კიდევ ერთი ქართველი ბელგიაში: ბექა ქავთარაძეს "მუსკრონში" გასინჯავენ

AutoSharing Option
ნოემბერში, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა. უნგრეთში გამართულ ტურნირზე გოჩა ავსაჯანიშვილის გაწვრთნილებმა სლოვაკეთთან წააგეს (3:4), რუმინეთს მოუგეს (3:0), ხოლო მასპინძლებთან 2:2 ითამაშეს. ამ შეხვედრებში თავი ბექა ქავთარაძემაც გამოიჩინა.

35-ე საფეხბურთო სკოლის გაზრდილმა თავდამსხმელმა სამივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, სლოვაკებთან და უნგრეთთან გადამწყვეტ მატჩში კი ანგარიშის გახსნა მოახერხა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა და როგორც შევიტყვეთ, ქავთარაძით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ.

სიახლე საფეხბურთო მენეჯერმა სერგო ქუთათელაძემ გაგვიმხილა:

"უნგრეთში ვიმყოფებოდი, რადგან ჩვენი ნაკრების რამდენიმე მოთამაშე მაინტერესებდა. ბექამ შესარჩევი ციკლი
კარგად ჩაატარა და ბელგიური "მუსკრონის" დირექტორთან რეკომენდაცია გავუწიე, იქ ჩავიყვანე და ახლა დააკვირდებიან. აქ თავი უნდა გამოიჩინოს და იმედია, დატოვებენ.

"მუსკრონი" ბელგიის პროლიგის საკმაოდ ტრადიციული გუნდია. მას ჰყავს ახალი მფლობელი, რომელიც ფეხბურთში დიდი ამბიციებით შემოვიდა".

კომენტარზე არც ქავთარაძე დაგვზარდა:

"35-ე სკოლაში გოჩა ავსაჯანიშვილმა 11 წლისა ჩამომიყვანა ჟინვალიდან. ყველანაირად ხელს მიწყობდა, მისი გაზრდილი ვარ...

ვთამაშობდი 35-ე სკოლის გუნდში, რომელიც მეორე ლიგაში გამოდის. შარშან, 15 წლისამ ვითამაშე და 22 მატჩში 18 გოლი გავიტანე, წლეულს კი 8 თამაშში - 11 ბურთი შევაგდე.

დიდების დონეზე მიღებულმა გამოცდილებამ ნაკრებშიც შემიწყო ხელი, უნგრეთში კი მწვრთნელის ნდობა ჩემთვის დიდი სტიმული იყო და შევეცადე, მისი იმედი გამემართლებინა.

სერგო ქუთათელაძე შესარჩევი ციკლის შემდეგ დამელაპარაკა და გამიხარდა, ევროპაში წასვლის შანსი რომ მომცა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული