ამ ნაკრებს შეუძლია 2018 წლის მუნდიალზე მოხვდეს - ექსკლუზივი ჯანო ანანიძესთან

AutoSharing Option
რა ხდება ჯანო ანანაძის თავს? მართალია თუ არა, რომ მოსკოვის "სპარტაკში" მის გაშვებაზე ილაპარაკეს და რამდენად რეალურია, რომ კარიერას ევროპაში გააგრძელებს? რას ფიქრობს ჯანო საქართველოს ნაკრების მომავალზე და როდის დაუბრუნდება მოედანს?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე "ლელომ" 23 წლის ანანიძეს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა.

ცხადია, ჯერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით. შეგახსენებთ, რომ ჯანო საქართველო-შოტლანდიის თბილისური მატჩისას დაშავდა და მას შემდეგ არ უთამაშია. მერე იყო მარცხენა ფეხის კოჭ-წვივის სახსრის ოპერაცია და რეაბლიტაციის პროცესი.

ახლა კი დროა, გადავიდეთ ინტერვიუზე, რომელიც უთუოდ დაგაინტერესებთ.

თამაში მომენატრა
- თქვენთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. როგორც გავიგეთ, ახლა ქობულეთში ისვენებთ...
- სექტემბრის შემდეგ სულ არ ვისვენებ?! შოტლანდიასთან მატჩში ტრავმა რომ მივიღე, მისი მერე ვერ ვთამაშობ... თამაში მომენატრა.

- ბოლოს და ბოლოს, როდის დაუბრუნდებით მოედანს?
- ახლა უკვე კარგად ვარ, ხელჯოხი გადავაგდე, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში განვაახლე და მალე ტრენაჟორებსა და აუზზე ვივარჯიშებ. მერე უკვე საერთო ჯგუფს შევუერთდები და შეკრებაზეც წავალ.

ვიტესში ჟორდანია მიწვევდა
- ყველას გვაინტერესებს, შეკრებაზე რომელ გუნდს წაჰყვები? ახალი წლიდან "სპარტაკში" დარჩებით თუ ევროპაში გიხილავთ? ამაზე ათასგვარი ჭორ-მართალი ვრცელდება. იქნებ, თავად გაგვარკვიოთ, რა ხდება?
- არის რამდენიმე ვარიანტი... სხვათა შორის, ახლა აგენტი აღარ მყავს.

- რამდენად მართალია, თითქოს "ვიტესში" გიწვევენ?
- ჯერ კიდევ მერაბ ჟორდანია იყო ამ კლუბის პრეზიდენტი, როცა იქ თამაში შემომთავაზა. მაგრამ მაშინ "სპარტაკმა" არ გამიშვა. ინტერესი სასიამოვნოა, მაგალითად, "აიაქსი" და "ეინდჰოვენი" რომ ყოფილიყო, დავინტერესდებოდი...

ახლა სხვა წინადადებებიც მაქვს, უფრო მათზე ვფიქრობ და ამ ეტაპზე ჰოლანდიაში გადასვლას გამოვრიცხავ.

გერმანული და ესპანური ვარიანტები
- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, კონტრაქტის გაფორმებას გერმანიის, ესპანეთისა და საბერძნეთის გუნდები გთავაზობენ...
- ვარიანტები ნამდვილად არის. ლაპარაკია გერმანიის პირველი და მეორე ბუნდესლიგის გუნდებზე, მიწვევები მაქვს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ორი კლუბისგანაც. ჯერ ვერაფერს დავაკონკრეტებ, რადგან მოლაპარაკებები არ დასრულებულა. რუსეთში საშემოდგომო ეტაპი მორჩა, ევროპაში კი შესვენება მალე დაიწყება. ასე რომ, ყველაფერი შეკრების შემდეგ გადაწყდება.

- რუსეთში დარჩენას გამორიცხავთ?
- მე გარკვევით ვთქვი, რომ თუ რუსეთში ვითამაშებ, მხოლოდ "სპარტაკში", სხვაგან გადასვლა არ მსურს. ხოლო, თუ "სპარტაკს" დავტოვებ, მხოლოდ ევროპულ კლუბში გადავალ. იქ მირჩევნია...

სპარტაკიდან გაშვებაზე არაფერი თქმულა
- "სპარტაკთან" კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ?
- წელიწად-ნახევრის შემდეგ. სხვათა შორის, ჯერ ისიც არ ვიცი, "სპარტაკი" გამიშვებს თუ არა. ამ გუნდმა 15 წლიდან მიმიღო, გამზარდა, ცხოვრებაში ბევრი რამ შემძინა და უმადურივით ხომ არ მოვიქცევი? ბოლოს და ბოლოს, კონტრაქტი მაქვს და ღამით ხომ არ გამოვიპარები?!

- აბა, რუსული მედია რატომ წერს, 17 ნოემბერს მოსკოვის "სპარტაკის" დირექტორთა საბჭოს კრებაზე ანანიძის გაშვებაზე ილაპარაკესო?
- ბევრი ისეთი რამ იწერება, რაც არ არის მართალი. ჩემთვის, კლუბის ხელმძღვანელებიდან გაშვებაზე არავის არაფერი უთქვამს. ეს ყველაფერი ჭორია.

- როგორ ამჩნევთ, გაგიშვებთ "სპარტაკი"?
- ჯერ ეს არ ვიცი. სანამ ტრავმას მივიღებდი, მანამდე ვგრძნობდი, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი დმიტრი ალენიჩევი მენდობოდა და ამიტომაც მათამაშებდა. რომ იცოდეთ, ძალიან კარგი ადამიანია. მაგრამ მერე ტრავმა მივიღე და ახლა არ ვიცი, თუ რამე შეიცვალა. დავბრუნდები მოსკოვში და ყველაფერს გავარკვევ. წასვლა მინდა, მაგრამ ყველაფერი მაინც "სპარტაკზეა" დამოკიდებული. ჯერ 23 წლის ვარ და მჯერა, ევროპაში თამაშს მოვახერხებ. მინდა, 2016 წელი კარგად ჩავატარო, ისევე, როგორც "როსტოვში".

