ბიძაშვილს კი, 20 წლის ილია გადრანს, უკრაინაში უთამაშია. ახლა ის "გაგრაშია", მაგრამ მალე ისევ უკრაინაში აპირებს წასვლას. საინტერესოა, რომ სამივე გადრანი ცენტრალური მცველია:

"მე და ჩემი ძმა ერთად ცოტა ხნით "ვიტ ჯორჯიაში" ვიყავით, მაგრამ ის ჩემზე სამი წლით უფროსია და ასაკობრივი სხვაობის გამო ერთად არ გვითამაშია, გიორგი უფროსებში გამოდიოდა. მაგრამ იმედია, ადრე თუ გვიან ერთად თამაშსაც მოვახერხებთ. ფეხბურთში ყველაფერი ხდება".

საინტერესოა, რომ ზაფხულში "ალავესის" 19-წლამდელთა გუნდში 18 წლის დავით ყიფიანი ჩაირიცხა. ის დიდი დავით ყიფიანის შვილიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ვაჟია, თავადაც ნახევარმცველია და ამჟამად "სან მარტინშია" განათხოვრებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ავტორს ვურჩევ დეპორტივო ალავესის უკვე მოქმედი ქართველი ფეხბურთელი ოთო ჭიჭაღუა მოიკითხოს, რომელიც ერთ ერთი უძლიერესია თავის თაობაში და მალე ალავესის პირველ გუნდს შეუერთდება
დავით რუსია
23 ნოემბერი 2015 01:00
0
წარმატებები ლუკა, ბევრჯერ გაგეხარებინოს ქართველი გულშემატკივრის გული!
irakli afrasifdze
20 ნოემბერი 2015 23:27
0
წარმატებები ყველა იუნიორ ქართველ ფეხბურთელს! მთავარია შრომა, მონდომება და სპორტული ხასიათი გამოავლინოთ.
georgiano
20 ნოემბერი 2015 14:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული