დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში სამი ქართველი ფეხბურთელი დონეცკის "შახტარში" ჩაირიცხება. ეს საინტერესო და ექსკლუზიური ინფორმაცია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ავსაჯანიშვილმა მოგვაწოდა.
უკრაინული გრანდის პოტენციური ახალწვეულები არიან 17-წლამდელთა ნაკრების წევრები - მცველი დიმიტრი ვირუბოვი, ნახევარმცველი კაკი ქიმერიძე და თავდამსხმელი ნუგზარ სპანდერაშვილი, ვისაც ფლანგზეც შეუძლია თამაში.
"ამ ბიჭებით დონეცკის "შახტარია" დაინტერესებული. როგორც ვიცი, უკვე იყო მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს, როდის გაემგზავრებიან ჩვენი ფეხბურთელები უკრაინაში", - გვითხრა ავსაჯანიშვილმა, ვისაც "შახტარის" სამიზნეების დახასიათებაც
"დიმიტრი ვირუბოვი ათლეტური, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ის კარგად მოერგება უკრაინულ ფეხბურთს. კაკი ქიმერიძე ნახევარმცველია და უამრავი კარგი თვისება აქვს. ნუგზარ სპანდერაშვილი კი თავდამსხმელია, თუმცა უნგრულ შესარჩევ ციკლში ფლანგზე გადავწიეთ და იქაც საუკეთესო იყო", - გვეუბნება ავსაჯანიშვილი.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა. უკრაინელთა ინტერესზე უკვე ვთქვით და ახლა სხვაგანაც გავიხედოთ.
"ინტერესი არის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების სხვა ფეხბურთელების მიმართაც. თქვენ უკვე გეწერათ, რომ პოლონეთის "იაგელონიაში" გააგრძელებს კარიერას ჩვენი გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი. ასევე პოლონეთშია ლუკა ასათიანი. ჩვენი გუნდის კიდევ ერთ ფეხბურთელს, ბარაბაძეს საფრანგეთიდან აქვს სერიოზული შეთავაზება. ბექა ქავთარაძე ბელგიაშია და მისი თამაშით იქ ყველა კმაყოფილია", - გვითხრა ავსაჯანიშვილმა.
რაღა შეხსენება გჭირდებათ, მაგრამ მაინც - "შახტარში" ჩვენებური გიორგი არაბიძე თამაშობს. 17 წლის შემტევმა ნახევარმცველმა უკრაინელებს თავი ისე მოაწონა, რომ უკვე ძირითადი გუნდის შემადგენლობაშიც ითამაშა.
სავარაუდოდ, არაბიძის კარგმა თამაშმა "შახტარის" ხელმძღვანელობას ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის კარის ფართოდ გაღება აფიქრებინა. ეს ძალიან კარგია. კარგია ისიც, თუ უკრაინული კლუბის ვექტორი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ბრაზილიისაკენ იყო მიმართული, გარკვეულ სეგმენტში ქართულით შეიცვლება.
ფაქტია, უკრაინელები ეძებენ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომელთაც კონკრეტულ მომენტში იაფად ჩაიგდებენ ხელში და მერე ძვირად გაყიდიან. რა დონეზე თამაშობენ უკრაინულ კლუბში მომზადებული ბრაზილიელები, ამას დღეს ყველა ერთად ვხედავთ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძის გარდა, ქართველ ფეხბურთელთაგან "შახტარში" სხვადასხვა დროს გიორგი ჩიხრაძესა და მიხეილ ფოცხვერიას უთამაშიათ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
-აბა თქვენ იცით გაყიდეთ და მერე ამით იამაყეთ.