- თქვენი მაშინდელი პარტნიორი არტიომ ძიუბა რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახდა...
- მისი წინსვლა ძალიან მიხარია. რა დასამალია და, მესიამოვნა, როცა ინტერვიუში თქვა - ჯანოს დამსახურებაა, "როსტოვში" რომ გამოვჩნდიო.

საყრდენობა ძალიან მომწონს
- საკლუბო კარიერა საინტერესოა, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია თქვენი სანაკრებო თამაშები. შეიცვალა მწვრთნელი და მასთან ერთად - ეროვნული გუნდის სათამაშო ტაქტიკაც. კახა ცხადაძის დანიშვნას კიდევ რა ცვლილებები მოჰყვა, რაც გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველია?
- ცვლილება ბევრია და როგორც ვამჩნევ, საკმაოდ მნიშვნელოვანიც. ყველაფერს ვერც ჩამოვთვლი. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ცხადაძე უფრო კომბინაციურ ფეხბურთს გვთხოვს, სადაც თამაშის მსვლელობაში საყრდენებს ძალიან დიდი როლი გვეკისრება.

- შოტლანდიასთან მწვრთნელმა საყრდენ ნახევარმცველად დაგაყენათ, რაც საკმაოდ უჩვეულო გადაწყვეტილება იყო. თუმცა, ამ პოზიციაზე თავი მშვენივრად გამოავლინეთ...
- რატომ იყო უჩვეულო გადაწყვეტილება?

- ოდესმე საყრდენად გითამაშიათ? "სპარტაკშიც" და ნაკრებშიც თავდამსხმელების უკან ან ფლანგზე გაყენებდნენ...
- სხვათა შორის, "სპარტაკში" მისვლის შემდეგ პირველი 5 მატჩი სწორედ საყრდენად ვითამაშე. ასევე იყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც. თუმცა, თქვენიც მესმის, ეს კითხვა რომ გაგიჩნდათ - დიდი ხანია, რაც საყრდენად არ მითამაშია.

- თქვენთვის ეს მისაღები პოზიციაა?
- დიახ, ძალიან მომწონს, რადგან სულ ბურთი მაქვს და შეტევების წამოწყება მევალება. იმიტომაც მომწონს, რომ ჩემ გვერდით ჯაბა კანკავა თამაშობს, რომელიც ძალიან მაგარი ამრთმევია. ასეთი ფეხბურთელის გვერდით მოედანზე ყოფნა დიდი სიამოვნებაა. პირადად მე საყრდენობა ფლანგის ნახევარმცველობას ბევრად მირჩევნია.

უკვე გითხარით, რომ ნაკრების ტაქტიკა შეიცვალა და ეს ძალიან მომწონს, რადგან ბურთი უნდა გათამაშდეს და კარგად განაწილდეს, ჩაკიდებებსა და ბურთის მოშორებას ვერიდებით. ანუ ეს სქემა საყრდენებზეა აწყობილი.

არ შეიძლება, ეს არ მაიმედებდეს
- სამწუხაროდ, წლებია, რაც საქართველოს ნაკრები მაყურებელს ვერ ახარებს. თქვენ გუნდში პერსპექტივას ხედავთ?
- რა თქმა უნდა?! და რომ იცოდეთ, ძალიან დიდ პერსპექტივასაც ვხედავ.

- პერსპექტივა ზოგადი სიტყვაა. რას გულისხმობთ ამაში?
- მჯერა, რომ ჩვენს მოთამაშეებს და ზოგადად გუნდს იმხელა პოტენციალი აქვთ, შესაძლოა, საქართველოს ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდეს.

- საიდან ასეთი ოპტიმიზმი?!
- ეს იმედი კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული თამაშების შემდეგ გამიჩნდა - ესტონეთთან და ალბანეთთან გამართულ ამხანაგურებს არ ვგულისხმობ. გუნდში კარგი პროცესები დაიწყო, ბევრი რამ შეიცვალა და, რაც მთავარია, შიდა სამზარეულოშიც ძალიან კარგი სიტუაციაა. არ შეიძლება, ეს არ მაიმედებდეს, დანარჩენი კი ჩვენზეა დამოკიდებული.

მთავარია, ნაკრების წევრებმა გუნდებში ვითამაშოთ. თუ ასე იქნება, გუნდი პოტენციალს აუცილებლად გამოავლენს. სხვაგვარად, სათამაშო პრაქტიკის არმქონე მოთამაშეებით, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამ ნაკრებით მუნდიალზე? ..........
ჯანო, შენ გაიხარე, რაც მოსაწევს თავი დავანებე (ეს იყო 14 წლის წინ) ამდენი აღარ მიცინია, ისე ყოჩაღ, იუმორი კარგი გქონია..........
ბებე
10:17 18-12-2015
0
დაასაქმეთ ეს ადამიანი (გუჯა კახაძე), დავიჯერო ამდენი ხანი არცერთი გუნდი თუ საფეხბურთო სკოლა არ დაინტერესდა ამ ადამინის მეთოდით ? რა უგუნურება და უგულებლყოფააა, მაინცდამაინც ჯორდანო ბურნოსავიტ ცეცხლზე ხომ არ უნდა დავწვათ და მერე აღმოჩნდეს რომ მისი მეთოდი უნიკალური ყოფილა.
dave
13:07 17-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული