არნემის "ვიტესი" თბილისში "საბურთალოს" ფეხბურთელზე დასაკვირვებლად მოდის

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელების გარეშე არნემის "ვიტესის" წარმოდგენა უკვე შეუძლებელია. გუნდის წარმატებაში სოლიდური წვლილი შეაქვთ კაპიტან გურამ კაშიას და ნახევარმცველ ვაკო ყაზაიშვილს. ადვილი შესაძლებელია, მალე არნემულ კლუბში ჩვენებურების რაოდენობა გაიზარდოს...

"ლელოს" მკითხველმა უკვე იცის, რომ "ვიტესის" ერთ-ერთი სამიზნე გორის "დილას" 29 წლის მცველი გიორგი ნავალოვსკია. როგორც "ვიტესის" წარმომადგენელმა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გოგა გახოკიძემ გვითხრა, ჰოლანდიელთა ინტერესი ნავალოვსკის მიმართ კვლავ რეალურია.

ამასთან ერთად, "ვიტესი" მარცხენა მცველის პოზიციაზე ჩილელი და იაპონელი ფეხბურთელების ვარიანტებსაც განიხილავს. მოკლედ, ცოტაც მოვიცადოთ და ნავალოვსკის სავარაუდო ჰოლანდიურ ტრანსფერთან
დაკავშირებით უფრო ბევრი რამ გაირკვევა.

აქვე სულ ცინცხალი ინფორმაცია - ახლო მომავალში "ვიტესის" წარმომადგენლები თბილისში ჩამოსვლას აპირებენ, რათა "საბურთალოს" აღზრდილს, გიორგი ხარაიშვილს დააკვირდნენ.

ხარაიშვილი 19 წლისაა და მის გარეშე უმაღლესლიგელი "საბურთალოს" წარმოდგენა ძალიან რთულია. ის ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილ "საბურთალოში" ყველაზე მეტად სწორედ "ვიტესის" სამიზნე გამოირჩევა.

ხარაიშვილს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ყველგან ლიდერის ტვირთიც უზიდია.

"ხარაიშვილი თავის ასაკში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. მის შესახებ "ვიტესს" ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე. მჯერა, გიორგი გაამართლებს", - გვითხრა გუშინ გახოკიძემ, რომლის მცდელობაც აშკარად დასაფასებელია.

ბევრმა, შეიძლება იფიქროს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის საქართველოდან წასვლა ნაადრევია, მაგრამ ფაქტია - ეროვნული ჩემპიონატი ამ ეტაპზე იმის წინაპირობასაც კი ვერ ქმნის, რომ თუნდაც ახალგაზრდა ფეხბურთელმა თამაშს მოუმატოს.

"ვიტესი" ქართველებისთვის ერთგვარი ფანჯარაა ევროპაში. არნემული კლუბის გავლით ევროპის რომელიმე ტოპ-ჩემპიონატში მოხვედრაც არ არის უტოპია. ასე მაგალითად, ვაკო ყაზაიშვილის გადაბირებით, ვისაც მშვენიერი სეზონი აქვს "ვიტესში", უკვე დაინტერესდა რამდენიმე სოლიდური გუნდი.

შუაგულ ევროპაში ნამდვილი საფეხბურთო გარემოა შექმნილი და ეს ჩვენს მოთამაშეებს აუცილებლად არგებს.

და ერთიც - ქართულ საფეხბურთო კულუარებში ითქვა, "ვიტესს" ჯანო ანანიძის გადაბირებაც უნდაო. როგორც შევიტყვეთ, ეს ტრანსფერი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული