გიორგი ლორია: ბედნიერი ვარ, რომ მამა გავახარე

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში "კრილია სოვეტოვმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა მოსკოვის ცსკა. ამ მოულოდნელობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გიორგი ლორია იყო, რომელთანაც ინტერვიუ სამარელთა ოფიციალურმა საიტმა შემოგვთავაზა.

- როდის გაიგეთ, რომ სასტარტოში იყავით?
- როგორც ხდება ხოლმე, თამაშისწინა კრებაზე. ამ შეხვედრისთვის რომ ვემზადებოდით, ვგრძნობდი, რომ სასტარტოში მე ვითამაშებდი. დიდი სურვილი მაქვს, რომ ხშირად ვითამაშო.

- თამაშის წინ ცსკა-ს რომელიმე ფეხბურთელს თუ უფრთხოდით?
- ავტობუსში გამოვკითხე ბიჭებს, არმიელებში ვის შეუძლია არასტანდარტულად თამაში, ვინ ურტყამს საჯარიმოებს და პენალტებს. რაც შეეხება სრულ ანალიტიკას - ეს
ჩემთვის ალან ჩოჩიევმა გააკეთა. ალანმა მირჩია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ზორან ტოშიჩისთვის მიმექცია.

- გადაცემა "90 წუთი პლუსმა" თქვენ დაგასახელათ ტურის 5 საუკეთესო ფეხბურთელში. რას იტყვით საკუთარ თამაშზე?
- მადლობა, ეს თავისთავად ძალზე სასიამოვნოა. თავს გმირად არ მივიჩნევ. გმირი ადისია, მან ორი გოლი გაიტანა, გამარჯვება კი მთელი გუნდის დამსახურებაა. მოედანზე 11 კაცი გადის.

- როდის დაიჯერეთ, რომ მოგებას შეძლებდით?
- თამაშის წინ მეც და ბიჭებსაც გვქონდა შეგრძნება, რომ არ წავაგებდით. ეს იყო ინტუიცია.

- საქართველოში თუ უყურეს ამ თამაშს?
- რა თქმა უნდა, უყურეს და თამაშის მერე ბევრმა დამირეკა და მომილოცა. მატჩის შემდეგ ისრაელში მამას დავურეკე, რომელიც იქ მკურნალობს. მამა ძალიან ბედნიერი იყო, რომ მოვიგეთ და ნულზე ვითამაშე. მამა ჩემთვის ყველაფერია, ბედნიერი ვარ, რომ გავახარე.

- კომენტატორი ამბობდა, რომ თქვენ ყველაფერს იგერიებდით, რაც კარში მიდიოდა...
- გუნდისთვის უკეთესია, როცა თამაში მეტოქის ნახევარზე მიმდინარეობს, როცა გუნდი უფრო უტევს. მაგრამ ალალად ვიტყვი, მე უფრო მიყვარს, როცა მეტოქეც აქტიურია, როცა საქმე მაქვს. არ მიყვარს, როცა უსაქმოდ ვდგავარ და ვიყინები. მთავარია წარმატებული შედეგი.

- აკინფეევს თუ გაესაუბრეთ თამაშის შემდეგ?
- საფეხბურთო მოედანზე პირველად დავუპირისპირდი მას. უბრალოდ, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და წარმატება ვუსურვეთ. იგორი ძალიან მაღალი დონის მეკარეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული