ლაშა დეკანოსიძე: მქონდა ბედნიერება, თვით რაულის გვერდით მევარჯიშა!

AutoSharing Option
ზაფხულში მარტვილის "მერანში" ლამის მთელი შემადგენლობა შეიცვალა და გუნდიდან წასულთა შორის მარცხენა მცველი ლაშა დეკანოსიძეც მოხვდა.

რაც უნდა უცნაური იყოს, მარტვილური კლუბის შემდეგ, ის ახლა ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბ ნიუ იორკის "კოსმოსში" ვარჯიშობს...

"2014-15 წლების სეზონი მარტვილში დავასრულე და ამერიკაში მეგობრის, დათო ნინოშვილის დახმარებით მოვხვდი. ის ამერიკაში საქმიანობს და კავშირები აქვს. ნიუ იორკში ივლისში ჩამოვედი და მას შემდეგ აქ ვვარჯიშობ.

სანამ დათო ჩემს ამბავს გაარკვევდა, ფორმის შესანარჩუნებლად პენსილვანიის "ჰარისბურგში" ვიყავი, რომელიც, ჩვენებურად რომ ვთქვათ, რეგიონული ლიგის გუნდშია. იქ ამხანაგურებს
ვთამაშობდი. ახლა კი ნიუ იორკის "კოსმოსში" ვვარჯიშობ, რომელიც ამერიკის რანგით მეორე ლიგაში, NASL-ში გამოდის.

შესვენება იწყება და გადაწყვეტილებას, კლუბში ჩემი ჩარიცხვის შესახებ, იანვარში მიიღებენ, როცა მოსამზადებელი ეტაპი დაიწყება. მენეჯერის ინფორმაციით, კონტრაქტს გავაფორმებ, რადგან მწვრთნელ ჯოვანი სავარეზეს მოვწონვარ", - ამბობს ლაშა დეკანოსიძე.

28 წლის ფეხბურთელს გულშემატკივრები კარგად არ იცნობენ. არადა, მის კარიერაში სხვა საინტერესო ფაქტებიც იყო: 1987 წელს დაბადებული მცველი "ნორჩ დინამოში" ზორბეგ ებრალიძესთან ვარჯიშობდა. მასთან ერთად გაიზარდნენ გურამ კაშია, უჩა ლობჟანიძე, ჯაბა ლიპარტია, ზურაბ არზიანი, სანდრო კობახიძე...

"2011 წელს, პირველი ლიგის "ნორჩი დინამოელიდან" ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ბორისოვოს ბატე-ში მიმიწვიეს, გამსინჯეს და კონტრაქტი გამიფორმეს. მერე გუნდის სალიგო განაცხადშიც შემიყვანეს, მაგრამ ქართულ მხარესთან ფინანსური შეუთანხმებლობის გამო, ბელარუსული გუნდის დატოვებამ მომიწია.

მერე და მერე კარიერა ვერ ამეწყო ისე, როგორც მსურდა. ვითამაშე "ცხინვალში", ისევ ბელარუსში - ჟოდინოს "ტორპედოში", ფინეთის II ლიგის "ჰაკასა" და "ორპაში", ბოლოს კი მარტვილის "მერანში" ვიყავი...

საერთოდ, კონფლიქტური არ ვარ და ბიჭებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა თითქმის ვერსად ამეწყო. სიმართლის თქმა მიყვარს და ამის გამო, უსიამოვნებები ხშირად მომდიოდა".

დეკანოსიძე იმედოვნებს, რომ ამერიკაში დამკვიდრდება:

"ეს კლუბი ჩემთვის არის შანსი, დიდი ფეხბურთი ვითამაშო. კარგად ვიცი, რომ ადამიანი სულით არასოდეს უნდა დაეცეს. ასეც რომ მოგივიდეს, მაინც უნდა ადგე და მეც იმის იმედი მასულდგმულებდა, რომ თამაში შემეძლო.

ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ მოვხვდებოდი გუნდში, სადაც ცნობილ ევროპელ ფეხბურთელებს უთამაშიათ და ახლაც თამაშობენ. ახლა გუნდშია ბრაზილიელი როვერსიო, რომელიც "ბეტისის" ყოფილი მოთამაშეა. ამას გარდა, ის "სელტაში", "ლივორნოსა" და "რეინჯერსშიც" გამოდიოდა".

დეკანოსიძე "კოსმოსის" ამბიციებზე გველაპარაკა:

"ეს ამერიკაში ერთ-ერთი პირველი კლუბია, სადაც თამაშობდნენ პელე, ბეკენბაუერი, კარლოს ალბერტო, ნეესკენსი... ერთი ხანობა, კლუბმა არსებობა შეწყვიტა, მაგრამ 2010 წელს პელემ მისი აღდგენა გამოაცხადა და "კოსმოსის" ახალი ეპოქა დაიწყო. ახლა გუნდი NASL-ში პირველ ადგილზეა და ხელმძღვანელობა მეიჯორ ლიგაში (MLS) დაბრუნებას იმედოვნებს.

კლუბს კერძო პატრონი ჰყავს, რომელმაც ესპანეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი რაული გუნდის რეკლამირებისა და პრესტიჟისთვის ჩამოიყვანა. მაგრამ ფინანსურად გამორჩეულები არ არიან, მოთამაშეებს, ძირითადად, 3-4 ათასი დოლარი აქვთ ხელფასი, რაც ამერიკის კვალობაზე ძალიან დაბალი გასამრჯელოა. ამიტომ, ახალ სპონსორს ეძებენ.

რაც ვიცი, უკვე მონახეს და ახლა ეძებენ ისეთ ვარსკვლავს, რომელიც რაულის როლს შეასრულებს და "კოსმოსს" პრესტიჟულს გახდის. ასეთ გუნდს ხომ სპონსორებიც ეტანებიან, ტელევიზიებიც და მაყურებელიც ტრიბუნებს ავსებს".

დეკანოსიძე ესპანური ფეხბურთის ლეგენდაზეც გველაპარაკა:

"რაული "კოსმოსში" ბოლო ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. როგორც ვიცი, ნიუ იორკი მოსწონდა მის მეუღლეს და აქ უნდოდა დასახლება... მქონდა ბედნიერება, რამდენჯერმე მასთან ერთად მევარჯიშა. სამწუხაროდ, ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ლიდერმა მერე კარიერა დაასრულა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული