ჯანო ანანიძე - "ბარსადან" "ლევანტემდე"
"ჯერ კიდევ ბავშვი ის "ბარსელონასა" და "ბაიერნს" სურდათ. მისით აღფრთოვანებული იყო ეგორ ტიტოვი, რომელიც ჩერჩესოვის მიერ დუბლებში იყო გადასროლილი იმ დროს - ტიტოვი ვერაფრით იჯერებდა, რომ მისი ახალი თანაგუნდელი მხოლოდ 15 წლის იყო. იგი გახდა რუსეთის ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი - 17 წლისა და ერთი კვირის ასაკში.
და რუსეთში ძალიან ბევრი ნანობდა, რომ ნატურალიზაციის ასეთი დიდებული შანსი ხელიდან იქნა გაშვებული.
ახლა კი ამბობენ, რომ მისით "ლევანტეა" დაინტერესებული. სატრანსფერო სპეკულაციები დროში ძალიან კარგად მეტყველებს ფეხბურთელის საფეხბურთო ბედზე. თავიდან მას კატალონიურ მონსტრს უკავშირებდნენ, ახლა კი პრიმერას უკანასკნელ გუნდს.
აქციების ასეთი ვარდნა ახსნას ითხოვს...
ფაქტურა
ახლა ჯანო ანანიძე 23 წლისაა, მაგრამ მთელი თავისი ანთროპომეტრიით რჩება მოზარდად - 170 სმ სიმაღლისა და 61 კგ. ასეთი "ჰაეროვანი" ფეხბურთელი "სპარტაკში" მეტი არაა, ლიგაშიც არ ვიცით, მოიძებნება თუ არა. რა თქმა უნდა, ჯანოს პლუსი თავია და არა კუნთები, მაგრამ კონტექსტის მთლიანად იგნორირება არ შეიძლება. თანამედროვე ფეხბურთში მარტო კი არ უნდა ითამაშო, უნდა იბრძოლო კიდეც.
ყველაზე შემქნელ ფეხბურთელსაც სჭირდება ჩამშლელის ფუნქციები. ბრძოლაში კი ფიზიკა ერთვება, სიჩქარე, მასა... აი, მასასთან დაკავშირებით პრობლემაა.
იყო დრო, რომ მას ალექსის შემცვლელად განიხილავდნენ, ანუ მოედნის ცენტრში. მერე მან ფლანგზე გადაინაცვლა, სადაც უფრო ნაკლებია შანსი ფიზიკურად ძლიერ ჩამშლელებთან კონტაქტის.
საერთოდაც, ზრდის გაჭიანურებულ პროცესში მხოლოდ ფიზიკური ზრდა არ გვიგულისხმია. გაიხსენეთ, შარშან ჯანო არ გაჰყვა გუნდს რუსეთის თასზე ციმბირში.
ჯანმრთელობა
შეიძლება ეს წინა პრობლემის გაგრძელებაა, ან არა. ფაქტია - ჯანო ძალიან ხშირად იღებს ტრავმებს, ხშირად ვხვდებით მედიაში ფრაზას - "ანანიძე ძირითად ჯგუფთან სავარჯიშოდ დაბრუნდა". ყველაზე მტკივნეული ტერფია - ჯანო ქრონიკულად შეაწუხა ტერფებმა, ახლა ოპერაციაც დასჭირდა. რამდენიმე წლის წინათ იყო მუხლის ოპერაციაც.
დიახ, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ტრავმები პროზაა, მაგრამ ეს ძალიან მომაბეზრებელი უნდა იყოს იმისთვის, ვინც პოეტობაზე აცხადებს პრეტენზიას.
კლუბი
2013/14 წლების სეზონი, რომელიც ჯანომ "როსტოვში" იჯარით გაატარა, მის კარიერაში საუკეთესო იყო. ჯერ ერთი, დონისპირელებთან მას ისეთი ნდობა ჰქონდა მწვრთნელის, როგორიც აქამდე არასოდეს განუცდია; მეორეც - არ იყო ისეთი კონკურენცია, როგორიც "სპარტაკშია".დიდი კლუბის მოთხოვნილებებზე მორგება მთელი ხელოვნებაა, ამის გამომუშავება ნებისმიერ ჩემპიონატში შეიძლება, მაგრამ არა რუსეთში.
რაც დრო გადის, უკეთ ჩანს, რომ მუდმივი სტრესის (ზეწოლა, კონკურენცია, ყურადღების ცენტრში ყოფნა) პირობებში, ის ვერ ავლენს საუკეთესო თვისებებს.
"როსტოვიდან" ტრიუმფით დაბრუნებულმა "სპარტაკში" ერთი ჩასათვლელი ბალიც კი ვერ ჩაიწერა აქტივში. თუ ადრე გოლები და საგოლე პასები ყოველთვის იყო, აი, ახლა სეზონ-ნახევარია, ამ მხრივ შიმშილობაა - არც გოლი ჩანს და არც საგოლე პასი.
ჩემპიონატი
რუსეთში მშრალი ფეხბურთია - ჩაკეტილი, მკაცრი. ამას ყველა აღნიშნავს, ვისაც რუსეთის ჩემპიონატში უთამაშია. სხვა ლიგებში, განსაკუთრებით, ესპანეთში, პორტუგალიასა და ჰოლანდიაში, მეტი თავისუფალი ზონაა. იქ შემტევი ტიპის ფეხბურთელებს მეტი გასაქანი ეძლევათ. გოლებიც მეტი გადის.ამიტომ ალბათ, არ არის გასაკვირი, რომ ყველაზე შედეგიანი ანანიძე "როსტოვში" იყო (3 გოლი, 9 საგოლე პასი). "როსტოვის" წინააღმდეგ ისე არ "იკეტებიან", როგორც "სპარტაკის".
თუკი ჯანოს ლიგას სწორად შეურჩევენ, ეს სტატისტიკა მისთვის ნორმა გახდება. სადაც გოლებია, იქ მეტი თვითრწმენაა. სადაც თვითრწმენაა, იქ ნაკლები საფრთხეა სხვადასხვა გარემოებასთან დაკავშირებით.
შეუძლებლად სულაც არ გვეჩვენება, რომ მისი კარიერის რეამინირება საფეხბურთო კომფორტმა მოიტანოს - კარიერისა, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინათ ასე იმედისმომცემი იყო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"