ლაშა დვალი: "დუისბურგიდან" წასვლა მინდა!

AutoSharing Option
20 წლის ლაშა დვალისთვის 2015 წელი მნიშვნელოვანი იყო. ახალგაზრდა მცველმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და თავი კარგი თამაშითაც დაგვამახსოვრა, განსაკუთრებით - გერმანიასთან თბილისურ დაპირისპირებაში...

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დვალმა უკვე რამდენიმე უცხოურ კლუბში მოასწრო თამაში. ის ირიცხებოდა ინგლისურ "რედინგში", უთამაშია ლატვიურ "სკონტოსა" და თურქულ "ქასიმფაშაში".

ახლა დვალი, გიორგი ჭანტურიას დარად, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე "დუისბურგის" ფეხბურთელია. ეგ არის, რომ ნიჭიერ უკანახაზელს ძალიან იშვიათად უწევს თამაში აუტსაიდერ გუნდში.

დვალს გერმანიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ...

- როგორ შეაფასებდით თქვენთვის 2015 წელს?

- მიმდინარე წელი ჩემთვის კარგი და გამოსარჩევი იყო იმ მხრივ, რომ სწორედ ამ წელს შედგა ჩემი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

შემდეგ ცოტა უცნაური რაღაცები მოხდა. წამოვედი "დუისბურგში". მეუბნებოდნენ - გელოდებიან, ძირითადში რომ ითამაშოო. ოთხ-ხუთ ტურში მწვრთნელი შეიცვალა. ამის შემდეგ ვარ აქ და ველოდები კონტრაქტის გაწყვეტას. დიახ, მინდა, "დუისბურგთან" კონტრაქტი გავწყვიტო. ეს ჩემთვისაც უკეთესი იქნება და გუნდისთვისაც...

კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - კონტრაქტში მიწერია, რომ თუ გუნდი მესამე ლიგაში გავარდება, ხელშეკრულება ავტომატურად უქმდება. ასე რომ, ან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში უნდა შემომთავაზონ რამე, ან თავისუფალი აგენტი გავხდები.

- რას იტყვით "დუისბურგზე"? როგორი ატმოსფეროა კლუბში?
- კარგი გუნდია, ტიპური გერმანული გუნდი. მწვრთნელი თითქმის ყველა ვარჯიშის შემდეგ მელაპარაკება. მეუბნება, მომწონხარო, მომწონს შენი სტილიო... ამბობს, ყველაფერი კარგად იქნებაო. არადა, მოდის კვირის ბოლო და... ისევ არ ვთამაშობ. ეს არის მიზეზი, რის გამოც მინდა "დუისბურგთან" კონტრაქტის გაწყვეტა. ვფიქრობ, ზამთრიდან თავისუფალი აგენტი ვიქნები.

- რა შეიცვალა გუნდში ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ?
- არაფერი შეცვლილა. ისევ ვაგებთ და ისევ ყველაზე მეტი ბურთი გვაქვს გაშვებული ჩემპიონატში. ამისდა მიუხედავად, შანსიც კი არ მეძლევა. როგორც გითხარით, მწვრთნელი ყოველდღე მელაპარაკება, მაგრამ მარტო ლაპარაკი საქმეს არ შველის...

- როგორ იხსენებთ გერმანიის ნაკრებთან თბილისურ შეხვედრას, რომელშიც თავი შესანიშნავად წარმოაჩინეთ?
- სიმართლე გითხრათ, არ მინდა გერმანიასთან მატჩზე ლაპარაკი. მინდა, რომ უკეთესი მატჩები ჩავატარო და ამ ერთი თამაშით დაკმაყოფილება არასოდეს მიფიქრია. თავდაუზოგავი შრომით და ღმერთის წყალობით მოვა დრო, როცა არა მარტო გერმანიასთან მატჩი, არამედ სხვა ბევრი კარგი თამაშიც მექნება გასახსენებელი. აი, მაშინ შეგიძლიათ მკითხოთ საუკეთესო მატჩების შესახებ.

- ახალგაზრდულ ნაკრებზეც გვითხარით. ურთულესი ჯგუფის მიუხედავად, ცოტა უკეთესი შედეგის იმედი გვქონდა...
- ახალგაზრდულ ნაკრებს რაც შეეხება, არცერთ ფეხბურთელს და არცერთ მწვრთნელს ძალა არ დაუშურებია იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი გვქონოდა, თუმცა... ეტყობა, ყველამ რაღაც დავაკელით და ამიტომაც გვაქვს უარყოფითი შედეგი.

აქვე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჯგუფის სიძლიერეც - ესპანეთი, ხორვატია, შვედეთი...

- როგორია თქვენი თვალით შიგნიდან დანახული გერმანული ფეხბურთი?
- გერმანიაცა და გერმანული ფეხბურთიც ისეთია, როგორსაც ველოდი. პროფესიონალიზმის, ძალისმიერი ფეხბურთის მოყვარული ხალხია. წინ და უკან სირბილია, შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა ტექნიკას, ნიჭს... ამის მიუხედავად, რომ გითხრათ, ვარჯიშებზე გამიჭირდა და ვერ შევეგუე-მეთქი, ასე ნამდვილად არ ყოფილა. ვარჯიშის მხრივ ყველაფერი კარგად მიდის. უბრალოდ, თამაშის შანსი არ მეძლევა და ეს არის ჩემთვის მთავარი პრობლემა.

- და როგორია ლაშა დვალის საახალწლო სურვილები?
- ყველა ქართველს, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ, საქართველოს ნაკრებს კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
90 წუთს უძლებს თუ არა ეგ მაგით არ განისაზღვრება რამდენი ხანი ათამშეს, ეგ მოწმდება სპეციალური ტესტებით. ასევე სრულიად შეუსაბამო შედარებაა სკონტოში და ახალგაზრდულ ნაკრებში რომ უძლებდა 90 წუთს და გერმანიაშ რატომ ვერ გაუზლებსო, სულ სხვა დატვირთვა მოდის დროის ერთიდაიგივე პერიოდზე. თან სტატი იყო გერმანელების რომ ფიზიკურად მზად არ არისო, და ეს შემოწმებლული ტესტებით და არა იმით რომ არ ათამაშეს და საიდან იციან.
fsf-s
17:03 21-12-2015
0
ფიზიკურად უნდა გაძლიერდეს
vova
14:00 21-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული